„უარყოფითი გამოხმაურება ჩემთვის უფრო მეტად სიანტერესოა, ვიდრე დადებითი“

ამბები

21 მარტი 19:52, 2018 წელი

ანტვერპენული საუბარი კომპოზიტორ გია ყანჩელთან, რომელიც ამ ქალაქში ჯერ კიდევ 1995 წელს სამეფო სიმფონიური ორკესტრის მიწვევით გადავიდა საცხოვრებლად, ორი დღე გაგრძელდა - მცირე შესვენებებით ძილისთვის, მშვენიერი სამზარეულოს დაგემოვნებისთვის და მუსიკის მოსასმენად...

ეს არ არის ინტერვიუ ყანჩელთან, როგორც კომპოზიტორთან, არამედ ეს არის საუბარი ადამიანთან, რომელსაც საკუთარი ქმნილებები ბევრ რამეზე საუბრის უფლებას ანიჭებს, მათ შორის: ინტუიციაზე და გამოცდილებაზე, რწმენაზე და ცრურწმენაზე, წარსულზე და გარდაუვალზე, საშიშზე და სასაცილოზე, მშობლიურზე და უცხოურზე.  ერთი სიტყვით, ისეთ საკითხებზე, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანი მხოლოდ მაშინ ხდება, თუ თქვენ წინაშე ის მოსაუბრეა, რომელსაც უპირობოდ ენდობით. ამ უკანასკნელის დეფიციტი კი ნამდვილად არ უგრძვნია COLTA.RU -ს კორესპონდენტს.


                                                                                                                                              I.                                                                                                                                                                   
- ანტვერპენში თქვენს კვარტალში მოხვედრისას გაოცებას ვერ ვმალავ აქ გამეფებული ეგზოტიკური კოლორიტის გამო...
- მე ვცხოვრობ რაიონში, რომელიც უმეტესად ორთოდოქსი ებრაელებით არის დასახლებული. მეზობლად ცხოვრობენ ჩინელები, მაროკოელები, პოლონელები, სხვა ერების წარმომადგენლები. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემს მრავალეროვან თბილისში, ამიტომაც აქ კარგად ვარ.
ჩვენს რაიონში განსაკუთრებით ლამაზია შაბათი, როდესაც საზეიმოდ გამოწყობილი ოჯახები, ეტლებში ჩასმული უამრავი ბავშვით, ნელა სეირნობენ ქუჩებში. პარასკევი და შაბათი კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ ამ დღეებში ჩემს მეზობლებს, როგორც ჩანს, ეკრძალებათ ყველა სახის ელექტრომოწყობილობის გამოყენება. ამიტომ, ლიფტი ყოველთვის ჩემს სართულზე დგას...                                                                          ჯერ კიდევ ვერ ვერკვევი მათ იდუმალ თავსაბურავებში. ზოგი ცივილურ შლაპას ატარებს, ზოგი კეპს. არის ასევე ბეწვის ქუდები - შტრაიმლები. როდესაც ქუჩაში ორ ადამიანს ვხედავ ასეთი ფაფახებით, რატომღაც მეჩვენება, რომ ისინი უნდა გაჩერდნენ, მომესალმონ და გამესაუბრონ. მაგრამ, ეს ხშირად არ ხდება. აქ ძალიან ბევრი სინაგოგაა და როგორც ჩანს, ისინი სხვადასხვა მათგანში დადიან...                                     

- ასეთი კოსტიუმირებული დიფერენციაცია ფილმ ,,ქინ-ძა-ძას“ ესთეტიკას მახსენებს. მითხარით, დანელიას ფილების გმირები არ გესიზმრებათ? 
- მე ორმოცდაათზე მეტი ფილმისთვუს მაქვს მუსიკა დაწერილი. მათგან ჩემთვის მნიშვნელობას ათამდე ფილმი ინარჩუნებს. ყველა დანარჩენი დროებითი იყო.
კინოში მუშაობამ ფინანსური დამოუკიდებლობა მომიტანა და შესაძლებლობა მომცა, რომ ერთ სიმფონიურ ნაწარმოებზე მუშაობისთვის ორ წელიწადზე მეტი დამეთმო. სიმართლე რომ გითხრათ, ხშირად ვთანხმდებოდი საშუალო დონის სცენარის მქონე ფილმზე მუშაობაზე. საბჭოთა კინოინდუსტრიაში ჰონორარის ზედა ზღვარი მუსიკისთვის ერთნაირი იყო და ასეთ შემთხვევაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობისთვის ორი-სამი კვირა მყოფნიდა. დანელიასთან ან შენგელაიასთან კი რამდნიმე თვე მჭირდებოდა. 

დღემდე ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებს შესანიშნვა მსახიობთან და მომღერალთან ვახტანგ კიკაბიძესთან. პატივს მივაგებ გარდაცვლილი ფრუნზიკ მკრტჩიანის ხსოვნას. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ესტუმრა დანელიას თბილისში ევგენი ლეონოვი. გია დანელიას ნათესავი საავადმყოფოში იწვა და მე და ლეონოვმა გადავწყვიტეთ, საავადმყოფოში გავყოლოდით მას. ლეონოვი, რა თქმა უნდა, იცეს. სანამ ჩვენ დანელიასთან ერთად ავადმყოფთან ერთად ვიყავით, დერეფანში უამრავი ხალხი შეგროვდა, რომლებიც ლეონოვს სთხოვდნენ, მათ პალატებში შესულიყო. ისიც, ყველას გასახარად, თითოეულ მათგანთან შედიოდა. ამ მომსახურებისთვის ლეონოვი კომპოტს ითხოვდა, რომელსაც პაციენტებს ურიგებდნენ. ათი ჭიქა კომპოტი მოუტანეს. რამდენიმე დალია კიდეც. თუ ევგენი ლეონოვი ასეთ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე, რომლებიც მას პირველად ხედავდნენ, ალბათ ხვდებით, რას ნიშნავდა ის ჩემთვის და დანელიასთვის...        დანელიასთან ხშირად ვსაუბრობ ტელეფონით. მას 87 წელი შეუსრულდა, მე კი მალე 83-ის გავხდები. ის ხშირად მეუბნება: „მე შენზე ადრე წავალ ამ ქვეყნიდან, რადგან შენზე უფროსი ვარ. როცა შენც იქ მოხვდები, არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე მარცხნივ, წამოდი მარჯვნივ და მე იქ დაგელოდები.“


- თქვენი მუსიკა მის ფილმში ,,ცრემლი მოდიოდა“ ემოციურად უკიდურესად დაძაბულ ფონს ქმნის. რეჟისორმა სწორედ ასეთი ამოცანა დაგისახათ?                                                                        - დანელიასთან შვიდ ფილმზე ვიმუშავე. ის ამტკიცებს, რომ ჩემს მიერ დაწერილი მუსიკიდან ყველაზე წარმატებული სწორედ ამ ფილმში ჟღერს. ჩვენი პირველი ერთობლივი ფილმი „არ დაიდარდო“ იყო. ჩავედი მოსკოვში მუსიკის დასაწერად და სრულიად დამავიწყდა, რომ ჩემი მეგობარი კომპოზიტორი ანდრეი პეტროვი, რომელიც მანამდე სულ დანელიასთან მუშაობდა, მაფრთხილებდა, არასოდეს დამეწერა მუსიკა ფლეიტისთვის, რადგან გია ამ ინსტრუმენტს ვერ იტანს.
და აი, ჩაწერის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დანელია ამბობს: „ამან, ამან, ამან და ამან“ - როგორც წესი, ოთხი ფლეიტისთვის ვწერ - „ჩააწყონ თავიანთი ფლეიტები ყუთებში და შენობა დატოვონ.“ როგორც იქნა, გადავარჩინე პარტიტუტა და ისინი დარჩნენ. მაგრამ, უკვე ფილმზე „ცრემლი მოდიოდა“ მუშაობისას ალტის ფლეიტა ფილმის ყველაზე მთავარი გმირი აღმოჩნდა. დანელიას, რომელიც ფლეიტას ვერ იტანდა, უცებ შეუყვარდა მისი ხმა...                                                                                                              გიორგი დანელია იმ რეჟისორების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც იციან, როგორი მუსიკა უნდათ და ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდებით იღებენ კომპოზიტორისგან იმას, რაც სჭირდებათ. ასეთი რამ ძალიან იშვიათია. მაგალითად, ელდარ შენგელაიას გადაღებული აქვს შესანიშნავი ფილმი „ცისფერი მთები“, რომლისთვისაც ზუსატდ 32 წუთიანი მასალა დავწერე, რათა სრული ჰონორარი მიმეღო - იმ დროს ასეთი წესი იყო. მე და ელდარი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვისხედით სამონტაჟო მაგიდასთან, მას მუდმივად რაღაც არ მოსწონდა. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ უმარტივესი ვალსი დავწერე, რომელიც შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში მობილური ტელეფონის ზარის სახით. ის 32-წუთიანი მუსიკა კი საბოლოო ჯამში ფილმში არ შევიდა. მხოლოდ ეს ვალსი ისმის და წელიწადის დროების ცვლილებას აღნიშნავს: ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული.                                                                საერთოდ, კინოში და თეატრში მუშაობა ჩემთვის გარკვეულწილად ცხოვრების მეორე მხარე იყო. როდესაც მუსიკას ჩემთვის ვწერდი - სიმფონიურ და კამერულ ნაწარმოებებს ვგულისხმობ,  - ვცდილობდი, საკუთარი თეატრი შემექმნა. სხვის თეატრში და კინოში კი იძულებული ვიყავი (და ეს აბსოლუტურად ნორმალურია), ავტორს დავმორჩილებოდი. საბოლოო ჯამში ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა.                            ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარდა პრემიერა - „25 სიმღერა მეგობარს“ - ვიოლინოსთვის და სიმებიანი ორკესტრისთვის; თითოეული მათგანი ეძღვნება ადამიანებს, რომელთან ურთიერთობის გარეშეც ჩემი შემოქმედება სხვანაირი იქნებოდა. ეს 25 ადამიანი დაკავშირებულია ჩემ მიერ თეატრალური წარმოდგენების და კინოფილმებისთვის დაწერილ მუსიკასთან. 


- თქვენს სიმფონიურ ნაწარმოებებში ხშირად იყენებთ მასალას კინოდან და თეატრიდან...                          - უკვე აღარც კი მახსოვს, რომელი საიდან გამომდინარეობს: კინო და თეატრალური მუსიკიდან სიმფონიურ მუსიკაში, თუ პირიქით. თუმცა, ეს პრინციპში, ხშირად არ ხდება. საკუთარი თავის ასეთ ციტირებას მე „მონოგრამებს“ ვუწოდებდი. მახსოვს, როდესაც სიმფონიებს ერთი-მეორეს მიყოლებით ვწერდი, ჩემი კეთილისმსურველებიც კი მიიჩნევდნენ, რომ ვმეორდებოდი. ახლა კი, მრავალი წლის გასვლის შემდეგ, ამაზე აღარავინ საუბრობს.                                                                                                                       

- ერთხელ იხუმრეთ, რომ თქვენი სიმღერა ,,ჩიტო-გვრიტო“ ფილმიდან ,,მიმინო“, ვენერიული ინფექციასავით გავრცელდა...                                                                                                            
- იყო დრო, მას საბჭოთა კავშირის ყველა რესტორანში უკრავდნენ. მას არაერთხელ უკვეთავდნენ როგორც ქართველები, ასევე არაქართველები. ხშირად რეცენზიები, რომლებიც ჩემს ამა თუ იმ ნაწარმოებს ეხებოდა, იწყებოდა სიტყვებით, რომ მე ვარ ავტორი სიმღერისა „მიმინოდან“. ბოლოს ეს ყველაფერი იმდენად მომბეზრდა, დავიწყე მტკიცება, რომ სიმღერა დანელიამ დაწერა და მე მხოლოდ არანჟირება გავაკეთე.

- რომელი ნაწარმოებით გინდათ, რომ ხალხს დაამახსოვრდეთ?
- არავინ იცის, რა მოხდება ნახევარი საუკუნის შემდეგ. არის შემთხვევები, რომ რომელიმე მუსიკას ორმოცდაათი წლის შემდეგ ივიწყებენ, რომელიღაცას დაკვრას კი იწყებენ... ცოტა ხნის წინ YouTube-ზე ვიპოვე „სტიქსის“ ფინალი, რომელსაც ირანელი მათემატიკოსი ძმები ასრულებენ. ისინი სეტარებზე უკრავდნენ, როგორც ჩანს, მასალა სმენით შეარჩიეს. ერთ-ერთი მათგანი ძალიან სასაცილოდ სუნთქავდა და კონტრაბასის სიმების ხმის იმიტაციას ახდენდა. თუნდაც ამაზე დაყრდნობით ვიმედოვნებ, რომ
მეტ-ნაკლებად რაღაცას მაინც დაუკრავენ და ჩემი თავდაუზოგავი შრომა ამაო არ იქნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ტანჯვა მსმენელისთვის შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო. პუბლიკამ მუსიკა ისე უნდა მიიღოს, თითქოს ის ციდან ეშვება, როგორც ეს მოცარტის ან ბახის შემთხვევაშია. თუმცა, მათ შემთხვევაში ალბათ მუსიკა მართლაც ციდან ეშვებოდა. ჩემს შემთხვევაში კი ეს ნამდვილად ჯოჯოხეთური შრომაა.


- რა არის ყველაზე უფრო მტანჯველი?                                                                                               
- თავიდან  - მასალის მოძებნა. შემდეგ კი მისი გარდაქმნა მოსმენად მასალად. უპირველეს ყოვლისა - ჩემთვის. შემდეგ კი დანარჩენებისთვის.


- მასალას როგორ პოულობთ?-- გაჭირვებით.                                                                                                                                                                                            
- ეს შთაგონებაა? რაიმე გარე მოვლენა?                                                                                              - არ ვიცი. მე ძალიან იშვიათად ვუსმენ ჩენს ნაწარმოებებს, რომლებიც 20-30 წლის წინათ დავწერე, და თუ მაინც მოვუსმენ, მიკვირს: ეს როგორ დავწერე? დღეს უკვე აღარ შემიძლია. შემიძლია - მაგრამ, სხვანაირად. მთავარი ის კი არ არის, რომ წლები მიდის და შენ მუდმივად ბერდები. სამყარო იცვლება- აი, ეს არის მნიშვნელოვანი.                                                                                                                             

- და მაინც, რომელი ნაწარმოებების ხშირად შესრულება გაგახარებდათ?
- ეს ისეთი რამაა, ბავშვს რომ ეკითხებიან, დედა უფრო უყვარს თუ მამა. როდესაც ბავშვებს ამ კითხვას უსვამენ, ისინი, ალბათ იბნევიან. მეც ასე ვარ...                                                                                                                                                                                                


                                                                                                                                               II.                                                                                                                                                                                        


- კომპოზიტორ ვიქტორია პოლევას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „გია ყანჩელის მუსიკის შეფასება გონების, ტექნოლოგიის თვალსაზრისით შეუძლებელია. ეს არის ყვავილების მტვერი პეპლის ფრთებზე“. მითხარით, ხშირად ჩამოურეცხიათ თქვენთვის ფრთებიდან ეს მტვერი? ყოფილა შემთხვევები, როდესაც თქვენი არ ესმოდათ?                                                                                                                        - არაერთხელ. აღარ მახსოვს, რომელ ქვეყანაში შესრულდა პირველად «Magnum Ignotum» - კომპოზიცია, სადაც ეროვნული მუსიკის აუდიოჩანაწერი გამოვიყენე და ჩემიერი თანხლება გავუკეთე. დარბაზის ნახევარი ფეხებს აბაკუნებდა, მეორე ნახევარი კი ტაშს უკრავდა.

იგივე მოხდა «Noch einen Schritt»-ის შემთხვევაშიც.
როდესაც DAAD-ის სტიპენდია მივიღე და ბერლინში დავიწყე ცხოვრება, დამიკავშირდნენ დონაუეშინგენის ფესტივალის ხელმძღვანელები და მთხოვეს, მათთვის კომპოზიცია დამეწერა. ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში ვიყავი, რომ ჩემთან არვო პიარტი მოვიდა და მითხრა: „იცი, სად მიდიხარ? იქ ყველაზე ცნობილი ავანგარდისტები იკრიბებიან მთელი მსოფლიოდან. ჯავშან-ჟილეტი იყიდე“.


ფესტივალის გახსნა უზარმაზარ თავლაში ჩატარდა. შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდებმა დიდი იერიქონული საყვირებით შემოიყვანეს რვა ძროხა. იქვე იყო თივა. ყველა ელოდა, რომ თივის განადგურების და წყლის დალევის შემდეგ ძროხები მოსაქმებას დაიწყებდნენ. ამ პროცესის დროს აყვირდებოდა საყვირები...
ორი დღის შემდეგ შესრულდა ჩემი ნაწარმოები. სცენაზე ბადენ-ბადენის ორკესტრი იმყოფებოდა. კულისებში ალტისტი იდგა მიკროფონით. სანამ ორკესტრი წყნარ, უბრალო მუსიკას უკრავდა, მსმენელი ჩუმად იყო, ფიქრობდნენ, რომ კულისებში მდგარი ადამიანი სულ მალე რაიმე ექსტრაორდინალურს გააკეთებდა, მაგრამ მისგან შიგადაშიდ მხოლოდ col legno-ს დარტყმები ისმოდა. და როდესაც ნაწარმოები დასრულდა, გაისმა „ბუ“ და ფეხების ბაკუნი. სხვათა შორის, მსმენელების რაღაც ნაწილი ტაშსაც უკრავდა.  


თავი უხერხულად ვიგრძენი. რამპასთან მივედი, მადლობა გადავუხადე დირიჟორს და კონცერტმეისტერს და ჩემს ადგილზე დავრუნდი. როდესაც დირიჟორი მეორედ გავიდა - რადგან ,,ბუ“ შეძახილები და აპლოდისმენტები არ წყდებოდა - სცენაზე მიხმეს. საფეხურებთან მოწყობილი იყო ბარიერი. როდესაც სცენაზე ავდიოდი იმ ბარიერის ბოლო რაღაცნაირად ჩემს ჯიბეს გამოედო. ან უნდა ჩავსულიყავი, ან გამეხია. გავხიე და ვიგრძენი, რომ ჩემი პიჯაკი უკანა ნაკერზე გაიხსნა. როდესაც სცენაზე გავედი, პიჯაკის მარჯვენა ნახევარი ისევ ტანზე მეცვა, მეორე ნახევარი კი ხელით მომქონდა. ,,ბუს“ შეძახილებს ახლა უკვე მომხდარით გამოწვეული აღტაცების შეძახილები დაემატა. მეორე ნახევარში შესანიშნავი კომპოზიტორი-ავანგარდისტის, ჰელმუტ ლახენმანის ნაწარმოებებს დაეთმო. კონცერტის შემდეგ მან მეუღლესთან ერთად მიმიწვია ვახშამზე რესტორანში, სადაც ერთობ დიდი პატივისცემა გამოხატა ჩემი მუსიკის მიმართ და თქვა, რომ ის გულიდან მოდიოდა.


- რამდენად ძლიერად ხართ დამოკიდებული გარშემომყოფთა მოსაზრებებზე? თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების, გამოცდილი ადამიანების მოსაზრებებზე?
- რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომელთა მოსაზრებაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში ცხოვრობდა ბრწყინვალე ფილოსოფოსი, მწერალი და მუსიკათმცოდნე გივი ორჯონიკიძე. მის ხსოვნას ეძღვნება ჩემი ლიტურგია „ქარით გამოტირებული“. გივის მოსაზრება ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. ცხადია, მაინტერესებდა, რა შთაბეჭდილება დარჩებოდათ ისეთ გამოჩენილ სოლისტებს, როგორიცაა გიდონ კრემერი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, იური ბაშმეტი და სხვა არანაკლებ ცნობილი შემსრულებლები და დირიჟორები, რომლებთან თანამშრომლობის ბედნიერებაც მხვდა წილად. სურვილი, რომ ისინი დამეკმაყოფილებინა, რა თქმა უნდა, არსებობდა. მაგრამ მე თავად მათთვის ამის შესახებ პირველს არასოდეს მიკითხავს.                                                                                                                                    არასოდეს ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ როგორ იღებენ ჩემს მუსიკას, რამდენჯერ მიხმობს მსმენელი სცენაზე აპლოდისმენტების დროს. მაგრამ, ჩენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს  სიჩუმეს, რომელიც ზოგჯერ გამეფდება ხოლმე ნაწარმოების შესრულების შემდეგ. ექვსი-შვიდი წამიც კი ზოგჯერ უზარმაზარი ჯილდოა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს სიჩუმე 40 წამამდე გაგრძელებულა. ასე მოხდა „ნათელი სევდის“ პრემიერის შემდეგ ლაიფციგში, როდესაც ეს ნაწარმოები კურტ მაუზერმა შეასრულა გევანდხაუზის ორკესტრთან და წმინდა თომას ეკლესიის ბიჭუნათა გუნდთან ერთად.

- რამდენად მნიშვნელოვანია ავტორისთვის საკუთარი თავის რწმენა, ,,ნდობის პრეზუმფციის“ მოპოვება?  - ალბათ, ჩემი თავის ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი მე ვარ. მე ძალიან მძიმედ და ნელა ვმუშაობ. ეს ურთულესი სამუშაოა. მტანჯველი შრომით ვცდილობ, თავიდან მოვიშორო ზედმეტი ნოტები, ეპიზოდები. ჩემში ჩაბუდებულია დაუძლეველი სურვილი, მივაღწიო უბრალოებას - დრამატურგიაში, ფორმაში, საორკესტრო არანჟირებაში - რის შემდეგაც უკვე აღარაფრის შეცვლის ძალა არ დამრჩება. ასეთ მიდგომას მე საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას ვერ დავარქმევდი. მაგრამ, ეს ის მეთოდია, რომელიც ცხოვრებაში ავირჩიე. როდესაც ვფიქრობ, რომ შევძელი დავალების შესრულება და ბარიერის დაძლევა, რომელიც საკუთარ თავს დავუსახე, უკვე აღარ მაინტერესებს, რას დაწერენ ჩემზე ან როგორ მიმიღებენ.


ერთხელ დუბროვნილის ფესტივალზე მევიოლინე იულიან რახლინმა კონცერტი მოაწყო, სადაც ჯონ მალკოვიჩმა წაიკითხა სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპოზიტორების შესახებ დაწერილი კრიტიკული რეცენზიები - ბეთჰოვენიდან ჩვენს დრომდე. შემდეგ კი აჟღერდა მონაკვეთები იმ გაკრიტიკებული ნაწარმოებიდან.                                                                                                                              სიაში მეც მოვხვდი. მე მანამდე დამიკავშირდნენ და მთხოვეს, გამეგზავნა ჩემი ნაწარმოებების შესახებ დაწერილი უარყოფითი რეცენზიები. მე მათ ექვსი თუ შვიდი ასეთი რეცენზია გავუგზავნე. მათ ერთი აირჩიეს, რომელიც ლონდონში გამოქვეყნდა ვიოლინოს, ჰობოის და ორკესტრისთვის დაწერილი «Broken Chant»-ის შესრულების შემდეგ. „რომ მცოდნოდა, რა მელოდებოდა, - წერდა კრიტიკოსი, - საქსოვ ჩხირებს წავიღებდი და შარფის ქსოვას დავიწყებდი, თანაც წითელი ძაფით, რათა ყურადღება მიმექცია“. მას ისეთი შეგრძნება დარჩა ნაწარმოების ბოლოს, რომ პარფიუმერიის მაღაზიაში იყო გამოკეტილი, საიდანაც შეუძლებელი იყო გამოსვლა.
ასეთი უარყოფითი გამოხმაურებები საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. მე ისინი უფრო მეტად მაინტერესებს, ვიდრე დადებითი გამოხმაურება.


- რატომ?
- ისინი განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებენ. თავის დროზე  Sony Classics -ზე გამოვიდა დისკი ჩემი ორი სიმფონიით. ალბომის გარეკანზე წითელი წრე ეხატა, რომელზეც თეთრი ასოებით ეწერა: „ფრთხილად, დინამიკური ცვლილებები“. ამასთან დაკავშირებით ესპანეთში გამოქვეყნდა, დაახლოებით, ასეთი შინაარსის რეცენზია: „იმ შემთხვევაში, თუ ამ დისკის შემძენი ადამიანი წარწერას ყურადღებას არ მიაქცევს, შეიძლება საავადმყოფოში მოხვდეს. მე როდესაც იქიდან დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ სახლში არც ერთი მინა აღარ იყო მთელი.“ რატომ არ უნდა მანიჭებდეს ეს სიამოვნებას?
აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ცხოვრებაში ხდება, გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამიგია, რომ აშშ-ში თუ ბავშვის დასჯა სურთ, ოთახში კეტავენ და ფრენკ სინატრას მიერ შესრულებულ მუსიკას ურთავენ. ბავშვებისთვის ეს ნამდვილი ტანჯვაა, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან დღეისთვის პოპულარული მუსიკის მოსმენას. ჩემთვის კი პირიქით, მიუღებელია ,,ვარსკვლავური ომები“. შემიძლია, სიამოვნებით ვუყურო ფილმებს, სადაც გარკვეულ მომენტებში კომპიუტერული გრაფიკაა გამოყენებული. მაგრამ, როდესაც რაღაც გამოგონილი სამყარო მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე არსებობს, მე ეს ისევე მაღიზიანებს, როგორც პატარა ბავშვებს ფრენკ სინატრა.                                                       

- ბავშვობაში როგორი მუსიკა გიყვარდათ და რომელი არა?                                                     
- მუსიკის მიმართ აბსოლუტურად გულგრილი ვიყავი მანამ, სანამ ეკრანებზე ტიტულოვანი ფილმი „მზიანი ველის სერენადა“ არ გამოვიდა, სადაც გლენ მილერის ორკესტრი უკრავდა. ეს ეპიდემიასავით იყო. იმ დროს მთელი ჩემი თაობა გატაცებული იყო აკრძალული მუსიკალური მიმდინარეობით - სვინგით. ვფიქრობ, რომ იოსებ ბესარიონოვიჩმა ეს ვერ გაითვალისწინა, რადგან რეჟიმის საფუძვლები პირველი დისიდენტების გამოჩენამ კი არ შეარყია, არამედ სწორედ ამ ფილმაა. იმ დროს ჯაზი ირკძალებოდა - და უცებ ჩნდება ასეთი! არა უბრალოდ ჯაზი, არამედ ბრწყინვალე, ნიჭიერი, გენიალური ჯაზი...                                                  ასე რომ, ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან იწყება არა ბახით, მოცარტით ან ბეთჰოვენით, არამედ გლენ მილერით.                                                                                                                                    საერთოდ, რაც შეეხება ეგრეთ წოდებული მსუბუქი მუსიკისთვის უპირატესობის მინიჭებას, არც კი ვიცი, ვისგან დავიწყო: ოფენბახით თუ გერშვინით. ჩემს ჩამოყალიბებაზე თანაბარი გავლენა მოახდინეს ლეონარდ ბერნსტაინმა თავისი „ვესტ-საიდური იტორიით“ და „ბითლზმა“, მაილს დევისმა და მიშელ ლეგრანმამ, ასევე ენდრიუ ლოიდ ვებერმა. რაღაც მომენტში აღმოვაჩინე ბრწყინვალე კომპოზიტორი და დევისის არანჟირების სპეციალისტი გილ ევანსი, რომელმაც დევისს „პორგი და ბესის“ არანჟირება გაუკეთა ვალტორნებით, ფლეიტებით, ბიგ-ბენდით. და ეს უკვე გახდა არა უბრალოდ სიყვარული, არამედ - ჩემი ბედის განმსაზღვრელი.


- წავიკითხე, რომ აკადემიურ რელსებზე დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ ,,გადაგიყვანათ“...                          - კონსერვატორიაში სწავლის დაწყების დროს არც კი ვფიქრობდი სიმფონიური ან კამერული მუსიკის შექმნაზე. ჩემი ამოცანა იყო, მომეპოვებინა შემდგომში ბიგ-ბენდის წინ დგომის უფლება. მაგრამ, პირველივე კურსზე გავიცანი  კახიძე და ამან ნამდვილად ყველაფერი განსაზღვრა...
რაც შეეხება ოცნებას კონსერვატორიაში ჩაბარების შესახებ, უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე გამიჩნდა. ზაფხულში პრაქტიკაზე წაგვიყვანეს ქუთაისში. სკოლის მინდორზე საძილე ტომრებში გვეძინა. დილის შვიდ საათზე უნდა ავმდგარიყავით და ჩაქუჩით ხელში ათი კილომეტრი გაგვევლო, უკანა გზაზე კი ჩაქუჩთან ერთად ნიმუშებიც უნდა გვეტარებინა. ეს საკმაოდ რთული იყო. ასეთი ლაშქრობის შემდეგ პირველივე ღამეს ავიღე ფურცელი, ფანქარი და ჩამოვწერე პროფესიები, რომლებიც სიარულს არ საჭიროებდა. მუსიკა მეტნაკლებად ახლო მომეჩვენა. დავამთავრე უნივერსიტეტი და მივიღე თადარიგის უმცროსი ლეიტენანტი წოდება სპეციალობით „არტილერია“. კონსერვატორიაში მომავალ ქვეითებს ამზადებდნენ და სამხედრო საქმის კიდევ ერთხელ შესწავლისთვის თავის არიდების მიზნით შევედი სამხედრო მომზადების კათედრის უფროსის კაბინეტში და ჩემი უკვე მოპოვებული მოწმობა წარვუდგინე. რეაქცია შთმაგონებელი იყო: „ახალგაზრდავ, როდესაც სამშობლოს დასჭირდებით, ის თავად გადაწყვეტს, რა კუთხით გამოგიყენოთ - არტილერისტად თუ ქვეითად, ასე რომ, კეთილი ინებეთ და ჩვენს ყველა ლექციას დაესწარით.“
ლექციებს მაინც არ ვესწრებოდი. საბოლოო ჯამში, იმდენი გაცდენა დამიგროვდა, რომ კონსერვატორიის რექტორი, რომელიც ასევე ჩემი პედაგოგიც იყო, იძულებული გახდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელისთვის დაერეკა. ასე დავრჩი უმცროს ლეიტენანტად - არტილერისტად.                                                                                                                                                   საერთოდ, ჩემგან კარგი არტილერისტი ვერ დადგა - მათემატიკასთან ახლო ურთიერთობით არ გამოვირჩეოდი. ერთხელ, სწავლებაზე, როდესაც ხელმძღვანელმა მიზანი გამოაცხადა, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ჩემ ნაცვლად გააკეთა გამოთვლები. დადგა გაუბიცებიდან სროლის დრო. ბრძანება ზეპირად ვიცოდი. დავუშვათ: „ტყვიამფრქვევით РГМ-2-ის აფეთქება, ოთხი სროლა - ცეცხლის გახსნა“. როდესაც ყველაფერი დასრულდა, ოფიცერმა შედეგები გამოქვეყნა. ჩემი გვარის დასახელებისას მან თქვა: „მშვიდობიან დროს - სამხედრო ტრიბუნალი, ომის დროს - დახვრეტა“. აღმოჩნდა, რომ ჩემმა მეგობარმა გამოთვლებისას რაღაც შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც ოთხი გასრლა საკუთარი ბაზის მიმართულებით განვახორციელე.                             


                                                                                                    


 


გია ყანჩელი და კომპოზიტორი იური კავერი 1986 წ.
(РИА Новости)












III.


- შესანიშნავი  დედა მყავდა. კონსერვატორიაში დავწერე კვინტეტი სასულე ინსტრუმენტებისთვის, რომელიც დროდადრო რადიოთი გადაიცემოდა. იმ დროს სახლში ყველას ჰქონდა მიმღები და გაზეთებშიც რეგულარულად იბეჭდებოდა გადაცემების პროგრამა. თუ დედა გაიგებდა, რომ ერთი კვირის შემდეგ ჩემი მუსიკა იქნებოდა რადიოში, ყველა ნათესავს ურეკავდა და აფრთხილებდა, გამოეძებნათ დრო და აუცილებლად მოესმინათ. ალბათ, სიამყეს გრძნობდა, რომ გაზეთში ჩემი სახელი იბეჭდებოდა და მოსასმენადაც განსაკუთრებით ემზადებოდა. იმ დღეს, როდესაც დაგეგმილი იყო ჩემი მუსიკის გადმოცემა, რადიომიმღებთან სავარძელში მოკალათდებოდა. როგორც იქნა, გამოაცხადებდნენ ჩემს გვარს და დაიწყებდნენ კვინტეტის ტრანსლაციას. დავუშვათ, ის ათი-თერთმეტი წუთი გრძელდებოდა. უკვე მეორე წუთზე ის იტყოდა: „არა, ამის მოსმენა შეუძლებელია!“ - ადგებოდა და გავიდოდა. გავიდოდა დრო და ყველაფერი თავიდან მეორდებოდა.


- ნუთუ, ასეთუ ავანგარდული მუსიკა იყო?
- მისთვის, ყოველ შემთხვევაში, იყო... არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სიფონიის პრემიერა. პირველ განყოფილებაში პიანისტი ელისო ვირსალაძე უკრავდა შუმანის კონცერტს, ამიტომ დარბაზი გადავსებული იყო. ჯანსუღ კახიძის მამამ, თბილისში ძალიან პოპულარულმა კაცმა ყველა მეგობარი მოიყვანა. სიმფონიაში დაახლოებით 20-წუთიანი საკმაოდ დაძაბული მონაკვეთის შემდეგ დგება დასასრული - მეოთხე პიანოზე ხანგრძლივი კლასტერი. დარბაზმა ბოლოს და ბოლოს შვებით ამოისუნთქა. შემდეგ, მოულოდნელად მეოთხე ფორტეზე რამდენიმე წამიანი ტუტია, რასაც კვლავ სიჩუმე მოსდევს. რა თქმა უნდა, ორკესტრმა და დირიჟორმა კახიძემ ეს იცოდნენ, მაგრამ მსმენელი ვერ ხვდებოდა, რა ელოდა. როდესაც ეს მოხდა, ჯანსუღის მამის მეგობარი წამოდგა და საკმაოდ ხმამაღლა წარმოთქვა: ,,ვანიჩკა, თუ აქამდე არაფერი მოგვივიდა, ესე იგი, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებთ“. მთელი რვაკაციანი ჯგუფი წამოდგა და დაიწყო მეოთხე რიგიდან გამოსვლა. მუსიკა კი გრძელდებოდა...
კონცერტის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები კონსერვატორიიდან რუსთაველის გამზირზე დავეშვით. იქ იყო მაღაზია, სადაც მინერალური წყალი „ბორჯომი“ იყიდებოდა. ერთი ჭიქა ბორჯომი ოთხი კაპიკი ღირდა. სასმელის ფული ყველასთვის გადავიხადე. ამ დროს მაღაზიაში შემოვიდა ქართველი ასაკოვანი კომპოზიტორი ივანე რაფიელის ძე გოკიელი, რომელიც ასევე იმყოფებოდა პრემიერაზე. ერთი ჭიქა მასაც შევთავაზე. „არავითარ შემთხვევაში!“-იყვირა მან. ასეთი სიმფონიის შემდეგ თავს უფლებას არ აძლევდა, ჩემი ხელიდან ბორჯომის ჭიქა მიეღო.
მეორე დღეს, კონსერვატორიის მეორე სართულიდან რომ ჩამოვდიოდი, ერთ-ერთ პატივცემულ კომპოზიტორს, ცნობილი ბალეტმაისტერი ჯორჯ ბალანჩინის ძმას, ანდრო მელიტონის ძე ბალანჩივაძეს შევხვდი. მას შესანიშნავი ვაჟი ჰყავდა - პიანისტი ჯარჯი. ერთმანეთს მივესალმეთ და მან მითხრა: ,,გუშინ თქვენს სიმფონიაზე ვიყავი, შემდეგ კი მე და ჯარჯი ღამის თორმეტ საათამდე ვკამათობდით. ის მიმტკიცებდა, რომ ეს საინტერესოა, მე კი ვუმტკიცებდი, რომ სრული ნაგავია.“
სხვათა შორის, ჩემი პირველი სიმფონიის პრემიერაზე თბილისში კიევიდან ჩამოვიდა კომპოზიტორი ვალენტინ სილვესტროვი. როდესაც ის მამაჩემთან ერთად კონცერტის შემდეგ ქუჩაში გავიდა, მამამ ჰკითხა: „სიმართლე მითხარი, ჩემი შვილისგან რამე გამოვა?“ როგორც ჩანს, ძალიან ეპარებოდა ეჭვი. ვალენტინმა ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მითხრა.


ცოტა ხნის წინ ვალისგან სასიამოვნო აღიარება მივიღე:
„როდესაც გია ყანჩელზე და მის მუსიკაზე ვფიქრობ, მახსენდება ისტორია კაცზე, რომელსაც წყლის ძიების ნიჭი გააჩნდა. ასეთ ნიჭს ფლობს ყანჩელი - თითქოს შემთხვევით, მაგრამ პირდაპირ „წყაროს“ მიადგება ხოლმე - და ამ დროს მუსიკას მუსიკით წერს... წერს ნელა და ფრთხილად, რომ წყარო არ დააზიანოს.“


- შესაძლებელია, რომ კოლეგები ერთმანეთის მიმართ თეთრ შურს გრძნობდნენ?
- რამდენიმე წლის წინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავსტრალიაში მორიგ სამიტზე გაემგზავრა, სადაც მას არავინ ესალმებოდა, ვალია ტელეფონით დამიკავშირდა და მკითხა: ,,ამიხსენი, რატომ არ შეუძლიათ, რომ ადგნენ და ავსტრალიაში დააპატიმრონ?“ ასეთ ალალ და გულუბრყვილო უკრაინელს შეუძლებელია, ვინმესი შეშურდეს... ცოტა ხნის წინ ვკითხე, როგორ ჩაიარა მისმა კონცერტებმა, ბევრი ხალხი იყო თუ არა. მან მიპასუხა: „ცოტა ხალხი იყო. მაგრამ ეს კარგია - ასე მუსიკა უკეთესად ისმის. ხოლო, თუ მე თავად ვმღერი, კიდევ უფრო უკეთესად.“

როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს მთელი რიგი უარყოფითი თვისებები. მაგრამ ერთი რამ შემიძლია სრულიად გულწრფელად ვთქვა: შურის გრძნობა მეც არ მაქვს. თუ სხვების მუსიკაში რაიმე მომწონს, ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს. როდესაც ვუსმენ და ვერ ვხვდები, როგორ შეიქმნა ესა თუ ის ნაწარმოები, ცოტა არ იყოს, მრცხვენია კიდეც, რომ მუშაობა დავიწყო. სურვილი მეკარგება. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში, სურვილი კვლავ მიბრუნდება...


როდესაც პირველად მოვისმინე «Sanctus» ალფრედ შნიტკეს „რექვიემიდან“, მივხვდი, რომ ეს ჩემთვის მიუღწეველია. ალფრედის ალტის კონცერტის მეორე ნაწილში არის დიდი ეპიზოდი, სადაც ჟღერს მარტივი, მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზი სეკვენციები. ჩემს რამდენიმე კოლეგას კონცერტში ყველაზე მეტად ზუსტად ეს ნაწილი არ მოსწონს. მე კი, მისი მოსმენის შემდეგ გარკვეული დროით შევწყვიტე მუშაობა ალტისთვის და სიმფონიური ორკესტრისთვის ლიტურგიის წერა, იმდენად იმოქმედა ჩემზე ამ ღვთაებრივმა მუსიკამ. მე არაეკლესიური ადამიანი ვარ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ალფრედს ვემშვიდებოდი, ისეთი გრძნობა მრჩებოდა, თითქოს ზიარებაზე ვიყავი...


ასევე მოქმედებს ჩემზე სილვესტროვის „წყნარი სიმღერები“, არვო პიატრის თხზულებები. ვაღიარებ, რომ იმავეს არ განვიცდი სოფია გუბაიდულინას ყველა ნაწარმოების მიმართ. მე ძალიან არ მიყვარს მუსიკაში ანატომია, როდესაც ავტორი ცდილობს, ინსტრუმენტის აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა გამოააშკარავოს. სონია ამას ბრწყინვალედ აკეთებს, მაგრამ ასეთი მიდგომა ჩემთან ახლოს არ არის. ამავე დროს მას აქვს ნაწარმოებები, რომლებსაც თავიდან ბოლომდე აღტაცებით ვიღებ.


- რამ იქონია გავლენა თქვენი თაობის ჩამოყალიბებაზე? რა უშლიდა ხელს?
- თბილისში შვიდი კაცისგან შემდგარი ჯგუფი გვქონდა, რომელსაც გივი ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა. ჩვენ წინააღმდეგ ნამდვილი ომი მიმდინარეობდა. ეს განსაკუთრებით მე მეხებოდა. ერთმა საკმაოდ ღვაწლმოსილმა კომპოზიტორმა პლენუმის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქართულ მუსიკაში მორფი შემოვიტანე და მორფინისტი კომპოზიტორების გარკვეული ნაწილი მოვწამლე.


- მორფში მედიტაცია იგულისხმებოდა?
- ამ ადამიანების მხრიდან თანამედროვე ენის ბანალური მიუღებლობა. ისინი მორფს გრძნობდნენ სტრავინსკის, შენბერგის შემთხვევაშიც. ამბობდნენ, რომ ჩემს ახალგაზრდობაში ერთ-ერთი ცნობილი მუსიკათმცოდნე დემონსტრაციულად გავიდა დარბაზიდან დებიუსის მუსიკის შესრულების დროს.


ვერაფერს იზამ - ჩვენ დახურულ საზოგადოებაში ვცხოვრობდით. რკინის ფარდის გარღვევა შეუძლებელი იყო. დათბობის პერიოდში მუსიკამ მცირე ხარვეზებით დაიწყო დასავლეთიდან შემოღწევა. ძალიან მადლიერი ვარ კიეველი დირიჟორის იგოტრ ბლაჟკოვის, რომელმაც ერთხელ ანტონი ვებერნის ნაწარმოებების მთელი კრებული გამომიგზავნა.


საერთოდ, გარე სამყაროდან შემომავალი ინფორმაციის პირისპირ ისეთი ახალგაზრდები, როგორიც ჩვენ ვიყავით, თავს ისე ვგრძნობდით, როგორც ოკეანეში. საჭირო იყო მყისიერი ორიენტაცია: რაღაცის მიღება, რაღაცით გახარება, რაღაცაზე კი - პირიქით, უარის თქმა. ზუსტად მაშინ გამიჩნდა მიუღებლობის გრძნობა ბულეზის და ქსენაკინის მუსიკის მიმართ, თუმცა, მათ მნიშვნელობას ვხვდები. რაც შეეხება ლიტეგის და ვებერნის მუსიკის მიმართ დადებით განწყობას, ეს დღესაც მომყვება. ანტონ ვებერნის მუსიკის შეყვარებით, გავაცნობიერე, რომ არსებობს ტემბრალური დრამატურგიაც და შეძლებისდაგვარად ვიყენებ მას ჩემს ნაწარმოებებში. ერთხელ კი რადიოში არნოლდ შენბერგის პოსტრომანტიკული „გურეს სიმღერების“ მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავაფასე მათ მიერ მოგვიანებით გამოგონილი დოდეკაფონია.


- მას შემდეგ, რაც შენბერგს და ვებერნს მოუსმინეთ, არ გაგიჩნდთ სურვილი, მათი გზით წასულიყავით?
- არა, ასეთი სურვილი არ გამჩენია.


მუსიკა - უცნაური მოვლენაა... გითხარით, რა გავლენას ახდენს ჩემზე ვერდის რეკვიემის დასაწყისი, ბახის მესა სი მინორი ან მოცარტის „Lacrimosa“. ვინმეს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემზე ეს მუსიკა ისეთივე გავლენას ახდენს, როგორსაც ჩარლი ჩაპლინის, რომელსაც საკუთარი ფილმებისთვის წერდა. მისი თემების წინაშე ისეთივე მოკრძალებას გამოვხატავ, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებების მიმართ.

ხშირად მთხოვენ, დავასახელო კომპოზიტორები, რომლებმაც ჩემზე გავლენა მოახდინეს. ყოველთვის უარს ვამბობ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე - ასეთი ბევრია. თუმცა, მაინც არსებობს რამდენიმე, რომლებმაც ჩემს ბედზე წარუშლელი კვალი დატოვეს.  დავუშვათ, მას შემდეგ, რაც უკვე ვიცნობდი შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიას კონსტანტინ ივანოვის ინტერპრეტაციით და შემდეგ იგი ცოცხლად მოვისმინე ლეონარდ ბერნსტაინის მიერ ორკესტრთან ერთად ნიუ-იორკის ფილარმონიაში, მივხვდი, რომ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ნაწარმოებებია. იგივე მოხდა, როდესაც იგივე ბერნსტაინის შესრულებით მოვისმინე რაველის „ვალსი“ - ასეთი კონგენიალურობა მას შემდეგ ფრანგებშიც არ მინახავს.
არ დამავიწყდება, როგორ გამოვიდა სცენაზე და თხოვნით მიმართა მსმენელებს, არ ეხმაურათ და არ დაეხველებინათ. ახალგაზრდა დირიჟორის მხრიდან ასეთი მიმართვა კონსერტგებაუს პუბლიკისთვის, რბილად რომ ვთქვათ, სიმამაცე იყო.


- თქვენ ახსენეთ განსხვავება ინტერპრეტაციაში. რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენი მკითხველებისგან. მაგალითად, ანდრეი ბორეიკო კითხულობს: შეუძლია თუ არა შემსრულებელს პრინციპულად გადაუხვიოს იმ „გზავნილებისგან“, რომლებიც კომპოზიტორმა პარტიტურაში დაუტოვა?
- ჩემი აზრით, უბრალოდ ვალდებულია. რა თქმა უნდა, თუ გააჩნია პერსონიფიცირებული მიდგომა იმის მიმართ, რასაც უკრავს.


- მათ შორის თქვენს მუსიკაშიც?
- რასაკვირველია. მაგალითად, ჩემს თანაავტორად ყოველთვის მივიჩნევდი ჯანსუღ კახიძეს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მას ასე შეეძლო ჩემი ნებისმიერი სიმფონიური ნაწარმოების გადმოცემა. ჩემი მასალიდან ჯანსუღმა, როგორც მოქანდაკემ, შექმნა სრულიად ახალი. იმდენად, რომ მე, რომელიც საკუთარ ქმნილებებს როგორც წესი, კრიტიკულად ვუდგები, ნელ-ნელა მომწონს ის. ის, რაც კახიძემ გააკეთა, განუმეორებელია. ალფრედს, არვოს, ვალის, სონის საკუთარი ჯანსუღი არ ჰყოლიათ, მე კი ის სულ თავიდანვე მყავდა და ამან უდიდესი როლი ითამაშა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში.


რაც შეეხება ანდრეი ბორეიკოს, მასთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. 1992 წელს, როდესაც DAAD-ის სტიპენდია მიმთავრდებოდა, ამსტერდამის სიმფონიური ორკესტრიდგან, რომელსაც ლევ მარკიზი ხელმძღვანელობდა, მივიღე შემოთავაზება და მათთვის «Abii neviderem» («წავედი, რომ არ მენახე ») დავწერე. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე მარკიზი ავად გახდა და ამ კომპოზიციის დირიჟორობა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ანდრეიმ იკისრა. ჩვენ დღესაც მეგობრები ვართ. მისი ინიციატივით დავწერე "Nu.Mu.Zu" სიმფონიური ორკესტრისთვის. სხვათა შორის, ბელგიის ეროვნული ორკესტრის დონე იმ პერიოდისთვის, როდესაც მას ანდრეი ხელმძღვანელობდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ...


შემსრულებელთა შესახებ რომ ვისაუბროთ, გიდონ კრემერის ფენომენი ჩემთვის ამოუხსნელია. ეს დიდი მევიოლინე შეიძლება საგანძურის მაძიებელს შევადაროთ. ის ყოველთვის რაღაცას ეძებს და, როგორც წესი, პოულობს მას. დღეს გიდონი ხელს უწყობს მეჩლისლავ ვეინბერგის მუსიკის პოპულარიზაციას. მახსოვს ის დრო, როცა ასტორ პიაცოლის მუსიკით იყო გატაცებული. ვიცი, რა როლი ითამაშა შნიტკეს, გუბაიდულინას, სილვესტროვის, პარტის პოპულარიზაციაში. ბოლოს და ბოლოს, ვიცი, რა როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.  ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჰამბურგში ჩემი  «Lament»-ის პრემიერის შემდეგ, - ეს საკმაოდ დიდი ნაწარმოებია, რომელშიც სოპრანო და დიდი სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობს - იგი გიდონმა 32-ჯერ შეასრულა ორწელიწადნახევრის განმავლობაში. მას ხომ უხდებოდა წინასწარ დაგეგმილი პროგრამების შეცლა.
ერთი სიტყვით, ცხოვრებაში ინდივიდუალურობის მხრივ გამიმართლა. ამ მხრივ შემიძლია საკუთარ თავს იღბლიანი და ბედისგან განებივრებული ვუწოდო. 


 


IV.


- თქვენ თავს განბივრებულს უწოდებთ. ამავე დროს, თქვენი მუსიკის საფუძველი თანაგრძნობაა...  
- მუსიკა, რომელშიც მე თანაგრძნობას არ ვგრძნობ, იწვევს ჩემთვის გაცილებით ნაკლებ ემოციას, ვიდრე ის, სადაც არის თანაგრძნობა და ტკივილის შეგრძნება. გავიხსენოთ დიდი შოსტაკოვიჩის შემოქმედება. ხშირად ვუსვამ ჩემს თავს კითხვას:  ასეთი გრანდიოზული ტალანტის ადამიანი საფრანგეთის რივიერაზე რომ დაბადებულიყო და  სრულიად წარმატებული ცხოვრებით ეცხოვრა, შეძლებდა დაეწერა ისეთი საოცარი ნაწარმოებები, რომელიც მან შექმნა სტალინისა და პოსტ-სტალინის რეჟიმებში?
დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ მუსიკას დაწერდა. მაგრამ არ ექნებოდა ის ტკივილი, რომელიც შოსტაკოვიჩს ჰქონდა იმ წლების განმავლობაში, როდესაც  ყოველდღე დაპატიმრებას ელოდებოდა. და ყველაზე გასაოცარია ის, რომ ეს ტკივილი დღეს ჩვენს პლანეტაზე ყველა კონტინენტის მსმენელებს ეხება. სავარაუდოდ, ყველას აქვს გარკვეული სახის საკუთარი ტკივილი, მათ შორის, ისეთებსაც, ვისაც ასეთ ამაზრზენ რეჟიმში ცხოვრება არ გამოუცდია. სწორედ ამაშია მისი გენიალურობა. 
არ მინდა ანალოგების გავლება, მაგრამ მეც მქონია ბევრი რთული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. დედაჩემი იყო კათოლიკე, მამა - მართლმადიდებელი. ალბათ სიმბოლურია, რომ ლენინის დაკრძალვის დღეს დაქორწინდნენ. მილიციაც კი მივიდა მათთან, ნუ ხმაურობთო... არც ერთი ჩემი ნათესავი არ იყო პარტიის წევრი. კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა მათ გარშემო. მაგრამ მათ ჩემთვის არაფერი უთქვამთ - ალბათ, ეშინოდათ.


1956 წელს, როდესაც პიროვნების კულტი დაინგრა, თბილისში, სანაპიროზე, სადაც სტალინის უზარმაზარი ძეგლი იდგა, ქართველი ახალგაზრდობის მოგერიება ხდებოდა საჭირო. ეს პროტესტი დარბევებით და დიდი რაოდენობის მსხვერპლით სრულდებოდა. წარმოიდგინეთ, ამ მიტინგებზე ჩემს მეგობრებთან ერთად დავდიოდი. მე უკვე ოცდაერთი წლის ვიყავი. ახლა, როდესაც იმ დროს ვიხსენებ, საკუთარი თავის წინაშე უხერხულობას ვგრძნობ.
წლები დამჭირდა, რომ გამეცნობიერებინა, რას ნიშნავს ტოტალიტარული რეჟიმი და მილიონობით აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი.  როდესაც ამის გააზრებას იწყებ, შენში რაღაც შინაგანი გარდატეხა ხდება.
საბედნიეროდ, ქართველებს ახასიათებთ არტისტიზმი და თვითირონია. ასეთი თვისებებით უფრო ადვილია იმის აღქმა, თუ რა ხდება გარშემო ...


დრო გადიოდა, ლიდერები იცვლებოდნენ, მაგრამ სახელმწიფო ძირში ისევ იგივე რჩებოდა. ერთი პერიოდი პოლიტბიუროს წევრების გვარების ჟღერადობასაც კი ვაქცევდი ყურადღებას. მეჩვენებოდა, რომ თუ გვარი კარგად ჟღერს, ესე იგი, მას ღირსეული ადამიანი ატარებს. მაგრამ, მალე დავრწმუნდი, რომ პოლიტბიუროს წევრები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც მეგარდერობე ქალები სასტუმრო „რასიაში“ ან „მოსკოვში“, რომლებიც შესვლისას პალტოს გართმევენ, როგორც გარეგნობით, ასევე ინტელექტის დონით.


- გვარებს მათში დამალული მუსიკის საპოვნელად უსმენდით?
- არა, უბრალოდ, რაღაც უკეთესის მოლოდინში, რისი იმედიც გაქვს. ეს უკეთესი კი არ დგება. დღემდე ასეა... ჩემთვის სიჩუმეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ხანდახან გამეფდება ხოლმე ნაწარმოების დასრულების შემდეგ. ექვსი-შვიდი წამიც კი - უკვე უზარმაზარი ჯილდოა.


- თქვენი მუზა თქვენი მიწაა. ამბობენ, რომ ხალხის განახლება ნახევარ საუკუნეში ერთხელ ხდება. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წელზე ოდნავ მეტი გავიდა. რაიმე ცვლილებები თუ მოესწრო ამ დროის განმავლობაში?
- საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა. ჩემს ახალგაზრდობაში ტელეფონების წიგნი ძალიან მოცულობითი იყო. ქართველების გვერდით მასში ნახავდით დიდი რაოდენობით სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, ებრაელებს. დღეს ეს წიგნი ბროშურის ზომამდე შემცირდა...
პირველმა ქართველმა პრეზიდენტმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იქნა არჩეული, ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ის განათლებული ადამიანი იყო, მაგრამ, ალბათ, არ იცოდა, რომ ლოზუნგი „საქართველო - ქართველებისთვის“ სხვა ლოზუნგის მსგავსად ჟღერდა, რომელმაც გასული საუკუნის პირველ ნახევარში უდიდესი კატასტროფა გამოიწვია.
1991 წელს ჩვენი საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. სამწუხაროდ, საზოგადოების გაყოფა დღესაც სახეზეა. არ ვიცი, რა დრო იქნება საჭირო, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არსებული სიძულვილი ასეთი მძაფრი აღარ იყოს...


- თქვენ, როგორც წესი, ყურადღებით აკვირდებით რა ხდება მსოფლიოში?
- არ მახასიათებს ამაზე საჯაროდ საუბარი.
ამავე დროს, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ის, რაც ხდება გარშემო, არანაკლებ გავლენას ახდენს ჩემს მსოფლმხედველობაზე. აქედან გამომდინარეობს დარდი, მწუხარება და გამოუვალი მდგომარეობაც, რომელზეც ვწერ და მომავალშიც დავწერ. ზოგჯერ მიჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხს ვერ ვიღებ.  მაგალითად, სადამდე მიგვიყვანს სულ უფრო მზარდი რელიგიური ფანატიზმი? ან როდემდე უნდა იტანჯონ სუსტი ერები ძლევამოსილი მეზობლის ამბიციების გამო?
მსურს, ზემოთ ნათქვამი სიტყვები ჩემი სამშობლოს მაგალითზე განვმარტო. მესმის, რა ისტორიული გარემოებების საფუძველზე წარმოიშვა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა. ამავე დროს, ჩემთვის გაუგებარია, როგორ დამკვიდრდა ბოლშევიკების მიერ დაკანონებული ცნებები-ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც 5000 მეტრზე მაღალი მთებით არის ერთმანეთისგან გამოყოფილი.
ოსები - ერთ-ერთი ყველაზე მონათესავე ერია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეებია ცხოვრობს. ჩვენთან მრავალრიცხოვანია შერეული ქორწინებები, ჩემი ულამაზესი დიდი ბებია მამის მხრიდან, ოსი იყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე უამრავი ოსი ცხოვრობს.
რა თქმა უნდა, ეს ხელს აძლევს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელმაც, სამწუხაროდ, იმპერიული ამბიციები ვერ დაივიწყა. ამის მაგალითია ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა ფედერალური საბჭოსადმი. მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყოფილი საბჭოთა კგბ-ს პოლკოვნიკს არ შეუძლია სსრკ-ს დანგრევას შეურიგდეს და ცდილობს, საკუთარი შეიარაღების შესახებ მითიური წარმოდგენით შეაშინოს ცივილიზებული სამყარო და დაიცვას თავისი „ციხე-სიმაგრე“ არარსებული მტრებისგან.


- როგორც ვიცი, თქვენ უკვე მეხუთე წელია, არ ჩადიხართ რუსეთში...
- სურვილი არ მაქვს, თითქოს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ შეხედეთ რა ხდება თქვენს სამშობლოში, უკრაინაში. საქართველოსაც უკვე აღარ ეკუთვნის ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი... რუსეთში არის გარკვეული რაოდენობის ხალხი, რომლებიც მთავრობისგან დისტანციას იცავენ. მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც ასე აღარ იქცევიან. ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. მესმის, რომ ისინი დიდი კოლექტივებს ხელმძღვანელობენ და სხვა გამოსავალი არ აქვთ. ისინი აგრძელებენ ჩემი მუსიკის დაკვრას, რაც ძალიან მსიამოვნებს. მაგრამ, მათთან ძველებური ურთიერთობა აღარ მაქვს...
თუმცა, რუსეთში ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ბევრი თბილი მოგონება დამრჩა ჩემი ნაწარმოებების პრემიერების შესახებ მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რომელსაც დღემდე მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევ.  როდესაც თბილისური შესრულების შემდეგ იქ მორიგ სიმფონიას ვუსმენდი, თითქოს ტექნიკურ კონტროლს გავდიოდი. 


- შეიძლება ისე მოხდეს, რომ გაგიჩნდეთ იქ დაბრუნების სურვილი?
- იცით, ვოცნებობ, როგორღაც გადავიტანო ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ვშიშობ, რომ ეს არ გამოვა. ის ჩემზე გაცილებით ახალგაზრდაა...


P.S. გია ყანჩელთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მან გამომიგზავნა ტექსტი, რომლის დაწერის სურვილიც ახსნა იმით, რომ სურდა, უფრო ნათლად განემარტა რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც ჩვენი საუბრის დროს წარმოიშვა.


ამ ტექსტს COLTA.RU ინტერვიუს ბოლოსიტყვაობის სახით აქვეყნებს: 


რას და ვის უნდა ვუმადლოდე? 


ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირად ვფიქრობ თვითგანათლების მნიშვნელობაზე.


ჩემთვის ინტუიცია და წარმოსახვა წარმოადგენს საიმედო დასაყრდენს ხელოვნებაში. ყველა ჩემს კოლეგას ეს თავისებურად აქვს გამოხატული. ხშირად ნიჭიერი ახალგაზრდა კომპოზიტორები, რომლებმაც ბრწყინვალე პროფესიული განათლება მიიღეს, სამუდამოდ მის ტყვეობაში რჩებიან. ხშირად მათ მიერ შექმნილი ერთობ მიმზიდველი მასალა არ გამოდის არსებითი კლასიკური ფორმის ჩარჩოებიდან, მუსიკალური ენაც რაღაც მოსმენილს ან კარგად ნაცნობს გვახსენებს.  მე გამიმართლა. თბილისის კონსერვატორიაში ანალიზის ფორმის და პოლიფონიის სწავლება მოსკოვის და ლენინგრადის კონსერვატორიებთან შედარებით, ისეთია, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს აღძრავს. ამიტომ, ინსტრუმენტალისტების და ვოკალისტებისგან განსხვავებით, კომპოზიტორების შემთხვევაში თვითგანათლების ფაქტორს დასაშვებად მივიჩნევ. და თუ ვინმე თვლის, რომ ჩემს შემოქმედებაში გარკვეული ინდივიდუალიზმი იკვეთება, ამას სწორედ ზემოთ აღნიშნულ თვითგანათლებას უნდა ვუმადლოდე...


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემს ცხოვრებაში ბევრს უნდა ვუმადლოდე დროების გრიმასებს, რომელშიც მომიწია ცხოვრება და შემოქმედებითი მუშაობა. მე ინტელიგენტურ ოჯახში გავიზარდე. მიუხედავად ამისა, ჩემთვის, პიროვნებისთვის, რომელიც საბჭოთა სკოლაში გავიზარდე და იზოლაციაში ვიყავი, არსებობდა ორი კუმირი. ერთი მავზოლეუმში განისვენებდა, მეორე კი კრემლში საქმიანობდა.


დრო დამჭირდა, სანამ „მოაზროვნე გილიოტინა“ (როგორც ლენინს პაველ სტრუვე უწოდებდა) და „ყველა ერის მამა“ (როგორც ჩვენ სტალინს ვუწოდებდით) ჩემს ცნობიერებაში სათანადო ადგილს დაიმკვიდრებდნენ. ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა რუსების 80 პროცენტის ტვინების გამორეცხვა კვლავაც წარმატებით გრძელდება. დარჩენილი 20 პროცენტიდან უმრავლესობა პოტენციური „უცხოეთის აგენტები“ არიან. ეს ხომ გახრწნილი პროპაგანდის შედეგია?


ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში და ქვეყნის ცხოვრებაში გრძელდებოდა გენერალური მდივნების ცვლა. სწორედ ამ დროს დავწერე შვიდი სიმფონია „ნათელი სევდა“, ლიტურგია „ქარით გამოტირებული“. ამ ნაწარმოებებში ერთმანეთს ენაცვლება დარდი და იმედი. მოგვიანებით შეიქმნა „ცხოვრება შობის გარეშე“ - დილის, შუადღის, საღამოს და ღამის ლოცვები-განსაზღვრული შეხედულება ტოტალიტარულ რეჟიმში განვლილ ცხოვრებაზე. მიხეილ გორბაჩოვის მიერ ნაჩუქარმა გარდაქმნამ და შედეგად საბჭოთა კავშირის დანგრევა, განსაკუთრებული სიხარული ვერ მოგვიტანა. ნაციონალიზმმა და პატრიოტიზმმა სხვა თვისებები შეიძინა. გამოჩნდა ხალხი, რომლებისთვისაც სამშობლოს სიყვარული პროფესიად გადაიქცა, რასაც ყოველთვის დამღუპველ გავლენად მივიჩნევდი. და მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვროდ მადლიერი ვარ შესანიშნავი სოლისტებისა და დირიჟორების, რომელთა ინიციატივითაც მთელი რიგი ნაწარმოებები დავწერე, მათში მაინც გამოსჭვივის სევდა და წუხილი.


ამავე დროს ჩემ მიერ კინოფილმებისთვის და თეატრალური დადგმებისთვის დაწერილ მუსიკაში სევდასთან ერთად ოპტიმიზმიც არის, იმედიც და სიხარულიც. ამისთვის კინო და თეატრის რეჟისორების მადლობელი ვარ, რომლებთან თანამშრომლობის ბედნიერებაც მხვდა წილად და რომელთა სურვილებსაც შეძლებისდაგვარად ვასრულებდი.


რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ უნიკალური ხმის ჩამწერი კომპანიის ECM Records, სადაც სხვადასხვა დროს გამოვიდა ათზე მეტი ჩემი საავტორო დისკი. 


რასაკვირველია, ბევრს უნდა ვუმადლოდე ჩენს მშობლებს და ჩემს მეუღლეს, რომელთან ერთადაც 50-წლიანი ერთობლივი ცხოვრება მაკავშირებს; ჩემს მეგობრებს ქუჩიდან, სკოლიდან, ორი უმაღლესი სასწავლებლიდან, ჩემს  პედაგოგებს და მუსიკალურ წრეებს, რომლებთან ერთადაც მოვახერხე ურა-პატრიოტების და გულანთებული ნაციონალისტების გავლენისთვის თავის არიდება.


ასევე მადლობელი ვარ ჩემი ვაჟის და ქალიშვილების, რომლებიც დღესაც მოქმედებენ ჩემს მსოფლმხედველობაზე, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ მათ ოთხი შვილიშვილი მაჩუქეს, რომლებმაც ჩემში ნათელი ოპტიმიზმი გააღვივეს.


ხშირად მისვამენ კითხვას:
„თუ ასეთი ბედნიერი ადამიანი ხართ, რატომ წერთ ასეთ სევდიან მუსიკას?“ რაზეც ჩვეულებრივ ვპასუხობ: „გინდათ, რომ უბედური კაცი ვიყო და ბედნიერ მუსიკას ვწერდე?“


საერთო ჯამში, მადლიერი ვარ ბედის, რომელმაც ამდენი სიხარული და ბედნიერება მაჩუქა.

ავტორები:
რომან იუსიპეი
ვასილი შაპოშნიკოვი, „კომერსანტი“   

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?