დამოუკიდებელი საქართველოსთვის მსხვერპლად შეწირულნი

უცნობი ფოტოები

27 მაისი 22:00, 2017 წელი

თითქმის ერთი საუკუნის წინათ, 1918 წლის 26 მაისს, 5 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, სადაც შავით თეთრზე ეწერა: „ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

თავდაპირველად, დასავლეთის ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული ცნობისგან თავს იკავებდნენ, თუმცა 1921 წლის თებერვლამდე საქართველოს დამოუკიდებლობა თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ აღიარა.
1921 წლის 12 თებერვალს დემოკრატიულ საქართველოში რუსეთის მე-11 არმია შემოიჭრა და თბილისს სამი მიმართულებიდან შეუტია. ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა უთანასწორო ბრძოლაში მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს.  
თბილისის უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს ასე მიმართა:
შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა, ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ“.
ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები მტერს თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
იუნკრებმა მე-11 არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ორკვირიან, უთანასწორო ბრძოლაში ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.
კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები 23 თებერვალს  შეწყდა, 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. ხელისუფლების სათავეში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა.



1919 წელს გენერალი გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით, თბილისში იუნკერთა ორწლიანი სასწავლებელი დაარსდა, სადაც, ძირითადად, ქართველ თავად-აზნაურთა შვილები სწავლობდნენ. ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომელსაც ჯერ გენერალი გიორგი კვინიტაძე, შემდეგ კი პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხაიძე ხელმძღვანელობდნენ. სწორედ მან მოუტანა იუნკერთა სკოლას გმირთა სახელი. აღსანიშნავია, რომ იუნკერთა სამხედრო სკოლაში, ომის დროს, სიით 183 კურსანტი ირიცხებოდა. ბრძოლის ველზე დაიღუპა 9 იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, იოსებ და ილია ჯანდიერები. დაიჭრა 43 იუნკერი. 



 


გენერალი გიორგი კვინიტაძე
„იუნკრები, პროფესიონალი მეომრები იყვნენ, სწორედ ამიტომაც იდგნენ ისინი რამდენიმე თავით მაღლა მაშინდელი ქართული ჯარის სხვა შენაერთებზე. ტაბახმელაზე იგივე ქართველები იდგნენ, მაგრამ ნორმალურად აღზრდილნი, ბრძოლისთვის განსწავლულნი“. გენერალი კვინიტაძე.



 


ნოე ჟორდანია - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის თავმჯდომარე. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ნოე ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი ჯერ - ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს შეაფარეს. 18 მარტს კი საფრანგეთში, პოლიტიკურ ემიგრაციაში გაემგზავრნენ. ნოე ჟორდანია წინააღმდეგობრივი პიროვნება გახლდათ. ზოგისთვის ის გმირია, ზოგისთვის კი - ქვეყნის მოღალატე, რომელმაც სამშობლო განსაცდელში მიატოვა. ნოე ჟორდანია 1953 წლის 11 იანვარს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის სათემო სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია სიმონ ბერეჟიანის ლექსის სტრიქონები: „საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა/ მიწა მიჰქონდა, მიწა ტკბილი, მიწა მარადი… შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან/ ქართულო მიწავ და ამიტომაც დაპატარავდი!…/ ვარ საქართველოს ბედდამწვარი ჭირისუფალი/ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის მსურს გავიხარო/ თუ საქართველო არ მენახოს თავისუფალი/ დე, მტვრად ქცეული მე მენახოს მთელი სამყარო!…“



 


მარიამ (მარო) მაყაშვილი - პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი, უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი წითელი ჯვრის რაზმში მოხალისედ ისე ჩაეწერა, რომ ოჯახში არავინ იცოდა. მარომ უკანასკნელი წერილი სახლში 18 თებერვლის საღამოს გამოაგზავნა: „ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართ. იუნკრებს მიგვაწერეს. მათთან ერთად ვივლით. დარდი ნუ გაქვთ. მტერი ძალიან შორს არის. აქ ძალიან კარგ პიროვნებებთან ვარ. თქვენს თავს გაუფრთხილდით. შესაძლებელია, კოჯორში არ წავიდეთ, არამედ დაბლა, ტაბახმელაში. გკოცნით. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენი მარო“. მარო მაყაშვილი 18 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევით თავში სასიკვდილოდ დაიჭრა.



 


ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, 1924 წლის აჯანყების ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, საქართველოს ეროვნული გმირი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი. წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, ჩოლოყაშვილი მენშევიკურ მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა და საქართველოში პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა. 1922 წელს მოაწყო „ხევსურეთის ამბოხება“, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, თუმცა მთავარი აჯანყებისთვის მზადება, რომელიც 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, წუთითაც არ შეუწყვეტია. ქართველების შეუთანხმებლობისა და „ჩეკას“ აგენტების წარმატებული მუშაობის შედეგად, აჯანყების გეგმა ჩავარდა და მისი მეთაური იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში ქართველთა საძმო სასაფლაოზე.



 


დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილი 
1921 წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრისას, გიორგი მაზნიაშვილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან წარმატებას მიაღწია და ბოლშევიკებს უკან დახევა აიძულა, მაგრამ მოულოდნელად, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ უკან დახევა უბრძანა. გენერალი ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ იძულებული გახდა, ბრძანებას დამორჩილებოდა. გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის სიტყვები - მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკების. მე საქართველოს გენერალი ვარ. გიორგი მაზნიაშვილი 1937 წლის რეპრესიების დროს შვილთან ერთად დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.



 


ქართველი იუნკერი და ფეხბურთელი შალვა ერისთავი
დაიღუპა 1921 წლის 24 თებერვალს კოჯორთან ბრძოლაში. ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, იუნკერთა წინსვლა სერიოზულად შეაფერხა სტრატეგიულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევებმა. იუნკრები იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა „მაქსიმისკენ“. მათ რიგებს მალევე გამოეყო 22 წლის შალვა ერისთავი, რომელმაც თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, შემოგებებული მტერი ხიშტით განგმირა და „მაქსიმის“ ლულას საკუთარი სხეულით გადაეფარა. შალვა ერისთავს უკანასკნელ წუთამდე, თოფი ხელიდან არ გაუშვია და მომაკვდავი საბრძოლო განკარგულებებს იძლეოდა.



 


საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული 20-23 წლის მებრძოლები თბილისში ჩამოასვენეს და რუსთაველის გამზირზე, ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოში მიწას მიაბარეს.
რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია გაიმართა.
“ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია, ამ პროცესიისთვის ხელი შეეშალა”, – იხსენებდა გერონტი ქიქოძე.



 


ალექსანდრე ანდრონიკაშვილი - გენერალი, ქართული ჯარის გენერალური შტაბის უფროსი, კოჯორი-ტაბახმელას ფრონტის სარდალი
“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ, მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ, თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენს მასწავლებელსა და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”- ასე მიმართა გენერალმა ბრძოლის ველზე გამგზავრების წინ იუნკრებს. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ბოლშევიკებმა 1923 წლის 20 მაისს დახვრიტეს.



 


დაღუპული ქართველი იუნკერები 1897 წელს აგებული ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს 
აღსანიშნავია, რომ ტაძრის დემონტაჟის შემდეგ, მის ადგილზე საქართველოს სსრ-ის მთავრობის სახლი ააშენეს, რომლის ადგილზეც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა დგას.


 


 


1921 წლის თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე დაღუპული კაპიტანი ბესარიონ კემულარია



 


1921 წლის თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე დაღუპული იუნკერი იოსებ ჯანდიერი



 


იუნკრების სკოლის ასმეთაური მიხეილ იოსელიანი



 


ნიკოლოზ კალანდარიშვილი დაიღუპა კოჯორთან



 


მიხეილ მაყაშვილი - მარო მაყაშვილის ბიძაშვილი, პირველი იუნკერი, რომელიც ბოლშევიკებს ემსხვერპლა.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?