ქალმა წერილის კითხვა დაიწყო და თვალები ცრემლით აევსო:
„ჩემო ძვირფასო! გწერ, სანამ შენ გძინავს და გწერ იმიტომ, რომ შეიძლება ხვალ დილით მე ის აღარ ვიყო, ვინც დღეს ვარ.
ბოლო დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი სამყაროს საზღვარზე აღმოვჩნდი და მათ შორის ნელ-ნელა ვიკარგები.
მეშინია, რომ ერთხელაც აღარ დავბრუნდები და სწორედ ამიტომ გწერ;
გწერ, რადგან მეშინია, ვაითუ, ხვალ ვეღარ მიხვდე, რა დამემართა...
ვაითუ, ხვალ ვეღარ გაგრძნობინო, როგორი აღფრთოვანებული ვარ შენით გაცნობის პირველივე წუთიდან და როგორ გაფასებ;
და ვეღარ გითხრა, როგორ მიყვარს შენი მზრუნველობა...
კარებზე ჩუმად რომ აკრავ სტიკერებს, რათა სამზარეულოს და აბაზანის შესასვლელები არ ამერიოს;
ხუმრობაში რომ გადაგაქვს ჩემი დაბნეულობა, როცა ბათინკებს შიშველ ფეხზე ვიცვამ ხოლმე;
საუბარს რომ აგრძელებ ჩემთან მაშინაც კი, მე უკვე რომ არ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით;
ზოგჯერ ყურთან ჩურჩულით რომ მკარნახობ შვილიშვილების სახელებს, ვაიდა არ შემეშალოს და ბავშვებმა არ შეამჩნიონ;
ყოველთვის მოთმინებით რომ მაწყნარებ, როცა ვფეთქდები და თავადაც ვერ ვხვდები, რა მემართება;
თუკი ხვალ აღარ მემახსოვრება შენი სახელი და ჩემი სახელი, თუკი ხვალ ვეღარ გადაგიხდი მადლობას, იმისთვის რომ არსებობ, დღეს, ახლა, აქ გეუბნები, რომ მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად, მეყვარები უკუნისამდე და ვერაფერი მოერევა ჩემში იმ ძლიერ გრძნობას, რასაც შენდამი სიყვარული ჰქვია! ვერც ალცჰეიმერი!“
***
როცა გვიყვარს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს დღეს და ახლა...