27 ოქტომბერს მსახიობი და „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი რუსკა მაყაშვილი იუბილარი იყო, რაც პროექტის გუნდს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია. შესარჩევი ტურის შესვენებაზე ჟიურის სხვა წევრებმა და გადაცემის წამყვანებმა რუსკას სიურპრიზი მოუწყვეს. სადღესასწაულო ქუდები მოირგეს, მაშხალები მოიმარჯვეს და იუბილარს ტორტით შეეგებნენ. შემდეგ ტორტში სახეც ჩააყოფინეს და ბევრი იხალისეს.
გახარებული რუსკა კულისებში ტორტის დაჭრით იყო დაკავებული, როცა Funtime-ს გაესაუბრა. საუბარში ვანიკოც ჩაერთო.
რუსკა მაყაშვილი: ასეთ სიურპრიზს არც ველოდი! ისე მესიამოვნა და გამიხარდა, გული ამიჩუყდა! ჩემს დაბადების დღეზე მეგობრებს ღამის 12 საათზე დახვედრა და აღნიშვნა სჩვევიათ ხოლმე, მაგრამ ასეთი სიურპრიზი ჯერ არავის მიუწყვია! თუ სურვილი მაქვს, დაბადების დღეებზე ფერადი ბუშტებით, დიჯეის თანხლებითა და ბევრი დალევით, დიდ ზეიმს ვაწყობ! ამ დაბადების დღეზე კი არ მქონდა ასეთი განწყობა, რადგან დიდი გავხდი და არ მიხაროდა, თუმცა „ნიჭიერის“ ჟიურიმ ძალიან გამახარა! ვგიჟდები ასეთ სიურპრიზებზე!
ვანიკო თარხნიშვილი: რუსკა, ძირითადად, ასეთ მოულოდნელობებშია ხოლმე!