გრიგოლ ორბელიანის უშვილძიროდ გადაგების მიზეზები და სამარეში წაღებული სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

16 იანვარი 14:00, 2016 წელი

ქართველი რომანტიკოსი პოეტისა და სამხედრო მოღვაწის გრიგოლ ორბელიანის გარდაცვალებით შეწყდა სამეფო ოჯახთან ნათესაურ კავშირში მყოფი ორბელიანების ბრწყინვალე შტო, რადგან მარტოსული და უცოლოდ დარჩენილი პოეტი უშვილძიროდ წავიდა ამ ქვეყნიდან.


თანამედროვეთა და ბიოგრაფების მოგონებებიდან ჩანს, რომ გრიგოლი მეგობრების მოყვარული ადამიანი იყო. ზაფხულობით ის კოჯორში ან ტაბახმელაში ჩადიოდა, სადაც ახლობლებსა და ნათესავებს ეპატიჟებოდა. გრიგოლის მეგობართა შორის ყოფილან ანტონ ორბელიანი, დავით ყორღანაშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, მანანა და ყაფლან ორბელიანები და იმდროინდელი არისტოკრატიის სხვა ცნობილი წარმომადგენლები.
გრიგოლი უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე ყოფილა ალექსანდრე ჭავჭავაძის მშვენიერი ასულებისა ეკატერინესი და ნინოსი, თუმცა ამ უკანასკნელთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებდა.
თავის მოგონებებში იონა მეუნარგია წერდა, რომ გრიგოლ ორბელიანი საუბრის განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული:
„ვისაც არ უნახავს გრიგოლ ორბელიანი დამშვიდებით, ტკბილად მოსაუბრე ნაცნობ მეგობართა შორის, ის თავის დღეში ვერ შეადგენს პოეტზე დაახლოებულ აზრსაც. მარტო იმის ახლო, იმასთან ლაპარაკის დროს, როდესაც ის თავის მოსაუბრეს მადლიანად შეხედავდა და გულიდან გადმოფენილს ნათელში გაახვევდა, რწმუნდებოდა კაცი, რა გამოულეველი, წმინდა, მოკამკამე წყარო იყო ეს კაცი კეთილგონიერებისა და მაღალი გრძნობებისა. არც ერთი საგანი, არც ერთი კითხვა არ იყო კავკასიაში, რომელზეც მას არ შეძლებოდა ლაპარაკი. არც ერთი კაცობრიობის გონების მაღელვებელი საკითხი არ იყო, რომელზეც იმას არ შეედგინა თავისი ქართული, აღმოსავლეთის ქრისტიანის აზრი“.

რომანტიკოსი პოეტის უიღბლო სიყვარულსა და უშვილძიროდ დარჩენის მიზეზებზე მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად მთვარელიძე გვესაუბრა:
- გრიგოლ ორბელიანი 14 წლის იყო, როცა მშობლებმა 3 წლის სოფიო ორბელიანზე დაწინდეს, რაც დანიშვნას ნიშნავდა. მოგვარეზე დაქორწინება, თუ ისინი სისხლით ნათესავები არ იყვნენ, მიღებული გახლდათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გრიგოლისა და სოფიოს სამომავლო ცხოვრება განისაზღვრა, მაგრამ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა - გრიგოლს ნინო ჭავჭავაძე შეუყვარდა. „საამო არს საჭვრეტელად, ოდეს ნინას ვარდი ეპყრას, მაგრამ ვინ ჰსცნას ვინა ჰსუნავს ნინა ვარდს თუ ვარდი ნინას“.
ნინო ჭავჭავაძეს იმდროინდელი ქართველი და არაქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ეტრფოდა, ნინო არაერთი ცნობილი პოეტის შემოქმედებით მუზადაც იქცა, თუმცა 16 წლის მზეთუნახავის გულის მონადირება მხოლოდ მასზე 17 წლით უფროსმა რუსმა პოეტმა ალექსანდრე გრიბოედოვმა შეძლო. 


ნინო ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა გრიგოლი, მაგრამ მხოლოდ როგორც მეგობარი.
ნინოს გათხოვება გრიგოლ ორბელიანისთვის დიდი სულიერი დარტყმა აღმოჩნდა და თავისი ტკივილიანი განწყობილება ლექსით გამოხატა:
„ახ, მეც ვიყავ ბედნიერი, მეც მიყვარდა, მეც ვტკბებოდი. / ჰე დღეო სიხარულისა, ესე მსწრაფლად რად წახვედი?“ 
რასაკვირველია, გრიგოლის არსებაში ნინოსადმი ტრფობა არასოდეს განელებულა, მაგრამ ის უკვე მიუწვდომელ სიყვარულად იქცა. ცნობილია, რომ ნინოს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1829 წელს ალექსანდრე გრიბოედოვი თეირანში მოკლეს და ნინო 16 წლის ასაკში დაქვრივდა. მისი ბიოგრაფები, მათ შორის უცხოელები, წერდნენ, რომ ახალი ქორწინების რამდენიმე შესაძლებლობის მიუხედავად, ნინო ალექსანდრეს ასულმა არ უღალატა თავის პირველ სიყვარულს. რასაკვირველია, ნინოს, რომელსაც უამრავი ადამიანი და, მათ შორის, გრიგოლ ორბელიანი ეტრფოდა, შეეძლო, თავიდან დაეწყო ცხოვრება, მაგრამ მან ერთხელ მიცემული აღთქმა არ გატეხა და გრიბოედოვის სიყვარულის ერთგული დარჩა.


1829 წელს დაწერილ ლექსში „მტირალ ნინოს“ გრიგოლ ორბელიანი სამარესთან დამხობილი ღვთაებრივი სილამაზის მქონე ქალის ტკივილიან განწყობილებას ასახავს:
„თუ ტურფანი თვალნი შენნი/ ცრემლთ აფრქვევენ მწუხარებით, / სულისა შენის ტანჯვანი / არ არს უკეთუ ოცნებით,/  მაშ მოვედ, მნათობო! ჩემს გულზეც? შეწუხებულის შვენებით, / ნაცვლად შენსა მე ვიკვნესო / შენის ჭმუნვისა მიღებით“.


უკვე 1830 წელს დაწერილ ლექსში „ნ..დმი“ გრიგოლ ორბელიანი წერს:
მრავალგზის ვფუცავ გივიწყო და ვჰქმნაცა ნება გონების;/  მაგრამ რომ გხედავ, გონების რჩევა სრულიად არ მესმის.../ გული ხელმწიფებს და უფრო უძლიერესად შენ გეტრფის,/ და გულის მონად შექმნილი გონებაც შენდა მოჰფრინვის“. 
თითქოს გრიგოლი შეეგუა, რომ ნინო მისი არასოდეს გახდებოდა, თუმცა მისი დაქვრივების შემდგომ, როგორც ჩანს, მცირეოდენი იმედი მიეცა და მასში სიყვარულის ახალმა ტალღამ იფეთქა.
გრიგოლ ორბელიანის ლექსებიდან ჩანს, რომ ის თავს ებრძვის და ცდილობს, დაივიწყოს, მაგრამ საკუთარი გულისთქმის წინაშე უძლურია. შემდგომ ლექსებში ჩანს სიყვარულის დამცველის ერთგვარი ფიცი, რომელიც გრიგოლ ორბელიანმა აღასრულა - ისე დაბერდა და გარდაიცვალა, რომ თავისი სიყვარულის ერთგული დარჩა.


რა ბედი ეწია გრიგოლ ორბელიანზე დანიშნულ პატარა სოფიოს?
ნინოს გათხოვებისა და დაქვრივების შემდეგ, სულიერ ჭიდილში მყოფმა გრიგოლ ორბელიანმა აკვანში დანიშნული სატრფო გაიხსენა და აღმოაჩინა, რომ ის პატარა გოგონა მშვენიერ ქალიშვილად იქცა. ხანგრძლივი და უიღბლო სიყვარულის შემდეგ 31 წლის პოეტმა სცადა თავისი განცდების 20 წლის სოფიოზე გადატანა. ის უკვე მთლიანად სოფიოსკენ გადაიხარა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოს დატოვება მოუწია - მას, როგორც სამხედრო პირს, საქართველოდან ნოვგოროდში ჯარისკაცების ჩაყვანა დაავალეს. პოეტს ძალიან ეძნელებოდა ახლობლებთან განშორება, მაგრამ ვალდებულებას ვერ გაექცა და 1831 წელს საქართველო გულდაწყვეტილმა დატოვა.
„მარგალიტ-ცრემლნი ცრემლთა ჰსდევს ნიშნად ჭმუნვისა შენს ღაწვთზე... / სატრფოვ! გშორდები და სიტყვა ვერ მიპოვნია სათქმელად“.
გრიგოლ ორბელიანს რუსეთში სოფიოზე ფიქრისთვის ბევრი დრო ჰქონდა. ახალგაზრდა ქალმა თითქოს ახალი სხივი შეიტანა პოეტის არსებობაში. გრიგოლი ჩქარობს სამშობლოში დაბრუნებას, რადგან იცის, რომ საცოლე ელოდება. თავისი უფროსობის წინაშე წერს პატაკებს, რომ დაითხოვონ და სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცენ. მარიამ დედოფლისთვის მიწერილ წერილში გრიგოლი წერს:
„მე კი დედოფალო რიგაში დავრჩი, ჩემი სოფიკო თავრიზშია. როდის უნდა შევხვდეთ? თმებიც უფრო მითეთრდება უმეტეს და უმეტეს. ვაი, ვაი. ესეც არამცირედ მაწუხებს. ძნელია დედოფალო სახით და გულით უდროოდ დაბერება და ამისთვის მეშინიან. ვაი თუ ბოლოს ქოქოლა მომაყაროს და მითხრას მეხი კი დაგეცესო“.


მარიამ დედოფლისთვის მიწერილ მეორე წერილში გრიგოლი წერს:  
„ჩემი სოფიკო გაზაფხულს წამოვა პეტერბურგს და მისი დედით და მგონია, მამინაცვლით და მაშინ ვიხილავ თუ რარიგად გააბრწყინვალებს პეტერბურგს თავის სილამაზით და მერცხლის თვალებით, მაგრამ მეშინიან კი ძალიან. ვაი თუ მანდ გამიფრინდეს საუკუნოდ და ამდენი წლის იმედები ერთ წამს გამიქარვოს. წყეული გვარდიის აფიცრები ამ შემთხვევაში ძალიან საშიშები არიან“.


სამწუხაროდ, გრიგოლს წინასწარმეტყველება აუხდა და მალე თბილისიდან მანანა ორბელიანმა შეატყობინა, შენი საყვარელი სოფიო გაგითხოვდაო.
რასაკვირველია, გრიგოლი ძალიან დააღონა კიდევ ერთმა იმედგაცრუებამ.
1836 წელს ის მარიამ დედოფალს გულდაწყვეტილი წერდა:
„ვაპირებ საქართველოში წასვლას, მაგრამ სოფიო გამითხოვდა. გვარად ბეზაკმა შეირთო, რომელიც არის პრავიტელი კანცელარიისა. მეც ვანუგეშებ ჩემს თავს მით, რომ არა მარტო მე ვარ ამ სოფელში მოტყუებული“.
გრიგოლ ორბელიანი საცოლეს ცრემლიანი სტრიქონებით დაემშვიდობა:
„მე განშორებულს, სვე გამწარებულს / მაშინ გონებით თუ დამივიწყებ / რა შევინანებ, ოღონდ კი შენს გულს ზოგჯერ გახსოვდე ჩემდამო ერთგულს“.


გახდა თუ არა სოფიოს გათხოვების მიზეზი ნინო ჭავჭავაძისადმი გრიგოლ ორბელიანის ტრფობა? მკვლევარი აცხადებს, რომ  საეჭვოა, ამ სიყვარულის შესახებ სოფიოს რამე სცოდნოდა, რადგან გრიგოლის ძმამაც არა იცოდა რა:
- ჩემი აზრით, სოფიოს გათხოვების მიზეზი ნინო ჭავჭავაძის მიმართ პოეტის ტრფობა ვერ გახდებოდა. 1835 წლის 12 მარტს გრიგოლის ძმა ზაქარია პოეტს წერდა:
„გეტყვი სწორედ, რომ N გაამწარა ჩემი სიცოცხლე. ბიჭო არა გრცხვენია? რას მატყუებდი? შენ ჩემზე მეტად გყვარებია და ჩემს წინ მალაყებს რად თამაშობდი? ახლა შენ დაგრჩა ბურთი და მოედანი“.
ამ ბარათიდან ჩანს, რომ ნინო ჭავჭავაძის მიმართ გრიგოლის ტრფობაზე მისმა ძმამაც არაფერი იცოდა და საეჭვოა, სოფიო ორბელიანს სცოდნოდა რამე. 



1855 წლის 22 ივნისს ნინო წერილით ეხმიანება გრიგოლს, რომელშიც  ხაზგასმულია დაძმურიდამოკიდებულება პოეტის მიმართ:
თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ უსაკუთრეს ძმაო, კნიაზ გრიგოლ, რომ ჩემთვისაც ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი ლაზათიანი წიგნის მიღება. გთხოვთ უძვირფასესო ძმაო, თქვენის მშვიდობიანის აზრით, ასიამოვნებდეთ მარადის თქვენს პატივისმცემელს ნინა გრიბოედოვისას“.

1856
წელს 46 წლის ნინო ჭავჭავაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ამბავი ელვის სისწრაფით მოედო საქართველოს და რუსეთის იმპერიასაც, ვინაიდან იმდროინდელი პრესა ამაზე წერდა.
რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანს, ასაკის მატებასთან ერთად, მას თანდათან შემოეცალნენ მეგობრები, სანაცვლოდ, იმატა დარდმა. გრიგოლ ორბელიანს მტკიცედ სწამდა, რომ უსიყვარულოდ ადამიანის ცხოვრება შეუძლებელია, რაც მის ყველა ნაწარმოებში, თვით უსათაურო ლექსებშიც კი ჩანს:
რა უნდა აქვნდეს სულსა უკვდავითუ მასში განჰქრეს კვლავ სიყვარული“.

შესაძლოა, სოფიოს მიმართ პოეტს დიდი სიყვარული არ ამოძრავებდა, მაგრამ განწყობა, რომ ოჯახს შექმნიდა და ბედნიერი იქნებოდა, ძალიან დიდი იყოსაბოლოოდ, იმედგაცრუებული და მარტოსული პოეტი 1883 წელს აღესრულა და თან წაიყოლა თავისი სევდიანი სიყვარული.
თბილისს არ უნახავს ისეთი დიდებული დაკრძალვა, როგორიც გრიგოლ ორბელიანს ჰქონდა.
ის ქაშუეთის ტაძარში დაკრძალეს.


და ბოლოს, წერილს გრიგოლ ორბელიანის ლექსით დავასრულებთ:
უსიხარულოდ, / უსიყვარულოდ /რა სანატრელ არს სიმრავლე დღეთა? / მაშ რამ გვახაროს, / რამ გვანუგეშოს, / ან ჭმუნვის ცრემლი ვინა მოგვხოცოს, / თუ სიყვარული, / ზე-გარდმო მადლი, / ღვთისა კურთხევად არ მოგვევლინოს!“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?