ინგრედიენტები:
ფქვილი - 3 ს/კ
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხის ცილა - 8 ცალი
ნიგოზი - 200 გრ
მარილი და დარიჩინი - მწიკვი
მინანქრისთვის:
თეთრი შოკოლადი - 200 გრ
შავი შოკოლადი - 50 გრ
33-34%-იანი ნაღები - 2 ს/კ
ტორტის გასაფორმებელი ნუშის ფანტელი - გემოვნებით
კრემისთვის:
კვერცხის გული - 4 ცალი
მოხარშული შესქელებული რძე - ¼ ჭიქა
ალუბლის ლიქიორი - 2 ს/კ
რძე - ნახ. ლ
შაქარი - ¾ ჭიქა
ქოქოსის რძე - ნახ.ჭიქა
კარაქი - 300 გრ
შაქრის ვანილი - 3 ჩ/კ
ატმის ჯემი - 2 ს/კ (აუცილებელი არაა)
მომზადების წესი:
1. კვერცხის ცილები და მწიკვი მარილი კარგად ათქვიფეთ. თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და იმდენ ხანს თქვიფეთ, რომ პრიალა ბეზე მიიღოთ, რომელიც ჯამის გადმობრუნებისას, არ გადმოვა.
2. ნიგოზი 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გააგრილეთ, ბლენდერში ჩაყარეთ და ფქვილივით დაფქვით. დაფქულ ნიგოზს ფქვილი და დარიჩინი დაუმატეთ და ათქვეფილი კვერცხის ცილებს ხის კოვზით ფრთხილად შეურიეთ.
3. საცხობ ქაღალდზე 24 სმ. დიამეტრის ფორმის 6 შაბლონი გამოჭერით. ცომი 6 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეულ შაბლონს ძალიან თხლად წაუსვით ცხიმი და ცილოვანი მასა სილიკონის ნიჩბის დახმარებით გაანაწილეთ. ფორმები თუნუქის ფურცელზე 3-4 სმ დაშორებით დაალაგეთ და 150 გრ გახურებულ ღუმელში დაახლოებით, 18-20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ტორტის ფენები ღია ყავისფერი რომ გახდება, ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ.
4. ჩვეულებრივი რძე და ქოქოსის რძე მიქსერით კარგად ათქვიფეთ, რომ ქოქოსის რძე კარგად გაიხსნას. რძის 1/3 ნაწილი ცალკე ქვაბში გადაიტანეთ და შეურიეთ კვერცხის გულები, შაქარი და ვანილი. დანარჩენი რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, ჩაამატეთ კვერცხის გულიან რძეში და მთლიანი მასა ადუღებამდე მიიყვანეთ. კრემი ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.
5. დარბილებული კარაქი მოხარშულ, შესქელებულ რძესთან ერთად ათქვიფეთ და თითო კოვზობით შეათქვიფეთ გაციებულ კრემს. დაუმატეთ ალუბლის ლიქიორი და კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
6. კრემი ტორტის 5 ფენას წაუსვით. ბოლო მეექვსე ფენას ძალიან თხლად წაუსვით ატმის ჯემი (თუ გაქვთ). თეთრი შოკოლადი წყლის აბაზანაზე გაადნეთ და ნაღებთან აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. ტორტის ზედა ფენა ცხელი შოკოლადის მინანქრით დაფარეთ და ცოტა გააგრილეთ.
7. შავი შოკოლადი წყლის აბაზანაზე გაადნეთ. წვრილთავიან ფორმაში ჩაასხით და ტორტის ზედაპირი ისე მოხატეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ხის ჩხირის ან დანის დახმარებით, ტორტის ცენტრიდან რვა ხაზი ნაპირებისკენ გაავლეთ, რვა კი პირიქით, ნაპირებიდან ცენტრის მიმართულებით. ტორტის გვერდებს ნუშის ფანტელები მოაყარეთ და მაცივარში 12 საათით შედგით. გემრიელად მიირთვით.