- „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ რა გამოცდილებით დაიწყეთ მუშაობა?
- დავამთავრე ჰუმანიტარული ფაკულტეტი ქართული და გერმანული ენის სპეციალობით. ჩემი სამუშაო გამოცდილება სტუდენტობიდანვე იწყება - მქონდა კერძო გაკვეთილები მოსწავლეებთან, ვმუშაობდი საბანკო სფეროში, კერძო ბიზნესში, ლიტვურ კომპანიაში პროექტების მართვის მენეჯერად, ენერგეტიკულ კომპანიაში ადმინისტრაციულ მენეჯერად... ყოველთვის ისეთ პოზიციაზე მომიწია ყოფნა, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობისთვის განსაკუთრებულ უნარებს საჭიროებდა. ზოგადად, მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ჩემი კომუნიკაბელურობა არ იყო საკმარისი, მივხვდი, უფრო მეტი მინდოდა და მჭირდებოდა. ამიტომ ჩავაბარე ჯიპაში, მაქვს მაგისტრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში, ახლა კი დოქტორის ხარისხისთვის ვიღვწი.
- „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდს როდის შემოუერთდით?
- მაგისტრატურის პირველივე კურსზე დავიწყე მუშაობა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, კომპანიაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა, მივდიოდი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ კომპანიაში. ძალიან გამიმართლა, მოვხვდი გუნდში, სადაც თითოეული თანამშრომელი მუდმივად და პროფესიონალურად ზრუნავს ერთმანეთისა და ქვეყნის განვითარებაზე.
- რა განაპირობებს თქვენს წარმატებას?
- ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის წარმატებას, პირველ რიგში, საქმისადმი სიყვარული განაპირობებს. უცხოეთში მოგზაურობის დროსაც კი გულდასმით ვაკვირდები ელექტროგადამცემ ანძებს.
- თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?
- თავისუფალი დროით დიდად განებივრებული არ ვარ, მაგრამ როცა მრჩება, ჩემს 11 წლის შვილთან, საბასთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ. მიყვარს გემოვნებიანი მუსიკა, კინოხელოვნება და მოგზაურობა.