- პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პიარის მენეჯერი ვარ. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც myvideo.ge-ის გუნდში აღმოვჩნდი და მას შემდეგ, მე-11 წელია, ამ გუნდის წევრი ვარ. თუმცა რამდენიმეთვიანი პაუზაც მქონდა - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მედიაგავრცელების სააგენტო „კლიპ-არტში“ გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობდი. საფეხბურთო კლუბ „შევარდენი-1906“-ს მხოლოდ ახლახან შევუერთდი. გუნდის აღდგენიდან ერთ წელში გახდნენ ლიგა 3-ის ჩემპიონები და გადავედით მე-2 ლიგაში, რაც როგორც გუნდისთვის, ისე ჩემთვის დიდი წარმატებაა. ამჟამად ახალი სეზონის მზადებაში ვართ და საინტერესო გამოწვევებითა და დიდი გეგმებით სავსე წელი გვაქვს.
- საფეხბურთო კლუბის პიარზე ზრუნვა, ალბათ, სერიოზული გამოწვევაა...
- გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთთან შეხება ბავშვობიდან მაქვს (მამა, ბიძა, ბიძაშვილი, მეუღლეც ყოფილი ფეხბურთელები არიან), ფეხბურთის ყოველთვის მიყვარდა. „შევარდენთან“ თანამშრომლობა თავიდან მხოლოდ მეგობრობით დავიწყე და რაღაც საკითხებში ვეხმარებოდი, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა. ვფიქრობ, დროა, ქართულმა ფეხბურთმაც თქვას თავისი სათქმელი.
- რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები „შევარდენში“ და რა გეგმები გაქვთ?
- პირველ ეტაპზე კლუბის რებრენდინგი გავაკეთეთ, შევცვალეთ ლოგო და დავიწყეთ ვებგვერდის გაკეთება. ასევე, გვყავს სპონსორი. სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. გასაკეთებელი ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს. გუნდი ახალი ფეხბურთელებით კომპლექტდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ფეხბურთელს, როგორც სავარჯიშოდ, ისე სათამაშოდ, კარგი პირობები შევუქმნათ. განწყობა გვაქვს იმისა, რომ აუცილებლად მოვიპოვოთ პირველი ლიგის საგზური!
- თქვენი შეფასებით, რა უნდა იყოს ორიენტირი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისთვის?
- როცა ეს სფერო ავირჩიე, მაშინ ძალიან იშვიათ კომპანიებს ჰყავდა პიარი, რადგან ნაკლებად აქტუალური პროფესია იყო. გამუდმებით საერთაშორისო ბრენდების ქეისებს განვიხილავდით. მე-2 კურსზე ვიყავი, როცა ელდარ პირმისაშვილთან გავიარე კურსები და პირველად სწორედ მასთან განვიხილეთ ქართული კომპანიების ქეისები - რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ კომპანია ბაზარზე ბრენდად ქცეულიყო. ჩემი აზრით, მთავარია, იცნობდე კომპანიის ყველა პრობლემას და ამ პრობლემის აღმოფხვრის სწორად დაგეგმარება შეგეძლოს. რა თქმა უნდა, კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, სწორად მიწოდებულ ინფორმაციას ყველაზე დიდი წარმატება მოაქვს.
- მარკეტინგულ საქმიანობაზეც გვიამბეთ...
- ამ ეტაპზე myvideo.ge-ის მარკეტინგის კომუნიკაციებისა და გაყიდვების მენეჯერი ვარ. ასევე, ვარ სარეკლამო კომპანია „დიჯითალ ედსის“ გაყიდვების მენეჯერი (ამ ჰოლდინგში შედის: imovies.cc, amindi.ge, myvideo.ge, taripebi.ge, news.ge, ). ამ ეტაპზე დიჯითალ მარკეტინგი, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემაა და ყოველდღიურად შეგიძლია რაღაც ახალი ისწავლო.
- დაბოლოს, რა ხდება საყვარელი საქმიანობის მიღმა?
- მყავს მეუღლე და ორი შვილი - თორნიკე და ლილე, რომლებთან ურთიერთობაც ყველაზე საინტერესო და ძვირფასია ჩემთვის.