ბოლოს და ბოლოს, რამდენი წუთი უნდა გაგრძელდეს სექსი ქალების აზრით? - ეს შეკითხვა კაცებს კაცობრიობის დაარსების დღიდან აწუხებთ (თუმცა, უმთავრესი შეკითხვა კაცებისთვის მაინც შემდეგია: ახლა ვისთან დავკავდე სექსით?). როგორც ჩანს, პასუხი ნაპოვნია. თანაც, მორიგი და უახლესი პასუხია, რადგან უკვე რამდენჯერმე განვიხილეთ ეს თემა და გაგიზიარეთ ის კვლევა, რომლის მიხედვითაც ქალებმა იდეალური სექსის ხანგრძლივობა დაასახელეს.
ამჯერად სექსის იდეალურ ხანგრძლივობაზე კვლევა გაცნობის საიტმა Saucy Date-მა ჩაატარა, რომელშიც 3836 მომხმარებელი (კაცებიც და ქალებიც) მონაწილეობდა.
მაშ ასე, ბოლო მონაცემების თანახმად, ქალების სურვილია, იდეალური სექსი 25 წუთი და 51 წამი გაგრძელდეს. დიახ, ეს მულტფილმ „სიმფსონების“ მთელი სერიის დროა! გამოკითხული კაცები უფრო მოკრძალებულები აღმოჩნდნენ საკუთარ სურვილებში: მათი აზრით, იდეალური სექსი 25 წუთი და 43 წამი უნდა გაგრძელდეს (როგორც ჩანს, სწორედ ეს 8 წამია ქალებისთვის საბედისწერო).
ამ კვლევითვე დადგინდა, რომ იდეალური ციფრი რადიკალურად განსხვავდება რეალურისგან. აღმოჩნდა, რომ, როგორც კი კაცი 50 წელს გადასცდება, დრო, რომელსაც ის სექსუალურ აქტს უთმობს, მცირდება... უკაცრავად, სიტყვა მცირდება, ცოტა არ იყოს, მსუბუქი ნათქვამია, რადგან მაჩვენებელი 25 წუთი და 43 წამიდან 15 წუთზე ჩამოდის.
ასე რომ, როგორც ხედავთ, არ უნდა ინერვიულოთ, თუკი კვლევის შედეგად დადგენილი იდეალური სექსის ხანგრძლივობა თქვენი სიამოვნების მიღების დროისგან განსხვავდება, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მთავარია, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიცხოვროთ. ხოლო სექსი 25 წუთი და 43 წამი გაგრძელდება თუ 15 წუთი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგჯერ ათწუთიანი სექსიც კი დაუვიწყარ სიამოვნებას გვანიჭებს.