თურქული მიხაკი (ლათ. Dianthus barbatus) - მიხაკისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარე, რომელიც ღია გრუნტის მცენარედ მიიჩნევა, თუმცა შეგიძლიათ, ოთახის პირობებშიც გამოზარდოთ. გამოყვანილია მცენარის არაერთი სახეობა და ჰიბრიდი - თეთრი, ვარდისფერი, წითელი, იისფერი და ა.შ. შეფერილობის ყვავილებით. ყვავილობა ხანგრძლივია - ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე, ხოლო ყვავილები - საკვებად გამოსადეგი.
თურქულ მიხაკს დამახასიათებელი, დაყოფილი ტოტები აქვს. მუქი მწვანე ფოთლები ერთმანეთის პირისპირაა განლაგებული. ყვავილები არომატულია, ჩვეულებრივი ან ბარხატისებური, მათი შეფერილობა კი კონკრეტულ სახეობაზეა დამოკიდებული და შეიძლება იყოს - თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იისფერი და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ თურქული მიხაკი ღია გრუნტის მცენარეა, მისი გამოზრდა მარტივად შეგიძლიათ ოთახის პირობებში - მხოლოდ ერთწლოვანი მცენარის სახით.
განათება
თურქულ მიხაკს კარგი განათება სჭირდება, თუმცა მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. ამიტომ ქოთანი ოთახის ყველაზე განათებულ ადგილას დადგით, შუადღის მწველი მზე კი თხელი ფარდით მოუჩრდილეთ.
იმ შემთხვევაში, თუ ოთახში საკმარისი განათება არ არის, მცენარეს დღეში 4-5 საათით ხელოვნური განათება უნდა მოუწყოთ.
ტემპერატურა
თურქულ მიხაკს ზომიერად გრილი ტემპერატურა სჭირდება - 12-150C. ვერ იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს. ასევე, ნეგატიურად მოქმედებს მაღალი ტემპერატურა (240C-ს ზემოთ) და ტემპერატურის მკვეთრი დაცემა (80C-ს ქვემოთ).
ჰაერის ტენიანობა
თურქულ მიხაკს ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, ამიტომ აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში ფოთლებზე წყალი რეგულარულად უნდა შეასხუროთ.
მორწყვა
თურქული მიხაკი ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ რეგულარულად და უხვად უნდა მორწყოთ, ისე, რომ ნიადაგი მუდმივად ტენიანი ჰქონდეს.
განოყიერება
მცენარე აქტიური ზრდის განმავლობაში, თვეში 2-ჯერ, რეგულარულ განოყიერებას საჭიროებს. ამისთვის ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი კალიუმის მაღალი შემცველობის სასუქები გამოიყენეთ.
ნიადაგი და გადარგვა
თურქულ მიხაკს ნოყიერი, ნაკლებად მჟავე შემადგენლობის, თიხნარი მიწა სჭირდება. ნიადაგი წყალსა და ჰაერს კარგად უნდა ატარებდეს.
ოთახის პირობებში თურქული მიხაკი გადარგვას არ საჭიროებს, რადგან კულტივირდება როგორც ერთწლოვანი მცენარე.
გამრავლება
თურქული მიხაკი შეგიძლიათ, თესლით ან ტოტის გადაწვენით გაამრავლოთ.
მცენარის თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მცენარის თესლი, გაზაფხულის დასაწყისში (მარტში ან აპრილში), ტორფისა და ქვიშის ნაზავში ჩათესოთ და ნათესი ნათელ ადგილას მოათავსოთ. დროდადრო უნდა მორწყოთ და გაანიავოთ. ნათესი დაახლოებით 2-3 კვირაში ამოიწვერება, თუმცა ცალკე ქოთანში მხოლოდ მას შემდეგ გადარგეთ, რაც 2 წყვილი ფოთოლი მაინც გამოეზრდება.
მცენარე ტოტის გადაწვენით ზაფხულში (ივლისში ან აგვისტოში) უნდა გაამრავლოთ. ამისთვის საჭიროა: ტოტი მიწაზე გადააწვინოთ და სპეციალური სამაგრით ნიადაგზე დაამაგროთ (ისე, რომ წვერო მუდმივად ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს). დაახლოებით 2-3 კვირაში გადაწვენის ადგილზე ტოტი ფესვებს გამოიღებს, ცოტა ხანში კი ახალი ტოტები და ფოთლებიც ამოეზრდება. ასე დაფესვიანებული ტოტი შემოდგომაზე „დედა“ მცენარეს უნდა მოაჭრათ, ახალ ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.