ყურისწინა (პრეაურიკულარული) ფისტულა გრძელი და ვიწრო არხია, რომელიც, ძირითადად, ყურის ნიჟარასთან იხსნება. ის ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს წარმოიქმნება და შეიძლება, ადამიანს ერთზე ან ორივე ყურზე ჰქონდეს.
თანამედროვე მსოფლიოში ყურისწინა ფისტულა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ში გვხვდება, აზიაში - 4%-ში, ხოლო აფრიკაში - 10%-ში.
ზოგადად, ფისტულას ადამიანის სხეულზე მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს და არავითარი ფუნქცია არ გააჩნია, თუმცა, თუ ჰიგიენის წესებს არ დაიცავთ, შესაძლოა, ფისტულის ვიწრო არხში მიკრობებმა შეაღწიოს და ინფექციის კერა გაჩნდეს.
ანომალიის მატარებელ ზოგიერთ ადამიანს ტკივილი და დისკომფორტი წლების განმავლობაში არ გამოუვლინდება. ზოგს კი გამუდმებით სტანჯავს. ანთებითი პროცესი პირდაპირ კავშირშია არხის შიგნით ჩირქოვანი მასის წარმოქმნასთან. თუ ჩირქს გარეთ გამოსვლის საშუალება არ აქვს, წარმოიქმნება საცობი, რომელსაც ფისტულის არეში ტკივილი და ზოგჯერ ტემპერატურის მატებაც ახლავს.
ფისტულის წარმოშობის მიზეზი უცნობია, თუმცა Business Insider-ის ცნობით, ბიოლოგი, ნილ შუბინი, რომელიც ამ შემთხვევას იკვლევდა, დარწმუნებულია, რომ ეს თევზის ლაყუჩების ევოლუციის შემდეგ დარჩენილი კვალია.