- მერაბ, „ნიჭიერის“ შესარჩევ ტურებს თუ ადევნებდი თვალყურს?
- რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ბევრი მეგობარი მონაწილეობს. აჩიკო ლიხაშვილს, რომელსაც ნიკა გვარამიამ 10 000 ლარი გადასცა, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობთ კიდეც. იყო დრო, როცა ფეხსაცმლის მოდელირებაზე ერთად ვსწავლობდით. ასე რომ, აჩიკოს ვგულშემატკივრობ, მინდა, წარმატებები ვუსურვო, იმედი მაქვს, ფინალშიც გავა!
- პირადად შენ რა დამოკიდებულებას გრძნობ ადამიანებისგან?
- სხვათა შორის, წლებთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა. მე და ჩემი მეგობრები უკვე არაერთ პრობლემაზე ხმას ვიმაღლებთ, რამაც შედეგი გამოიღო. ერთ-ერთი პრობლემა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ახალი ავტობუსების მძღოლებმა თავიდან არ იცოდნენ, რომ ბორდიურთან ახლოს უნდა გაჩერებულიყვნენ და ისე ავსულიყავით ეტლით. მსგავსი ტიპის პრობლემები ნელ-ნელა მცირდება.