„იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მუდამ ცოცხალი ვიყო“ - ინოლას ანდერძი შვილებს

სტუმრად ცნობილებთან

22 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

„მადლობელი ვარ... ყველაფრისთვის, რაც მაქვს და მიყვარს, ვინცა მწადია და მაბადია...“ - თუ ინოლა გურგულიას შემოქმედება გიყვართ, ეს სიტყვები ახლა, ალბათ, გულში წაიღიღინეთ. ნიჭიერი კომპოზიტორ-შემსრულებელი, საბჭოთა ეპოქისთვის გამორჩეული მუსიკალური ენითა და კეთილშობილებით, აღმოჩენაა ყოველი ახალი თაობისთვის... 

წელს ინოლას გარდაცვალებიდან 40 წელი შესრულდა...
იმ დროს ია 10 წლის იყო. 


„დედასთან ერთად გატარებულ წლებზე საუბარი ცოტა რთულია. ინოლა რომ გარდაიცვალა, საკმაოდ პატარა, ვიყავი და ბევრს ჰგონია, რომ ის პერიოდი არ მახსოვს, თუმცა ასე არ არის“, - გვიყვება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი და მასთან ერთად ვიხსენებთ ინოლას, როგორც ბრწყინვალე დედასა და უნიჭიერეს მუსიკოსს.




- მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან დაკავებული იყო - უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისურს ასწავლიდა, სახლში აბიტურიენტებს ამეცადინებდა, ყოველ საღამოს გადაღებაზე ან ტელევიზიაში მიდიოდა - შაბათ-კვირას შვილებს გვითმობდა. ჩვენთან ერთად ხშირად თავისი სტუდენტებიც მოჰყავდა და სად აღარ დავდიოდით. ჩემი და დათოს დედასთან ურთიერთობების დაყვავებაც ასეთ დღეებში ხდებოდა. თუმცა, გაბრაზებული ინოლა არასდროს მახსოვს. უბრალოდ, როცა რამე არ მოსწონდა, ისეთი თვალებით შემოგვხედავდა, უმჯობესი იყო, ეჩხუბა. ეს მისია ოჯახში მამას ჰქონდა - როცა მე და ჩემი ძმა ძალიან ვიცელქებდით, კუთხეში თუ დაგვაყენებდა. სულ ეს იყო...


 



ია განსაკუთრებულად იხსენებს მამას, კომპოზიტორსა და პედაგოგს მიხეილ შუღლიაშვილს.
- ინოლა რომ გარდაიცვალა, შვილებზე კიდევ უფრო მეტად ზრუნავდა. სიამაყით გეტყვით, რომ ინოლას ძალიან მამსგავსებდა და მის განსაკუთრებულ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. მოსიყვარულე თვალებით მიმზერდა და არაფერს მეუბნებოდა. ძალიან საინტერესო, პროგრესული და იმ დროისთვის მუსიკაში დიდი სიახლის შემომტანი ადამიანი იყო. საბედნიეროდ, ალტერნატიული მუსიკა ახლა მაინც დაფასდა, რაც მაშინ ცოტა გაუგებარი იყო. თავისი პროფესია იმდენად უყვარდა, თამამად ვიტყვი, რომ ცხოვრების 90% მუსიკას დაუთმო. მამა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ 29 წლის გახლდით.





ია დიდი სიყვარულით ახსენებს თავის უფროს ძმას, მამუკა სალუქვაძეს. ინოლას შვილი პირველი ქორწინებიდანაც ჰყავდა და ის 41 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 
- ინოლას გარდაცვალების შემდეგ მამის იმედით კი ვიყავი, მაგრამ მამუკა ჩემთვის სულიერი საყრდენი იყო. მამუკას გარდაცვალებით თითქოს საბოლოო საყრდენი გამომეცალა. მასზე განსაკუთრებულად ვიყავი დამოკიდებული. ინდივიდუალური სამყარო და აზროვნება ჰქონდა. მამუკა პოეტი იყო. 7 წლის ასაკიდან საოცარ ლექსებს წერდა. როგორც მკითხველი და მისი პოეზიის მცოდნე, გულწრფელად გეტყვით, რომ მის თანამედროვეობაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩვენ შორის 12 წელი იყო სხვაობა და ჩემზე გამუდმებით ზრუნავდა.


 


როცა დედა სიმღერას წერდა...



- სამზარეულოდან არაერთხელ გამოქცეულა, დამჯდარა ინსტრუმენტთან და აკვიატებული მელოდია დაუკრავს. აბა, ია, გაიმეორეო, მეტყოდა და იქ იბადებოდა ახალი მელოდიაც.
„იავნანა“, „გვირილები“, „საქანელა, „ინთება დილა“ - ინოლა არაერთი საბავშვო სიმღერის ავტორია. 
- მე და დათო ინოლამ პატარაობიდანვე აგვამღერა. დედა ყველა საბავშვო სიმღერას ჩვენზე ცდიდა, რამდენად მისაღები იქნებოდა ბავშვის ვოკალისთვის, - გვიყვება ია.



ინოლა გურგულიას გოგონების ტრიო „სამაია“ - ინოლა გურგულია, მედეა სიხარულიძე და გიული დარახველიძე - თავისი შესრულების სტილით 60-წლებში ძალიან გამოირჩეოდა. ეს არ იყო ხმათა კლასიკური განლაგება - პირველი, მეორე და ბანი. ტრიო ჩართული ხმით მღეროდა და შუა ხმას ინოლა ასრულებდა. რეპერტუარიც, ძირითადად, ინოლას შემოქმედება იყო. „ადამიანი“, „შენთან მინდა“, „იმ ღამეს თოვდა“, „მიმღერე რამე“, „ნუ მოხვალ“, „დარჩი ჩემთან“... როგორც ია ამბობს, უფროსი თაობისთვის განკუთვნილ დედის სიმღერებს ტრიოს რეპეტიციებზე ისმენდა.


 



- დედას ძალიან უყვარდა ჯაზი და მის სიმღერებს ამ ჟანრის გავლენაც აქვს. ქართულისა და ევროპულის შერწყმა საოცარ სინთეზს გვაძლევს და ალბათ, მსმენელსაც ამიტომ იზიდავს. ინოლას ხმაც გამორჩეული და განსაკუთრებულია, ის არავის ხმას არ ჰგავდა, ოღონდ ამას ვამბობ არა როგორც შვილი, არამედ როგორც მისი შემოქმედების დამფასებელი. დედას ყველა სიმღერა პირადული და ინტიმურია. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ჰგონიათ, რომ თითქოს ეს სიმღერები ინოლამ მათზე დაწერა. ალბათ, ეს დედას შემოქმედების მთავარი ძარღვია... მის სიმღერებს სხვა სამყაროში გადავყავართ...


 


ინოლას სიმღერის ჩაწერა არ ჰყვარებია. თუ დღეს მისი რამდენიმე ვიდეო არსებობს, ამასაც თურმე თავისი ისტორია აქვს:



- აქ ვარ და ვიმღერებ, რად გინდათ ჩემი ხმის ჩანაწერიო, - ამბობდა ხოლმე დედა. პომპეზურობა არასდროს ხიბლავდა. უბრალოდ, უნდოდა, ხალხს მისი შემოქმედებით სიამოვნება მიეღო. თავისი სამყარო ჰქონდა და პოპულარობაზე არასდროს ზრუნავდა. მხოლოდ მისი ტრიოს ნამღერს იწერდნენ. ინოლას ჩანაწერი არ არსებობდა. დედას მეგობარმა, რეჟისორმა ლეო ბაქრაძემ, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა, სხვა ხერხს მიმართა. მოსკოვიდან თბილისში მალ-მალე ვერ ჩამოვდივარ და მინდა, შენი ხმის ჩანაწერი მქონდეს, რომ მოგისმინოო, სთხოვა დედას. საბედნიეროდ, ლეოს წყალობით, ინოლას ხმა შემოგვრჩა, ოღონდ ეს არ გახლავთ სტუდიაში ნამუშევარი. ლეომ ოთახში მაგნიტოფონი ჩაურთო და გიტარა მისცა. მან ეს გამიზნულად გააკეთა, რადგან იცოდა, რომ ინოლას სიცოცხლის ბოლო დღეები ჰქონდა, - იხსენებს ია.



როგორც ია გვიყვება, ინოლას სიცოცხლის პერიოდში არც სანოტო კრებულის გამოცემაზე უფიქრია. სანოტო კრებულზე დედის გარდაცვალების შემდეგ შვილმა, დავით შუღლიაშვილმა იზრუნა. ჯერ ლექსების, თარგმანებისა და სიმღერის ნოტები გამოსცა წიგნად, რომელიც ინოლას მეუღლემ მიხეილ შუღლიაშვილმა შეადგინა. შემდეგ კი, 2004 წელს, დედის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით, სანოტო კრებულიც გამოსცა.


დავით შუღლიაშვილი ფოლკლორისტია. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ხალხური შემოქმედების კათედრის პედაგოგია, ასევე, საჯარო ბიბლიოთეკაში სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
- დათო ანჩისხატის მგალობელია და სასულიერო სემინარიაშიც ასწავლის. ორი შვილი, ინოლა და ლევანი ჰყავს. მისი მეუღლე, თამარ თოლორდავაც მუსიკოსია. მე, დათოსა და თამარს საოჯახო ტრიოც გვაქვს და ძირითადად, ინოლას სიმღერებს ვასრულებთ. ავსტრიაში ინოლა გურგულიას შემოქმედებით საღამოზე მიგვიწვიეს და მაშინ ოჯახს სიმღერის ჩაწერაც მოგვიწია, - გვიყვება ია.


ამ ნიჭიერი ოჯახის თავში ინტელიგენტი ბაბუა იდგა - უფროსი დავით შუღლიაშვილი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე...
- ბაბუა საკმაოდ საინტერესო და თავისი პროფესიის დიდი მოყვარული იყო. ახალგაზრდობიდან ლიტერატურის მუზეუმში მუშაობდა. ერთი პერიოდი დირექტორიც იყო. საოცარი ფოტოფონდი შექმნა, რომელიც ჩემმა ძმამ, დათომ დააკომპლექტა და საჯარო ბიბლიოთეკას გადასცა. მწერლებისა და საინტერესო ფაქტების ფოტომასალასა თუ სტატიებს წლების განმავლობაში ინახავდა.



თავად იას ორი შვილი ჰყავს - 29 წლის დავით თავაძე და 12 წლის ანდრია მაისაშვილი.
- დავითი პირველი ქორწინებიდან მყავს. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ მუსიკა ძალიან იტაცებს, უკრავს ფლეიტაზე. ჯგუფი ჰყავს, კონცერტებიც ხშირად აქვს და მუსიკალურად სპექტაკლებსაც აფორმებს. ინოლას სიმღერებს ბავშვობიდან მღეროდა და ბებიამისის შემოქმედება ძალიან უყვარს. უმცროსი ანდრია კი კარგი მსმენელია, თუმცა ხატვითა და ძერწვით გატაცებული. - გვიამბობს მსახიობი საკუთარ ოჯახზე.


დაბოლოს:
- „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მუდამ ცოცხალი ვიყო“ - ეს დაუტოვა შვილებს ანდერძად დედამ, რომლის შემოქმედება არასდროს ხუნდება, ემოცია არასდროს ცვდება და სათქმელი არასდროს ძველდება.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?