ახალგაზრდა პოლიტიკოსი ახერხებდა, ნებისმიერ თანამდებობაზე ყოფნის დროს, წარმატებული რეფორმები გაეტარებინა, ამიტომ, როცა 1966 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, ავსტრალიის მოსახლეობა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა.
ჰაროლდ ჰოლტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოღვაწეობაც წარმატებულად დაიწყო. მან შეძლო ავსტრალიური დოლარის კურსის გამყარება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე სასიკეთოდ აისახა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის პოსტზე მხოლოდ 22 თვე გაატარა, გაუჩინარების მომენტისთვის ჰოლტი მსოფლიოში ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ.
მისი თანამშრომლები იხსენებენ, რომ პრემიერი მტკიცე ნებისყოფის მქონე და დისციპლინის მოყვარული ადამიანი იყო, რომელიც დღე-ღამეში 16 საათს მუშაობდა. მისი ერთადერთი გართობა ცურვა და იშვიათად, ზღვაზე დასვენება იყო.
1967 წლის 17 დეკემბერს 59 წლის ჰაროლდ ჰოლტი, მეგობრებთან ერთად, მელბურნთან ახლოს, ოკეანის ყურეში საბანაოდ გაემგზავრა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. სამკვირიანი ძებნის მიუხედავად, პრემიერის სხეულს ვერსად მიაკვლიეს.
იმ დროს მოქმედი კანონის მიხედვით, ჰოლტის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება ვერ დაიწყებოდა, რადგან კანონი მოქმედებდა პრინციპით: „არ არის სხეული - არ არის საქმე“.
ავსტრალიელები დარწმუნებული არიან, რომ სიცოცხლისმოყვარულ კონსერვატორს თვითმკვლელობის საფუძველი არ ჰქონდა. ის პროფესიონალი მოცურავე იყო, ამიტომ დახრჩობის ვერსიაც გამოირიცხა და კიდევ - იმ ადგილას, საიდანაც ჰოლტი გაუჩინარდა, ზვიგენები არ ცურავენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ავსტრალიის პრემიერი ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ მოიცილა, რადგან ის ვიეტნამიდან ჯარების გამოყვანას აპირებდა. მეორე ვერსიის თანახმად, ჰოლტი ახალგაზრდა საყვარელთან ერთად, სამხრეთ ევროპაში გაიქცა, თუმცა ავსტრალიის სპეცსამსახურები ორივე ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ.
ასე რომ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების საქმე დღემდე გაუხსნელია.