გრიგოლ ყიფშიძე: 6 წლიდან ვმღერი. ჩემი მშობლები, პაატა და ეკა ყიფშიძეები მუსიკოსები არიან, საკუთარი ბენდი აქვთ და სხვადასხვა ბარებში მღერიან. 9 წლის ვიყავი, როცა ვოკალის აკადემიაში მიმიყვანეს, სადაც გუნდს ბუკა კარტოზია ხელმძღვანელობდა. ცოტა ხანში კვარტეტში გადამიყვანა და ახლაც იქ ვმღერი.
- „X ფაქტორში“ მონაწილეობა ვინ გირჩია?
- ჩემი სურვილი იყო და მშობლებმაც მხარი დამიჭირეს. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ჩემი შესრულება დიდ მოწონებას დაიმსახურებდა.
- ჟიურის კრიტიკის არ გეშინოდა?
- არა, ამაზე არ ვფიქრობდი. ყველა მათგანი ძალიან მომწონს და ჩემთვის სულ ერთია, ჟიურის რომელი წევრი იქნება ჩემი მენტორი.
- გაქვს იმედი, რომ „X ფაქტორი“ გახდები?
- საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვიმუშავებ და მოვინდომებ, რომ „X ფაქტორი“ გავხდე. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.