მხიარული სასაფლაო, რომელიც სოფელს არჩენს
18:00 პარ. 20 ოქტომბერი, 2023 წელი
უჩვეულო სასაფლაო ჩიმიტირულ-ვესელი (Cimitirul Vesel) რუმინეთის სოფელ სეპინცაში მდებარეობს. საფლავის ქვებზე, განსვენებულის ფოტოსთან ერთად, კომიქსებია დატანილი. ილუსტრაციებში გარდაცვალების მიზეზია ასახული: მაგალითად, მანქანის ან მატარებლის დაჯახება, ავადმყოფობა... იუმორით სავსე ტექსტებში კი გარდაცვლილის ამქვეყნიური ცხოვრება და გატაცებებია გახსენებული.
ხის ფერადი საფლავები სეპნიცეში პირველად, 1930 წელს გამოჩნდა, როცა ადგილობრივმა დურგალმა სტან პეტრაშმა ხის ჯვრების ფერადი ორნამენტებით შემკობა, გარდაცვლილთა ცხოვრების ილუსტრირება და მათზე ირონიული კომენტარების დართვა დაიწყო.
პეტრაშის ნამუშევრებში მწვანე ფერი სიცოცხლის სიმბოლოა, ყვითელი - ნაყოფიერების, წითელი - ვნების, შავი - სიკვდილის.
ამჟამად, სასაფლაოზე სხვადასხვა ფერისა და ფორმის 800-მდე ჯვარია განთავსებული.
ამ სასაფლაოზე სახუმარო ლექსებსა და მხიარულ ნახატებს უფრო შეხვდებით, ვიდრე ისეთ კლასიკურ წარწერას, როგორიცაა, მაგალითად, „იძინე მშვიდად“.
ყველა საფლავზე განსხვავებული ტექსტი და ბარელიეფია, რომელიც პროვინციაში ცხოვრებას ასახავს: ხის მჭრელები ნაჯახით ხელში, სკოლისკენ მიმავალი მასწავლებლები, ველოსიპედისტები, ღუმელთან მჯდარი ბებიები და ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ.
მხიარული სასაფლაოს წყალობით, პატარა რუმინული სოფელი ტურისტთა თავშეყრის ადგილად იქცა. ფაქტობრივად, სასაფლაო და იმ ქვეყნად წასულები ცოცხლად დარჩენილ თანასოფლელებს ინახავენ: სოფლის სიახლოვეს ტურისტებისთვის ბაზარი გაიხსნა, სადაც ადგილობრივები საკუთარ ნაწარმს ყიდიან; აშენდა სასტუმროები და რესტორნები.
უჩვეულო სასაფლაოზე შესვლა ფასიანია. ასევე, ფასიანია სასაფლაოს ტერიტორიაზე ფოტოების გადაღება.
აქ ფულის გადახდა არავის ენანება. როგორც ამბობენ, ფერადი ორნამენტებით შემკული უჩვეულო საფლავები და ნატიფი იუმორი ბევრ ტურისტს შემოქმედებითი იდეებით ავსებს.
ესეც დაგაინტერესებთ:
სასაფლაო, სადაც ყოველ ნაბიჯზე შედევრია
როგორ გაჩნდა ამერიკაში სასაფლაოზე სადილობისა და დასვენების ტრადიცია?
რატომ მიაქვთ ებრაელებს სასაფლაოზე, ყვავილების ნაცვლად, ქვები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან