Eclectik Space-ის პირველ ივენთზე 6 ქართველი არტისტი დაუკრავს: Pasha, Gio Shengelia, Autumn Tree, Yanamaste, Papuna, Hemp Hops (Ultraviolet Radiation) სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები არიან: გიო შენგელიას მსმენელი უკვე 10 წელზე მეტია უსმენს, ლეონ ლოლიშვილის პროექტი Autumn Tree ჰარმონიული და თბილი ჟღერადობით გამოირჩევა, Pasha სცენაზე ვინილებით წარდგება, კლუბ ხიდის რეზიდენტი Yanamaste დღევანდელი სცენის ტრენდული ფიგურაა, Hemp Hops კი ქართველი მსმენელისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია,-მუსიკოსების სია ზუსტად ასახავს Eclectik-ის კონცეფციას - საკუთარ სივრცეში გააერთიანოს ერთმანეთისგან განსხვავებული არტისტები და სტუმრები.
“ტერიტორიაზე მოსახვედრად მსმენელს შორს წასვლა არ მოუწევს, სივრცე არაა დიდი, რაც სტუმრების რაოდენობას ამცირებს და სიმყუდროვის შეგრძნებას ზრდის, აქ ჩვენ საშუალება გვაქვს შევქმნათ უშუალო გარემო მათთვის, ვისაც გართობა და ბუნებაში ყოფნა კომფორტულ პირობებში უყვარს”,-ამბობს ფესტივალის დამფუძნებლები მარიტა ჭანტურია და რომა ცირეკიძე.
ფესტივალის ტერიტორიის მოხატვაზე სთრით არტისტი გაგოშა იზრუნებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰამაკებითა და კარვებით მოწყობილ დასასვენებელ ზონას, საკვებ სივრცეს და გადახურვას წვიმის თუ მზისგან. 7 აგვისტოს 23 საათზე დაწყებული ღონისძიება მთელი ღამე და მომდევნო დღე გაგრძელდება.
ღონისძიება სახელმწიფო რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება, რის გამოც ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, მოსულ სტუმრებს მოუწევთ ტემპერატურის შემოწმება, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და რიგში დგომისას 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.