ქეთი ხოსიტაშვილი: „მიყვარს ჩემი გადარეული ცხოვრება“

ზეპირი ანკეტა

9 ივლისი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- მშვიდობა ქვეყანაში, სითბო სახლში, სიმშვიდე, სტაბილურობა, ბევრი სიყვარული და სიკეთე... ამ ყველაფრის უნარი და შესაძლებლობა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ყველაზე გულწრფელად ბავშვები იცინიან... სიმძიმეების გარეშე, ბოლომდე ამოაქვთ გულიდან ემოცია. ეს არის ჩემთვის ნამდვილი სიცილი და ასე დიდი ხანია, აღარ გამიცინია. გავიზარდე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სულ ვტირი და ვტირი ყველაფერზე: როდესაც კარგ ფილმს ვუყურებ, როდესაც ვიღაცის მწუხარების ან ბედნიერების ამბავს ვიგებ... მგონია, რომ თუკი ადამიანი ამ ემოციას დაკარგავს, მოკვდება.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ემოციური ვარ და სპონტანური. 


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- დროის მენეჯმენტი. ვიცი მისი მნიშვნელობა, მაგრამ ვერ ვიტან გრაფიკებს, საკანცელარიო რვეულში არასდროს ჩამინიშნავს დღის, კვირის და, მით უმეტეს, წლის განრიგი... მიუხედავად ამისა, თან ჩემი რთული რეჟიმის გათვალისწინებით, მაინც ვასწრებ ყველაფერს და დროს გაწერის გარეშეც ვანაწილებ. ხშირად იმ კომპიუტერს ვადარებ თავს, დიდი ხანია, არავის რომ არ დაულაგებია და დროთა განმავლობაში ქაოსი რომ მატულობს, მერე კი ფაილების დასახარისხებლად და ნაგვის გადასაყრელად დიდი ძალისხმევა მჭირდება.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- არ მყავს ასეთი ფავორიტები... ჩვენ ყველანი ჩვენი ცხოვრების გმირები ვართ. არავინ ვგავართ ერთმანეთს და ცხოვრების ხიბლიც სწორედ ეს არის.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ჩემი ცხოვრების წიგნია რიჩარდ ბახი და მისი „გაქცევა კომფორტის ზონიდან“. რიჩარდი ჩემი გმირია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემი ცხოვრება უამრავი ამბავია და მას საინტერესო მოგზაურობებით ხშირად ვივსებ. ახალი სივრცე, ახალი ადამიანები, ახალი შთაბეჭდილებები... ეს ძალიან ბევრი და ლამაზი ისტორიაა და ერთს ვერ გამოვყოფ. ვაღიარებ. საოცრად გაფანტული ვარ, როცა ვმოგზაურობ, სულ თავგადასავლებში ვეხვევი... ახლა, უცებ გამახსენდა პოლონეთი და ვარშავა-კრაკოვის მატარებელი. შეიძლება ადამიანმა ერთ დღეს ორჯერ დააგვიანოს მატარებელზე? ამას რა მოჰყვა, სხვა დროს მოვყვები...


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს, მინიმუმ ქალზე. ეს დღეს უკვე ფუფუნებაა.


- ქალში?
- ქალი უნდა იყოს ლაღი, თავისუფალი, თავდაჯერებული, მოვლილი, განვითარებული და რეალიზებული. თუმცა, ვფიქრობ, დღეს ადამიანების მთავარი პრობლემა მაინც საკუთარი თავის უსიყვარულობაა - ისინი  ხშირად ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ საკუთარ თავთან მარტო არ დარჩნენ... არადა ის, რასაც, როგორც წესი, გარეთ ვეძებთ ხოლმე, ჩვენშია.


- საყვარელი მწერლები?
- რიჩარდ ბახი უკვე ვახსენე, მისი „თოლია - ჯონათან ლივინგსტონიც“ ჩემი წიგნია, მიყვარს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, რეი ბრედბერი თავისი „ფარენჰეიტით“... როცა ვკითხულობ, ყველა ჯერზე ახალს, ჩემეულს ვპოულობ. წიგნები, ერთი ჭიქა ყავა და ბევრი საფიქრალი - ეს ჩემი კომფორტია. 


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ენიო მორიკონე და ვაღიარებ, რომ ეს კომპოზიტორი ჯუზეპე ტორნატორემ შემაყვარა, რომლის ფილმებშიც ხშირად მისი მუსიკაა გამოყენებული. მქონდა ბედნიერება, ამ უდიდესი მაესტროს ცოცხალ კონცერტს დავსწრებოდი, ასევე, მომესმინა მორიკონეს მუსიკის ცოცხალი შესრულება ლეგენდარული სტინგისგან, კრის ბოტისგან... ეს წარმოუდგენლად დიდი ემოცია იყო და არასოდეს დამავიწყდება.


- ფილმი?
- ჯუზეპე ტორნატორეს თითქმის ყველა ფილმი მიყვარს, ისინი არაერთხელ მაქვს ნანახი და ხანდახან მგონია, რომ ყველა მათგანის გმირი ვარ...


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ არ ვჩერდები და სულ განვითარებაზე ვარ ორიენტირებული, თავს ახალი გამოწვევების წინაშე ვაყენებ, ცხოვრებაში სულ „დრაივი“ მაქვს, ჩემი არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და მიყვარს ჩემი გადარეული ცხოვრება.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სამშობლო, ოჯახი, ადამიანი!


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ალბათ, ის მტკივნეული დღეები, როდესაც საყვარელი ადამიანები დავკარგე... ასეთი ბევრია და ეს სულ მტკივა.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო ყველაფერია და მე მისი რიგითი ჯარისკაცი და დამცველი ვიქნები სულ. ამას ვასწავლი ჩემს შვილებს - ვერცერთი კედელი ვერ აშენდება აგურების გარეშე და მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ციხესიმაგრეზე თითო აგური ყველამ უნდა დავტოვოთ...


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ჩემი ადამიანების ცუდად ყოფნის, უსიყვარულობის. თანაგრძნობის, გულისხმიერების უნარების გაქრობის...


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- და ვინ ამბობს, რომ სიკვდილს ვაპირებ? არ ვაპირებ! ჯერ 40 წლის ვარ და უამრავი გეგმა მაქვს... სიკვდილი ჩემს გეგმებში არ შედის.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- კარგი გოგო ხარ, ქეთო, ამქვეყნად შენ ბევრი სიყვარული და სიკეთე აკეთე და დროა, კარგად გამოიძინო... შენ ეს დაიმსახურე!


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ამბები

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობს მუშაობას და Drive Thru-სა და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს“, - ამის შესახებ განცხადებას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
ამბები

„არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

დეველოპერული კომპანია „არქი“ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს.
დღის ჰოროსკოპი

1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები1 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Feedc Edu - პირველი ქართული ონლაინპლატფორმა დისტანციური სწავლების რეჟიმში

დისტანციური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრო ერთ-ერთ ალტერნატიულ საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას - Feedc Edu-ს გამოიყენებს.
ამბები

მინერალური წყალი “ლიკანი” სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს – Soundwave Home Sessions – ცოცხალი მუსიკის ტალღა ჩვენს სახლებში

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი „ლიკანი“ #SOUNDWAVE - ის საინტერესო სესიებს  ახალი ფორმატით აგრძელებს. 
ამბები

კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

განვითარებული მოვლენების ფონზე კომპანია "თბილღვინო“ მიესალმება StopCov ფონდის შექმნას. შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში „თბილღვინომ“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.
დღის ჰოროსკოპი

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სოკარმა STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.
ამბები

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „მაგნიტის“ მომხმარებლებს შემდეგი დაფასოებული პროდუქტების -  მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი -  შეძენა ფასნამატის გარეშე შეეძლებათ. 
ამბები

“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

ბაზისბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო.
ამბები

„ნიკორამ“ StopCOV ფონდში 100 000 ლარი ჩარიცხა

„ნიკორა“ მიესალმება StopCOV ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.
საკნატუნო ამბები

მშობლების და შვილების სახალისო ურთიერთობა კარანტინში

პატარების მოუსვენრობა მოწყენის საშუალებას არასდროს გვაძლევს...