მაჩიტა (ლათ. Campanula) - მაჩიტასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთ ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 300-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ რაიონში, შუა და წინა აზიაში, ციმბირში, კავკასიასა და ჩრდილოეთ ევროპაში.
მართალია, მაჩიტას ზოგიერთი სახეობა სარეველაა, მაგრამ უმრავლესობა დეკორატიულია და ფართოდ გამოიყენება როგორც საოთახო მემცენარეობაში, ასევე ბაღებისა და სკვერების მოსაწყობად.
საოთახო მემცენარეობაში ყველაზე გავრცელებულია სწორფოთოლა მაჩიტა (Campanula isophylla Moretti), რომელსაც მეორენაირად „ნეფე-პატარძალს“ ეძახიან, რადგან აღნიშნული სახეობა ორი ერთმანეთის მსგავსი ჰიბრიდის - თეთრყვავილებიანი „Alba“-სა და ცისფერყვავილიანი „Mayi“-ს შეჯვარებითაა მიღებული.
შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით მიიჩნევენ სწორფოთოლა მაჩიტას ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საუკეთესო საქორწინო საჩუქრადაა მიღებული.
განათება
მაჩიტას მკვეთრი, მაგრამ გაფანტული შუქი სჭირდება;
ამიტომ კარგი იქნება, თუ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსებთ - მხოლოდ ისე, რომ შუადღის მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს.
ზაფხულობით, დღის ცხელ მონაკვეთში მცენარე ფანჯრიდან მოშორებით გადადგით ან მზის პირდაპირი სხივები დროებით ფარდით მოუჩრდილეთ.
გაზაფხულიდან შემოდგომამდე შეგიძლიათ, მცენარე ღია ცის ქვეშ გამოიტანოთ და თამამად მოათავსოთ ბაღში ან აივანზე. თუმცა, ნურც ამ შემთხვევაში დაივიწყებთ მზის პირდაპირი სხივების მავნებლობის შესახებ და მცენარე დღის ცხელ მონაკვეთში ნახევრად ჩრდილში გადაიტანეთ.
ტემპერატურა
მაჩიტას ზედმეტი სითბო არ უყვარს;
ამიტომ ზაფხულობით ოთახის ტემპერატურა 20-22 გრადუსი უნდა იყოს,
ზამთარში კი 12-14 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს.
ჰაერის ტენიანობა
მაჩიტასთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა, თუ პერიოდულად ფოთლებზე წყალს შეასხურებთ, ეს მცენარის ზრდაზე დადებითად აისახება.
მორწყვა
მაჩიტა მორწყვის გარეშე 2 კვირამდე ძლებს.
ზამთრობით შეგიძლიათ, მხოლოდ თვეში 2-3-ჯერ მორწყათ.
თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში მცენარეს შესაძლოა, ყოველდღიური მორწყვაც დასჭირდეს (ხანდახან დღეში 2-ჯერაც კი), მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ მორწყვათა შორის ნიადაგმა კარგად გაშრობა მოასწროს.
მოსარწყავად აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ, რადგან ხისტი წყლით მორწყვამ შესაძლოა, მცენარე დაღუპვამდეც კი მიიყვანოს.
ნიადაგი და გადარგვა
როგორც წესი, მაჩიტა გაზაფხულზე უნდა გადარგოთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მცენარე არცთუ ისე დიდხანს ცოცხლობს, შესაძლოა, გადარგვა საერთოდ არ დასჭირდეს.
ნიადაგი აუცილებლად ფხვიერი უნდა იყოს, რათა ფესვთა სისტემამ კარგად „ისუნთქოს“.
აქედან გამომდინარე, ნიადაგი მოამზადეთ შემდეგი შემადგენლობით: კორდის მიწას ცოტაოდენი ფოთლოვანი მიწა, გადამწვარი ნაკელი, ტორფი და ქვიშა გადაურიეთ.
განოყიერება
მარტიდან აგვისტოს ჩათვლით (აქტიური ზრდის პერიოდში) მაჩიტა 2-3 კვირაში ერთხელ, ოთახის ყვავილდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით გაანოყიერეთ.
დანარჩენ თვეებში მცენარეს განოყიერება არ სჭირდება.
გამრავლება
მაჩიტა შეგიძლიათ, თესლით ან კალმით გაამრავლოთ.
მცენარის თესლით გასამრავლებლად საჭიროა:
მოაგროვოთ მცენარის თესლი და ადრიან გაზაფხულზე, ტორფისა და ქვიშის ნაზავში ჩათესოთ.
ნათესს მორწყვა არ სჭირდება - დროდადრო მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალი მოასხურეთ ზემოდან.
შედარებით მარტივია მცენარის კალმით გამრავლება, ამისთვის საკმარისია:
მოაჭრათ შედარებით ქვედა ტოტიდან საშუალო ზომის კალამი და ქვიშისა და ტორფის ნაზავში ჩარგოთ. ნათესის მსგავსად, მორწყვა არც დასაფესვიანებელ კალამს სჭირდება და მხოლოდ წყლის რეგულარულ მოსხურებას საჭიროებს.
დაავადებები
შესაძლოა, მაჩიტა ობობას ტკიპით ან რომელიმე სხვა მავნებლით დაავადდეს;
ასეთ შემთხვევაში მცენარე ინსეკტიციდით უნდა შეწამლოთ;
საჭიროების შემთხვევაში კი (თუ მავნებლები სრულად არ განადგურდა) პროცედურა კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ.