ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მთავარი სიმპტომი, რაღა თქმა უნდა, დაღლილობაა! აქ მხედველობაში გვაქვს არა უბრალო უხასიათობა, არამედ დაღლილობა, რომლისგან თავის დახსნას დიდი დრო სჭირდება და დასვენებასა და ძილს რატომღაც შვება არ მოაქვს.
დაღლილობის მთავარი ნიშნებია:
- დეპრესია
- ზედმეტად გაღიზიანება
- უმიზეზო აგრესია
- მუდმივი სისუსტისა და აპათიის შეგრძნება.
მოდი, გავერკვიოთ თითოეულ მათგანში:
დაღლილობა - ამ სიმპტომის დამარცხება შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ გემრიელად გამოვიძინებთ. როგორც წესი, ღრმა ძილის შემდეგ დილას სხეული და სული მხნედ უნდა იყოს. მაგრამ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შემთხვევაში ადამიანი დილას თავს კვლავ დათრგუნულად გრძნობს და რაიმეს კეთების სურვილი პრაქტიკულად არ გააჩნია.
სისუსტე - მნიშვნელობით მეორეა. ეს არა ხანმოკლე და სასიამოვნო სისუსტეა, როგორც, მაგალითად, სპორტული ვარჯიშის შემდეგ დგება, არამედ ხანგრძლივი და ძლიერი. ამგვარი სისუსტის დროს ადამიანს მუდამ ჩამოჯდომა სურს და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის სურვილი ეკარგება.
აპათია - ამ სინდრომის დროს ადამიანი ცხოვრების მიმართ აბსოლუტურად გულგრილია. მისთვის სულ ერთია, რა ხდება სამყაროში, ის არ ესწრება ღონისძიებებსა და შეხვედრებს. უბრალოდ რომ ვთქვათ, ყოველგვარი ურთიერთობის სურვილი უქრება.
ნერვული აშლილობა - სხვა ადამიანებზე ნერვების აშლით და უმიზეზო კამათით თქვენს გაუწონასწორებლობას აჩვენებთ. ესეც აღნიშნული სინდრომის ერთ-ერთი მახასიათებელია. ამგვარმა ქცევამ თქვენი სოციალური კონტაქტები შესაძლოა, საერთოდ მოსპოს. ადამიანთა მხრიდან ნდობის აღდგენა ზოგჯერ შეუძლებელი ხდება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
ახლა კი - როგორ ვებრძოლოთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს?
ამისთვის აუცილებელია:
- ჯანსაღი ძილი მთავარი ქვაკუთხედი უნდა გახდეს. ის ყველა სხვა საქმეზე უფრო მნიშვნელოვანია და პირველ ადგილზე უნდა იყოს.
- შესაძლოა, ყოველდღიურ საქმიანობაში წყვეტა გახდეს საჭირო, მოეშვით და ეცადეთ, დაისვენოთ.
- უფრო მეტი დრო ბუნების წიაღში გაატარეთ, ვინაიდან ბუნება საუკეთესო მკურნალია.
- საჭიროა სწორი კვება და თუ შესაძლებელია, ყოველგვარ ფასტფუდებსა და სხვა არაჯანსაღ საკვებზე უარის თქმა, ვინაიდან ისინი ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას არღვევს.
როგორც ხედავთ, აღნიშნული სინდრომისგან განკურნება არც ისე ძნელია. უბრალოდ, ცხოვრების ყველა სფეროში ჰარმონიის შეტანაა საჭირო და ზოგჯერ ტაიმაუტის აღების არ უნდა მოგვერიდოს.