„ფრიდა“, 2003
2017 წლის დეკემბერში სალმა ჰაიეკმა „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოაქვეყნა ესეი, რომელიც ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის სექსსკანდალს ეძღვნებოდა. წერილში, სათაურით: „ჰარვი ვაინშტაინი - მონსტრი ჩემთვისაც“, მსახიობი წერდა, რომ „ფრიდას“ გადაღებებისას პროდიუსერი მუდმივად ავიწროებდა. ხან ორალურ სექსს სთავაზობდა, ხან მისთვის მასაჟის გაკეთებას, ხან შხაპის ერთად მიღებას, ხან იმის ყურებას, როგორ იღებდა თავად შხაპს. როცა ჰაიეკმა ის მორიგი უარით გაისტუმრა, პროდიუსერი თავიდან დაემუქრა, რომ როლს სხვა მსახიობს მისცემდა, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებდა გადაღებებს, თუ ფილმს ლესბოსური სცენა დაასრულებდა. სალმა იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. ეშლი ჯადთან ცეკვის სცენის გადაღების წინ პაიეკს ნერვული აშლილობა დაემართა და მას დამამშვიდებლებით მოუხდა გადაღებების დასრულება. მრავალი წლის განმავლობაში არ საუბრობდა მსახიობი ამის შესახებ, მაგრამ როდესაც სხვა ჰოლივუდელი ქალები ალაპარაკდნენ პროდიუსერის დანაშაულების შესახებ, სალმამაც გადაწყვიტა, დუმილი დაერღვია.
„უკანასკნელი ტანგო პარიზში“, 1972
2016 წელს რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გამოტყდა, რომ ფილმში ანალური სექსის სცენა (კარაქთან ერთად), რომელშიც 19 წლის მარია შნაიდერი მონაწილეობდა, მსახიობთან შეთანხმებული არ ყოფილა. მარიას მეწყვილემ, მსახიობმა მარლონ ბრანდომ და რეჟისორმა გადაწყვიტეს, გოგონა არ გაეფრთხილებინათ, რათა მისი ბუნებრივი რეაქცია და ემოცია გადაეღოთ. თავად შნაიდერმა ამ სცენას გაუპატიურება უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრანდო სქესობრივი აქტის იმიტაციას ახდენდა. „ტანგოს“ შემდეგ მარიას კარიერა დასრულდა. მართალია, ბერტოლუჩიმ ის ფილმ „მე-20 საუკუნეში“ მიიწვია, მაგრამ შნაიდერი მალევე მოხსნეს გადაღებებიდან ნარკოტიკებსა და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 2011 წელს მარია შნაიდერი 58 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
„ძირითადი ინსტინქტი“, 1992
პოლ ვერჰოვენის ეროტიკულმა თრილერმა შერონ სტოუნი ვარსკვლავად აქცია. ყველაზე მეტად კი მის წარმატებაზე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის სცენამ იმოქმედა, სადაც მსახიობი ქვედა საცვლის გარეშეა. ფილმის გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგ მსახიობმა რეჟისორი ტყუილში დაადანაშაულა. სტოუნის სიტყვებით, ვერჰოვენმა თეთრი ტრუსის გახდა იმ მიზეზით სთხოვა, რომ ის ძალიან გამომწვევად მოჩანდა. მსახიობი და რეჟისორი შეთანხმდნენ, რომ მაყურებელი მის სიშიშვლეს ვერ ნახავდა, მაგრამ რეჟისორმა სწორედ ეს კადრი დატოვა ფილმში. ფინალური ვერსიის ნახვისას სტოუნმა ფილმიდან ამ კადრის ამოჭრა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დიდხანს არ აპატია რეჟისორს ეს ტყუილი. პოლ ვერჰოვენის ვერსია კი სულ სხვაგვარად ჟღერს - სტოუნმა წინასწარ იცოდა მისი გეგმის შესახებ, კონკრეტული რაკურსიდან გადაეღო ეს სცენა, მაგრამ უკვე მონტაჟის დროს გადაიფიქრა. ვერჰოვენის თქმით, სტოუნი თავისმა აგენტებმა დაარწმუნეს, რომ ეს სცენა მის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებდა, როგორც დამწყები მსახიობის. პოლ ვერჰოვენმა დაადასტურა, რომ შერონს ისტერიკა ჰქონდა უარის მიღების შემდეგ, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ის შეთანხმების მიხედვით მოქმედებდა.
„შეუქცევადი“, 2002
მონიკა ბელუჩის გმირის იდეალური გაუპატიურების სცენა მთლიანად ვიზუალური ეფექტებისა და ნიჭიერად შესრულებული მონტაჟის შედეგია. ჯო პრესტიას, მოძალადის როლის შემსრულებელს, შარვალში იღებდნენ და სისხლიც კი მონიკას სახეზე გადაღებების შემდეგ დაამატეს. თუმცა რეჟისორის ხრიკებმაც კი ვერ იხსნა მსახიობი შოკისგან. მონიკა ბელუჩიმ მოგვიანებით აღიარა, რომ თავისი გმირის წითელი კაბის, რომელიც გადაღებებიდან წამოიღო, ჩაცმა კი არა, შეხებაც კი ვეღარ შეძლო.
„ადელის ცხოვრება“, 2013
ლესბოსური დრამის გადაღებების დაწყებისას მსახიობებმა ლეა სედუმ და ადელ ექსარკოპულოსმა იცოდნენ, რომ შიშველ სცენებში მოუწევდათ თამაში. მაგრამ გოგონები მზად არ აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ 7-წუთიანი სექსის სცენის გადაღებას 10 სრული სამუშაო დღე დასჭირდებოდა. შიშველი მსახიობები დღეში რამდენიმე საათს ატარებდნენ საწოლზე სხვადასხვა პოზაში. ორივე ლიმონივით გამოწურული და სულიერად განადგურებული იყო.