ქართული მოდის წამყვანმა ბრენდმა, მოდის სახლმა AVTANDIL-მა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია ჯეოლაბმა ერთობლივი კონკურსი დაიწყეს! - კონკურსი ტარდება როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი და ამბიციური გრაფიკოსი დიზაინერებისთვის, რომლებიც საკუთარი პორტფოლიოს შექმნა და ისეთ წარმატებულ ბრენდებთან მუშაობა სურთ, როგორიც "ავთანდილის" მოდის სახლია.
პრინტ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარი გრაფიკული ნამუშევარი წარმატებული ქართული ბრენდის ნაწილი გახადონ და, რაც მთავარია, ნამუშევარი მთელ მსოფლიოს გააცნონ.
გრაფიკოსი დიზაინერები Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებით გრაფიკული ფორმატის ნამუშევრებს შექმნიან. ისინი ცნობილი ქართველი მხატვრის, ოლეგ ტიმჩენკოს ნახატის, "ჯარისკაცის" საკუთარ ვარიაციებზე იმუშავებენ და ჟიურის სამ სხვადასხვა სტილს ან ერთი სტილის სამ სხვადასხვა ვერსიას წარუდგენენ. გამარჯვებულების ნამუშევრებს კი მთელი მსოფლიო იხილავს - მათ ბრენდის სხვადასხვა პროდუქტზე დაიტანენ.
პროექტის მიზანია დამწყებ გრაფიკოს დიზაინებერებს მიეცეთ საშუალება წარომოააჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და ჰქონდეთ სხვადასხვა სფეროს, წარმატებულ ბრედებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ისეთი როგორიც ავთანდილია.
„ჯეოლაბი ყოველთვის ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას. ახლა კი დროა ტექნოლოგიური და ციფრული პროგრესი სხვა სფეროებშიც შევიტანოთ, რომლის საჭიროებაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა კარგად დაგვანახა. ავთანდილთან კოლაბორაციული კონკურსი ერთის მხრივ, ამ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობის დასაწყისია, მეორეს მხრივ კი პირველი ნაბიჯია ამ დიდი მიზნისაკენ“, - აცხადებენ ჯეოლაბში.
რეგისტრაცია 28 მაისს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 110-ზე მეტი დიზაინერი დარეგისტრირდა. კონკურსანტებს ავთანდილმა სპეციალური მასტერკლასი ჩაუტარა. მათ უკვე გადაეცათ ბრიფი და მუშაობაც დაწყებულია.
რამდენიმე დღეში კი გამარჯვებული ნამუშევრები გამოვლინდება.