მოხუცმა სკოლის დირექტორს აუხსნა, რომ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდათ. ის კი მთელი ცხოვრება ბიბლიის წაკითხვაზე ოცნებობდა. მარუგე ერთდროულად, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პირველკლასელი და გინესის რეკორდსმენი გახდა.
საქმე ის გახლავთ, რომ 2003 წელს კენიის მთავრობამ უფასო რვაწლიანი განათლების შესახებ კანონი მიიღო და მარუგემ გადაწყვიტა, ამ შესაძლებლობით ესარგებლა.
აღსანიშნავია, რომ მარუგემ პირველ კლასში სწავლა 30 წელს გადაცილებულ შვილიშვილებთან ერთად დაიწყო.
მოხუცის ოცნება მალე ახდა - ის საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა და წერა-კითხვა ადვილად ისწავლა. ბიბლიის წაკითხვის შემდეგ, მოხუცი ქრისტიანული წესით მოინათლა. ამ დროისთვის, კიმანი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, მას კუჭის კიბო აღმოაჩნდა, ამიტომ ეკლესიაში ინვალიდის სავარძლით მიიყვანეს.
ხანდაზმული მოსწავლე მხოლოდ წერა-კითხვის სწავლით არ დაკმაყოფილდა. მას გაცილებით სერიოზული მიზნები ჰქონდა: მათემატიკის სწავლა და საკუთარი პენსიის დაანგარიშება, რომელიც არასაკმარისი ეჩვენებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კიმანი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას და ვეტერინარობას აპირებდა.
უჩვეულო პირველკლასელის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციამდე მივიდა და მარუგე 2005 წელს ნიუ-იორკში მიიწვიეს. მოხუცი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და უფასო განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
სამწუხაროდ, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულმა და მოტივირებულმა მოსწავლემ სკოლის დამთავრება ვერ მოახერხა. 2008 წელს მას ჯანმრთელობის პრობლემები გაურთულდა და სკოლაში სიარულს თავი დაანება. მოხუცი სიკვდილის წინა დღეებშიც კი მასწავლებლებს მასთან მისვლას და გაკვეთილების ჩატარებას სთხოვდა.
კიმანი მარუგე 2009 წლის 14 აგვისტოს, სკოლის დამთავრებამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა.