დღის დედოფალია 25 წლის თამუნა მიქელაძე, იურისტი.
სიძე - 23 წლის გიორგი სახოკია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი ბედისწერააო.
თამუნასა და გიორგისთანაც სწორედ ასე მოხდა…
თითქოს ყველაფერმა პირი შეკრა იმისთვის, რომ სულ სხვადასხვა ცხოვრების გზით მიმავალი ორი ადამიანი შეხვედროდა და სამუდამოდ დაკავშირებოდა ერთმანეთს.
თამუნა ავსტრიაში მიდიოდა პროექტით, მისი მეგობარი სოფო კი უკრაინაში სულ სხვა პროექტით აპირებდა გამგზავრებას.
სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა, საბუთები აღარ გაეგზავნა ავსტრიაში და, სოფოსთან ერთად, უკრაინაში წასულიყო.
დღემდე არ იცის, რატომ მიიღო მაშინ ეს გადაწყვეტილება, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა. მალე დასტური მიიღო უკრაინაში გამგზავრებაზე, სადაც ქალაქ ლვოვში თვე-ნახევრით ლექციები უნდა წაეკითხა. ამ ამბის აღსანიშნად ბარში მისულებს შემთხვევით შეხვდნენ სოფოს უბნელი და სკოლელი ბიჭები. მათ შორის იყო გიორგი, რომელიც იმ დღეს თურმე სულ არ აპირებდა იქ მისვლას. ქუთაისში მიდიოდა, თუმცა რატომღაც გეგმები შეეცვალა და სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც თამუნა იყო.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მუსიკის არაჩვეულებრივი ჰანგების ფონზე გაიცანეს ერთმანეთი, ბევრი იცეკვეს და ისაუბრეს.
ბიჭის ყურადღების წყალობით მალე დაახლოვდნენ, თუმცა გოგოს უჭირდა სიყვარულში გამოტყდომა.
გაცნობიდან ორი თვის თავზე დადგა მისი უკრაინაში წასვლის დრო.
გაფრენის წინ, ჩახუტებისას, გიორგის შარვლის უკანა ჯიბეში ჩაუცურა პატარა ბარათი, სადაც ეწერა ის, რასაც გიორგი ორი თვე ელოდა - „მიყვარხარ“.
გიორგიმ ხელი თამუნას ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე სთხოვა. მოულოდნელად სცენაზე ავიდა, ნინო ქათამაძის „იების“ ფონზე საჯაროდ აუხსნა სიყვარული, შემდეგ მუხლებზე დადგა და სთხოვა, ცოლად გაჰყოლოდა. დაუვიწყარი წუთი იყო. ირგვლივ ხალხი ტაშს უკრავდა, ყველა აღფრთოვანებული იყო. გიორგის წინასწარ ჰქონდა ყველაფერი მომზადებული, ბეჭედი და წითელი ვარდი.