ესკობარმა მშობლიურ კოლუმბიელებს საკმაოდ უცნაური სახსოვარი დაუტოვა - ბეჰემოთების ყველაზე დიდი კოლონა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნარკოიმპერიის აყვავების ხანაში, ესკობარის წინაშე რთული პრობლემა იდგა - არ იცოდა, სად წაეღო უზარმაზარი ფული.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ნარკობარონის მრავალრიცხოვანი მამულები ძვირფასი სახლებით, ჩოგბურთის კორტებით, აუზებითა და თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენი ზოლებით მოეწყოთ. ყველაზე დიდ მამულში „ნეაპოლში“ კი კონტინენტზე უდიდესი ზოოპარკი ააშენეს, სადაც 120 ანტილოპა, 30 გარეული კამეჩი, 6 ბეჰემოთი, 3 სპილო და ორი მარტორქა ჩამოიყვანეს. მალე კოლექცია აფრიკიდან და ავსტრალიიდან ჩამოყვანილი ცხოველებითაც შეავსეს.
1993 წელს, ესკობარის გარდაცვალების შემდეგ, „ნეაპოლი“ გაიძარცვა. ცხოველების უმეტესობა სხვადასხვა ზოოპარკში გაანაწილეს, მაგრამ ოთხი ბეჰემოთი რატომღაც ადგილზე დატოვეს. ბეჰემოთები 24 წლის მანძილზე ისე გამრავლდნენ, რომ აფრიკის საზღვრებს გარეთ, ბეჰემოთების ყველაზე დიდი კოლონია შექმნეს.
რამდენიმე წლის წინათ ინვესტორებმა „ნეაპოლის“ 400 ჰექტარზე პარკი გააშენეს. ტურისტებისთვის პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა „ესკობარის ბეჰემოთებია“, რომლებიც, ასევე, პარკის მთავარი პრობლემაა.
„დედალი ბეჰემოთი ორ წელიწადში ერთხელ მშობიარობს. აქ მათთვის ნამდვილი სამოთხეა. საკვებიც თავზესაყრელად აქვთ, ბუნებრივი მტრები კი არ ჰყავთ. ამიტომ გაცილებით მშვიდად გრძნობენ თავს, ვიდრე ველურ ბუნებაში“, - ამბობს ბუნების დაცვის რეგიონული კორპორაციის ბიოლოგი დევიდ ეჩევერი.
პარკის ტერიტორიიდან რომ არ გავიდნენ, ბეჰემოთებს, ნატურალურ საკვებთან ერთად, ყოველდღიურად 200 კგ მშრალ საკვებს აწვდიან, თუმცა დაღამებისას ისინი პარკის ტერიტორიას მაინც ტოვებენ და მდინარე მაგდალენაში საჭყუმპალაოდ მიდიან. რამდენჯერმე ისინი პარკიდან 100 კილომეტრის დაშორებითაც კი შენიშნეს, თუმცა უმეტესობა ქალაქ დორადალის მახლობლად, მინდვრებში ნებივრობას არჩევს.
კოლუმბიელი გლეხები „ესკობარის ბეჰემოთებს“ უკვე მიეჩვივნენ. საბედნიეროდ, ამ დრომდე, ბეჰემოთის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, ბუნებრივია, ეს უსაფრთხოების გარანტია არ არის.
„ბეჰემოთები ჩვენი ქალაქის თილისმებად იქცნენ. თუ არ შეაწუხებ, ძალიან მშვიდები არიან. ჩვენ მათ ძალიან მივეჩვიეთ და ზოგჯერ გვგონია, რომ აფრიკაში ვცხოვრობთ. ჩვენ განსაკუთრებულები ვართ“, - აღნიშნავს ქალაქი დორადალის მცხოვრები.