გიორგი გაბუნიამ Funtime-თან ჟიურის წევრებს შორის დაძაბულობასა და ბოლო შესარჩევ ტურებზე ისაუბრა.
გიორგი გაბუნია: მე და სოფო ასე რომ ვჩხუბობთ, იცით, რისი ბრალია? წინა სეზონზე ერთად ვისხედით, ახლა კი პროდიუსერებმა დაგვაშორეს. მე და სტეფანე ერთმანეთის გვერდით რომ დაგვსვეს, აღარ ვჩხუბობთ. სოფო ჩემგან შორს რომ ზის, ეს არ მომწონს და ამიტომაც ვკამათობთ ბევრს.
- შესარჩევი ტურები დასრულდა. როგორ შეაფასებთ წლევანდელ კონკურსანტებს?
- წელსაც მაგარი ნაკადი გვყავს. ბოლო შესარჩევი ტურიდან გრიგოლ ყიფშიძე გამორჩეული კონკურსანტი იყო. ხშირია, როცა ბავშვს ნოტები დაზეპირებული აქვს და თითქოს სწორადაც მღერის, მაგრამ მის შესრულებაში არც ხასიათი დევს და არც სიმღერისადმი დამოკიდებულება, რაც მათ გამარჯვებაში ხელს უშლის. გრიგოლს კი თითოეული ნოტის მიმართ სწორი დამოკიდებულება აქვს. ის მღეროდა, როგორც ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი.
- რა შანსები აქვს გრიგოლს?
- მას, პირველ რიგში, აქვს შანსი იმისა, რომ თავის კატეგორიაში აჯობოს სხვებს, შემდეგ კი დიდი შრომა მოუწევს, რათა უფროსი კონკურსანტების გვერდით იბრძოლოს. გრიგოლს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
- თავად რომელი კატეგორიის მენტორობას ისურვებდით?
- ღირსეული შემსრულებელი ყველა კატეგორიაში გვყავს. მთავარია, ვინ ვისი მენტორი იქნება. ძალიან მინდა, ბიჭების კატეგორია შემხვდეს. ბიჭების კატეგორიამ ერთხელ უკვე მომიტანა წარმატება - მაშინ გიორგი ნაკაშიძესთან ერთად გავიმარჯვე.