საინფორმაციო შეხვედრაზე კონკურსანტებმა Campus France-ის და განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმოდგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტში ჩარიცხვის, გამგზავრებამდე და გამგზავრების შემდეგ განსახორციელებელი პროცედურების შესახებ.
2018- 2019 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად 17 სტიპენდია გაიცემა როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
აღნიშნული პროგრამა 2016 წელიდან ხორციელდება და უკვე 30-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საქართველოს მოქალაქეებზე საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლად. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
დაფინანება გულისხმობს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:
- სწავლის (სავარაუდო) ხარჯების საფასური;
- ყოველთვიური სტიპენდია - 767 ევროს ოდენობით (ათი თვის განმავლობაში);
- სტუდენტური დაზღვევის ხარჯები;
- სავიზო მოსაკრებელი;
- დოსიეს შექმნის ხარჯები.
სასტიპენდიო პროგრამის "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში" ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:
- აგრარული მეცნიერებანი;
- განათლება;
- ინჟინერია;
- მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
- სამართალი;
- რქიტექტურა;
- საჯარო მმართველობა;
- მენეჯმენტი.