ურთიერთობა

„პიეტა“ - ერთადერთი შედევრი, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა

fun time

18:00 სამ. 24 ოქტომბერი, 2023 წელი

მიქელანჯელოს „პიეტა“

14
დაკოპირებულია

რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მდებარეობს კაცობრიობის უდიდესი მხატვრისა და მოქანდაკის მიქელანჯელო ბუონაროტის საოცარი ქმნილება „pieta“. როცა მისი შექმნა დაიწყო, 1498 წელს, მიქელანჯელო 23 წლის გახლდათ! საკუთარი ხელოვნების სრულყოფილებაში დარწმუნებულმა კონტრაქტში ჩაწერა, რომ „პიეტა იქნება ულამაზესი მარმარილოს ქანდაკება და ვერცერთი ცოცხალი ხელოვანი მასზე უკეთესს ვერ შექმნის“.

 

მე-14 საუკუნეში ქრისტიანობაში ღვთისმშობლის მწუხარების თაყვანისცემა დაიწყო, რაც ხელოვნებაშიც აისახა. იესო ქრისტეს დატირების სცენებს პიეტას უწოდებდნენ.

***

მიქელანჯელომ თავისი შედევრი 1498-1499 წლებში, ტოსკანური მარმარილოსგან გამოკვეთა. ის ფრანგი კარდინალის ჟან ბილერის (Jean de Bilhères) საფლავის კაპელისთვის იყო განკუთვნილი.

ჟან ბილერი რომში საფრანგეთის წარმომადგენლად მოღვაწეობდა. მან მიქელანჯელოს საკუთარი საფლავისთვის ქანდაკება შეუკვეთა, თუმცა მის დასრულებას ვერ მოესწრო.

კონტრაქტით გათვალისწინებული ერთი წლის ნაცვლად, მიქელანჯელო „პიეტაზე“ ორი წელი მუშაობდა.

ამ პერიოდში კარდინალი გარდაიცვალა, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ის მიქელანჯელოს სახელოსნოში ქანდაკების სანახავად მივიდა. ამ დროისთვის, მხოლოდ ღვთისმშობლისა და ქრისტეს სახეები იყო დასრულებული, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ მოქანდაკემ პირობა შეასრულა და სილამაზითა და ემოციურობით მიქელანჯელოს შედევრზე უკეთესის შექმნას ვერავინ შეძლებდა.

მე-18 საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის ერთ-ერთ კაპელაში გადაიტანეს.

***

ავტორის ჩანაფიქრით, მარიამს ჯვარცმიდან ჩამოხსნილი იესოს სხეული მუხლებზე ჰყავს დასვენებული. მძიმე მოსასხამის ნაკეცები მთლიანად ფარავს მარიამის სხეულს და მნახველს ისეთი განცდა რჩება, თითქოს ტოსკანური მარმარილო თავად შეიცავს სიკვდილსა და მწუხარებას.

მნახველის წინაშე ცხადად წარმოდგება სურათი - როგორ აჰყავს მარიამს შვილი, როგორი დედობრივი მზრუნველობით იჭერს, როგორ ეფერება მისი მზერა ქრისტეს სახეს...
ქრისტე ექსპრესიულად არის მოცემული: გამხდარი, უკან გადაგდებული თავით და უღონოდ ჩამოვარდნილი ხელით.

ყველა, ვისაც ქანდაკება უნახავს, გრძნობს, რომ გარდაცვლილი შვილის სხეული დედას აუტანელი სიმძიმით აწევს, მაგრამ უფრო მძიმეა დარდი, რომელიც დედის გულს დაუფლებია. მარიამის დახრილი თავი და მწუხარე სახის მშვენიერი ნაკვთები თავსაბურავის ნაკეცებშია მოქცეული.

მრავლისმეტყველია მარცხენა ხელის ჟესტი, რომელიც თითქოს კითხვას გამოხატავს და გამოუსწორებელი დანაკარგის დაჯერება არ უნდა.

მარიამს ახალგაზრდა ქალიშვილის სახე აქვს, თუმცა იესოს გარდაცვალების დროისთვის ის 50 წლის იყო. დიახ, თეოლოგიური კანონები დაირღვა, თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ამტკიცებენ, რომ რენესანსის პერიოდში სწორედ ასე იყო მიღებული ქალწული მარიამის სულიერი სიწმინდის ასახვა.

დარღვეულია ქანდაკების პროპორციებიც, რასაც იდეური და წმინდა ტექნიკური დატვირთვა აქვს: მარიამი უფლის დედაა, ამასთანავე, შვილის სხეულის დაჭერა უნდა შეძლოს, ამიტომ მისი ფიგურა მოზრდილი ზომის უნდა ყოფილიყო.

***

„პიეტა“ ერთადერთი ნამუშევარია, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა.

იტალიელი მწერლისა და ხელოვანის ჯორჯო ვაზარის ცნობით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა „პიეტას“ ავტორად სხვა მოქანდაკე მიიჩნია და ამ თემაზე კამათი გაჩაღდა, მიქელანჯელო იძულებული გახდა, ქანდაკებაზე საკუთარი ხელმოწერა ამოეკვეთა.

მოგვიანებით, ხელოვანმა ეს გადაწყვეტილება ინანა და დაიფიცა, რომ საკუთარ ნამუშევარს ხელს აღარასოდეს მოაწერდა.

***

სამწუხაროდ, მსოფლიო შედევრი არაერთხელ დაზიანდა. ერთ-ერთი გადატანის დროს ღვთისმშობელს მარცხენა ხელი დაუზიანდა, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი ქანდაკებას 1972 წლის 21 მაისს უნგრელმა გეოლოგმა ლასლო ტოთიმ მიაყენა. „მე მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ვარ“ - ყვიროდა ტოთი და შედევრს უროს ურტყამდა. სანამ დაცვა შეიპყრობდა, გეოლოგმა „პიეტას“ 50-მდე ნაწილი, მათ შორის, ცხვირისა და მოსასხამის ნაკეცი და ხელი მოსტეხა.

ნატეხების ნაწილი დაიკარგა, ნაწილი ტურისტებმა და ტაძრის მცველებმა მაშინვე დააბრუნეს. მომხდარის შემდეგ, ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების კონსილიუმი შეიკრიბა და გადაწყდა, რომ დაზიანებული ნაწილი მაქსიმალური სიზუსტით აღედგინათ.

საბოლოოდ, ქანდაკებამ პირვანდელი სახე დაიბრუნა, თუმცა ამისთვის, ქანდაკების უკანა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილებიდან დაკარგული ფრაგმენტების ამოჭრა გახდა აუცილებელი.

რესტავრაციის შემდეგ მიქელანჯელოს შედევრს ტყვიაგაუმტარი მინის ჯებირი შემოავლეს.

ესეც დაგაინტერესებთ:

მიქელანჯელოს ფრესკები - „ადამის შექმნა“, რომელიც გამოწვევა იყო მიქელანჯელოსთვის და მან შედევრად აქცია!

სალვადორ დალის ნახატები - 2 საათში შექმნილი „რბილი საათების“ სიმბოლოები!

ფერწერული შედევრები, რომლებიც ქურდობისას განადგურდა

„უთანასწორო ქორწინება“ - სკანდალური შედევრი, რომელმაც უამრავი ქორწილი ჩაშალა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!