ურთიერთობა

მირეი მატიე: „გამიმართლა - ისეთ ღარიბ ოჯახში დავიბადე, რომ აღარაფერი დამრჩენოდა თავდადებული მუშაობის გარდა“

fun time

18:00 ორშ. 13 ნოემბერი, 2023 წელი

მირეი მატიე

14
დაკოპირებულია

საფრანგეთის სიმბოლოდ ქცეული, უნიჭიერესი ფრანგი მომღერალი 77 წლისაა (დაბად. 1946 წ.). მისი ცხოვრება ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა - ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულმა გოგონამ მუსიკალური ოლიმპისკენ გზის გაკვლევა დამოუკიდებლად შეძლო, თუმცა ამისთვის პირადი ცხოვრების მსხვერპლად შეწირვა მოუხდა...

ღარიბი ბავშვობა და 14 წლიდან ფაბრიკაში

მირეი მატიე 1946 წელს ავინიონში დაიბადა. ის უფროსი შვილი იყო ოჯახში, სადაც 14 ბავშვი იზრდებოდა!
მამა ქვის მთლელად მუშაობდა და მისი ხელფასი ყველაზე აუცილებელს ძლივს ჰყოფნიდა.
„გამიმართლა - ისეთ ღარიბ ოჯახში დავიბადე, რომ აღარაფერი დამრჩენოდა თავდადებული მუშაობის გარდა“, - ამბობდა მომღერალი.

სიმღერა ბავშვობიდან იზიდავდა. მისი პირველი საჯარო გამოსვლა 4 წლის ასაკში შედგა, როცა საშობაო წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა.

14 წლის ასაკში სწავლას თავი დაანება და ფაბრიკაში მუშაობა დაიწყო, რათა მუსიკის მასწავლებლისთვის გადასახდელი ფული დაეგროვებინა.

ლამაზი და ნიჭიერი გოგონა პირველად 15 წლის ასაკში შენიშნეს, როცა მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა და ნიჭიერთა ტელეშოუში მონაწილეობის უფლება მიიღო.

1965 წელს ცნობილმა პროდიუსერმა ჯონ სტარკმა მირეი მატიესთან კონტრაქტი დადო. ერთი წლის შემდეგ, უკვე პარიზის ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, „ოლიმპიას“ სცენაზე გამოჩნდა.

პირველი ჰონორარი და სახლი მშობლებისთვის

1966 წელს მირეი მატიეს პირველი ალბომი გამოვიდა, რომელმაც მომღერალს მხოლოდ საფრანგეთში კი არა, მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობა მოუტანა, თუმცა ყველაზე რთული პრეტენზიული პარიზელების მოხიბვლა აღმოჩნდა. მათ მირეი პროვინციელ და გაუნათლებელ ქალად მიაჩნდათ.

საოცარი შრომისმოყვარეობის წყალობით, მალე პარიზელების გულიც დაიპყრო და საფრანგეთის ყველაზე პოპულარულ მომღერლად იქცა. ის სცენაზე იმ დროის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებთან - ფრენკ სინატრასთან, შარლ აზნავურთან და დონ ჯონსთან ერთად გამოდიოდა.

მირეიმ პირველივე ჰონორარით დიდი ხნის ოცნება აიხდინა და მშობლებს დიდი სახლი უყიდა.

ოჯახი მისთვის ყოველთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენდა. საგასტროლო ტურნეების დროს ყოველთვის ახლდა დედა მარსელ-სოფი პუარიე (გარდაიცვალა 2016 წელს).

„ჩემს ცხოვრებაში ორი ძირითადი ფასეულობაა - ჩემი სიმღერები და ჩემი ოჯახი - დედა, ძმები და დები“, - ამბობდა მომღერალი.

ტაბუდადებული პირადი ცხოვრება

მომღერალი ყოველთვის სიამოვნებით საუბრობდა ჟურნალისტებთან საკუთარ შემოქმედებაზე, თუმცა პირადი ცხოვრების თემას ტაბუ ედო. ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ მირეი გათხოვილი არასოდეს ყოფილა.

„სიყვარული ყველაზე მშვენიერი რამაა, თუმცა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არასოდეს ვსაუბრობ“ - მოკლედ პასუხობდა მირეი ცნობისმოყვარეთა კითხვებს.

მომღერალი არაფერს მალავდა, რადგან დასამალი არაფერი ჰქონდა და არც ფარული საყვარლები ჰყოლია ოდესმე.

1983 წელს 40 წლის მირეი მატიეს ხელი სთხოვა ფრანგმა მილიონერმა და თანხმობაც მიიღო, თუმცა ქორწილამდე ერთი თვით ადრე მომავალმა ქმარმა ქალს ულტიმატუმი წაუყენა: მომღერალი ბავშვის გაჩენის შემდეგ სცენას უნდა დამშვიდობებოდა. რა თქმა უნდა, ეს ქორწილი აღარ შედგა.

წლების შემდეგ მომღერალს ხშირად ხედავდნენ ცნობილ ვიზაჟისტთან, ოლივიე ეშოდმეზონთან ერთად, თუმცა ქორწილამდე საქმე არც ამ შემთხვევაში მისულა.

ქალი, რომელიც სცენაზე მარადიულ სიყვარულს უმღეროდა, ცხოვრებაში ასეთ გრძნობას თითქოს ყველანაირად გაურბოდა.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში თავისი პროდიუსერისგან, ჯონ სტარკისგან მიიღო რჩევა, რომელსაც მთელი ცხოვრება ითვალისწინებდა: „როცა ადამიანს უყვარს, ის ვერც ჭამს, ვერც იძინებს და ვერც მუშაობს. ქვეყანაზე სასწაულები არ ხდება. ასე რომ, თუ წარმატება გსურს, უნდა გეძინოს, უნდა ჭამო და უნდა იმუშაო. აი, ეს სამი პირობაა შენი მშვენიერი ხმის სიცოცხლის გარანტი“.

მირეი მატიეს საფირმო ვარცხნილობა

მირეი მატიე სცენაზე თავის საფირმო ნიშნად ქცეული „კარეს“ ვარცხნილობით გამოდიოდა.

„ადრეულ წლებში, ანუ კარიერის დასაწყისში, არავინ მიცნობდა. ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო კონცერტის წინ გადავწყვიტე, თმის ვარცხნილობა შემეცვალა. რატომღაც უპირატესობა „კარეს“ მივანიჭე და მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ჩემი ხმისა და ვარცხნილობის წყალობით მხოლოდ სამშობლოში კი არა, მთელ მსოფლიოში ცნობილი გავხდი. მას შემდეგ ჩემს „კარეს“ არანაკლებ ვუფრთხილდები, ვიდრე ხმას“, - აღიარა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მირეი მატიე დღეს

ის დღეს ბედნიერია და სრულიად არ ნანობს, რომ მარტო დარჩა.

„ჩემი პროფესია ცხოვრების ისეთ მკაცრ და დაძაბულ რიტმს მოითხოვს, რომ მე ვერასოდეს შევძლებდი სათანადო ყურადღების დათმობას ქმრისა და შვილებისთვის. ეს სიმართლეა, რომელსაც ვერ გაექცევი.

მე მიყვარს ბავშვები და მათი მოვლა, რადგან მე 14 ბავშვიდან ყველაზე უფროსი ვიყავი და დიდი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს, მაგრამ სამუშაო მაინც ყველაზე მთავარია. სხვანაირი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

რატომ უნდა ვიქცე იმად, ვინც არ ვარ, ეს ხომ საკუთარ თავზე უარის თქმა იქნებოდა? ასე რომ, ეს ჩემი არჩევანია და არა - მსხვერპლად შეწირვა“, - ამბობს მომღერალი.

მირეი მატიე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგი მომღერალია - მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 133 მილიონი ალბომი და 55 მილიონი სინგლი და მიუხედავად მომღერლის სიტყვებისა, ბევრი მისი თაყვანისმცემელი მიიჩნევს, რომ სწორედ მარტოობაა ფასი, რომელიც მირეიმ ასეთი წარმატებისთვის გადაიხადა.

მირეი მატიე რამდენიმე ათეული წელია დასთან მონიკთან ერთად ცხოვრობს პარიზის მდიდრულ გარეუბანში, ნეილი სურ სენში, საკუთარ სასახლეში. მისი მეზობლები არიან დელონი, რენო, დეპარდიე...

ახალი ტურნე და უარი რუსეთში კონცეტრზე

მირეი მატიე დღესაც აქტიურად აგრძელებს კარიერას. 2022 წლის 30 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი იწყებს საკონცერტო ტურნეს და ეწვევა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანას. თუმცა, მან უარი თქვა რუსეთში ჩასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა და იქ უამრავი ფანი ჰყავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ჩავა რუსეთში, მან უპასუხა: „გეტყვით, რომ ომის წინააღმდეგი ვარ, სულ ეს არის“.

მირეი მატიეს უახლოესი კონცერტები გაიმართება პრაღაში, 2023 წლის 10 და 11 დეკემბერს...

ეს კი მისი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერაა Pardonne-moi ce caprice d'enfant, რომელიც 1970 წელს შეასრულა.

ესეც დაგაინტერესებთ:

ტოტო კუტუნიო - ბრძოლა სიცოცხლისთვის და ცხოვრებაში ერთი ქალის სიყვარულის ამბავი

ალენ დელონი - „მინდა ერთგულ მეგობრებს შორის დავისვენო“

რატომ დაუთმო ბელმონდომ საყვარელი ცოლი სხვა კაცს?

60 წლის „უბრალოდ მარია“





სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!