ქალწული – ზოდიაქოს ამ ნიშნით ქვეყანას ყველაზე „იდეალური” არსებები ევლინებიან. ქალწული გამუდმებით დაეძებს ჰარმონიას და ყველაფერში შეაქვს კორექტირება, დაწყებული დღის წესრიგით, დამთავრებული პირადი ურთიერთობებით. მისთვის ძნელი ასატანია უზუსტობა, უპასუხისმგებლობა და ქაოსი, რაც, დამეთანხმებით, ადამიანების დიდ ნაწილს ახასიათებს. ამიტომ ბევრი ქალწული არჩევს, პარტნიორის გარეშეც კი გაატაროს ცხოვრება და ამაში არაფერია ტრაგიკული ან სევდიანი. ქალწულს მოსწონს სიმშვიდე, წესრიგი და კომფორტი. არ უყვარს, როცა ვინმე ურღვევს მყუდროებას, ან უხეშად ერევა მის საქმეებში, ან აიძულებს, შეცვალოს გრაფიკი. ამ ადამიანებს დიდი სიყვარული ახასიათებთ ცხოველების მიმართ, შესაბამისად, მოწესრიგებული და სანდომიანი ბებია თქვენს მეზობლად, ან ბაბუ მუდმივად გაქათქათებული ხალათის საყელოთი, რომელიც სუპერმარკეტში ყოველ დილით გხვდებათ, სახლში კატების დიდი „ოჯახის“ პატრონია და აუცილებლად ზოდიაქოს ნიშნით ქალწული.
თხის რქა – მკაცრი, ხშირად პირქუში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს სხვებზე. პრინციპში ასეც არის, თუმცა – ნაწილობრივ. თხის რქას, სატურნი მართავს – შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტა. ამიტომ თხის რქები პატარა ასაკიდანვე მარტივად ეჩვევიან რეჟიმსა და აკრძალვას. მათთვის პირიქით, შეუძლებელიც კია ცხოვრება აბსოლუტურ თავისუფლებასა და ქაოსში. თხის რქას მოსწონს დისციპლინა, მორალურ-ეთიკური ნორმების გათვალისწინებით ცხოვრება და ბევრი მუშაობა. თუმცა, ხშირად უჭირს გრძნობების გამოხატვა და აფიშირება საპირისპირო სქესის მიმართ. ამიტომ ბევრჯერ ისე ხდება, რომ ის ზუსტად ამ სიცივის გამო რჩება მარტო – პარტნიორის გარეშე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში თხის რქა, იშვიათად ეძებს მიზეზს საკუთარ თავში, ის უბრალოდ ეგუება და განაგრძობს ცხოვრებას იზოლაციაში. რას გავაწყობთ? თუკი განგებას ასე უნდა.
თევზები – ემოციური, ძალზე სენსიტიური და მგრძნობიარე ინდივიდია. მართალია, თევზების უმეტესობას ხშირად პარტნიორის გარეშე გაძლება არ შეუძლია, მაგრამ არსებობენ განსაკუთრებით ჩაკეტილი და ჭეშმარიტად „ნეპტუნიანური“ ბუნების მქონე ინდივიდებიც მათ შორის, ისინი, ვისაც საკუთარი სამყარო გააჩნია, რომელშიც სხვების შემოშვებას მაქსიმალურად კრძალავს. ასეთი ტიპის თევზებს უფრო ხშირად ხელოვანთა შორის შეხვდებით. მათთვის მარტოობა არც ისე მძიმე ტვირთია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ისინი საკუთარი შემოქმედებით ცოცხლობენ და აქვთ სამყარო, რომელსაც ყოველთვის მარტივად აფარებენ თავს სულიერი სიცარიელის პერიოდებში.