გიორგი გაბუნია: ფაქტია, რომ ნიკა გვარამია ვერანაირ შენიშვნას ვერ იღებს. გამოდის, რომ მისი კონკურსანტები უნდა ვაქოთ და ვადიდოთ. მაქსიმალურად ვცდილობდი, საერთოდ არ შევპასუხებოდი და დისკუსიის რეჟიმში არ გადავსულიყავით, რადგან ეს „X ფაქტორია“ და არა „არჩევანი“, მაგრამ, როცა ცირა კობიაშვილის შესრულების შემდეგ ლილოს ბაზრობამდე მივედით, ვეღარ მოვითმინე! არასდროს დამიმალავს, რომ კონკურსანტების მისამართით უტაქტო და უხეშ კომენტარებს ვაკეთებ, მაგრამ ეს მხოლოდ შესარჩევ ტურებზე ხდება, სადაც ყველანაირი ადამიანი მოდის და რომლებზეც არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს. ნახევარფინალში ის 5 საუკეთესო კონკურსანტი გვყავს, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ და აქამდე მოვიყვანეთ. ამიტომ სრულიად გაუგებარია და ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, ამ დროს რატომ უნდა ვლანძღოთ ეს ბავშვები. ნახევარფინალში სალანძღავ კონკურსანტებს ვერ ვხედავ. გვარამია მეც გადმომწვდა და „კაპიშონით“ მომმართავდა, რადგან ეთერში კაპიუშონიანი მოსაცმელით ვიჯექი, მაგრამ აღარაფერი მიკვირს მას შემდეგ, რასაც ის კონკურსანტებს ეძახის. გვარამიამ ჩემი სამწლიანი მოღვაწეობაც გაიხსენა „X ფაქტორში“. შემდეგ კონცერტზე, ალბათ, იმას გაიხსენებს, „მაესტროში“ რას ვაკეთებდი. ფინალში კი ვისაუბრებთ, ბავშვობაში როგორ ავიდგი ფეხი და რა საზიზღარი ვიყავი მაშინვე.