ურთიერთობა

კლიმტის „კოცნა“ - კოცნითვე რატომ არ პასუხობს ქალი?

fun time

14:00 ხუთ. 18 მარტი, 2021 წელი

კლიმტი „კოცნა“

14
დაკოპირებულია

ეს ნახატი თითქმის ყველას მოსწონს და იმდენად, რომ კომერციული წარმატების ერთგვარი გარანტიც კი გახდა - „კოცნა“ ყიდის ყველაფერს, რასაც შეეხება და ამიტომ მას შეხვდებით წიგნების გარეკანებზე, სუვენირებზე, სარეკლამო პლაკატებსა თუ ათასგვარ აქსესუარზე... როგორ შეიქმნა ეს ვნების ჰიმნი, რომელიც დღეს ავსტრიის ეროვნული საგანძურია?

კოცნა (the kiss) ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის გუსტავ კლიმტის ყველაზე რომანტიკულ ნახატად აღიარებული შედევრია, რომელიც 1907-1908 წლებში შეიქმნა.
ვენის ბელვედერის გალერეამ კლიმტს „კოცნაში“ იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა - 25 000 კრონი გადაუხადა. ამჟამად ტილო ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს და ბელვედერის სასახლეშია დაცული.

ტილოზე ასახულია შეყვარებული წყვილი, რომელიც ყვავილებიანი მდელოს განაპირას, უფსკრულთან დგას - მათი ეროტიკული ბედნიერება დედამიწას სცდება. ოქროსფერი სამოსი თითქოს გრძნობაა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ფიგურებს ერთმანეთში აერთიანებს. კაცს სახე არ უჩანს, რადგან დახრილია და მოწიწებით, ლოყაზე კოცნის სატრფოს.

ფერის, ფორმის, ორნამენტისა და მასალის სინთეზით (მხატვარმა ფერისა და რელიეფისთვის ოქროს ფირფიტები გამოიყენა) კლიმტმა გრძნობის, ეროტიზმის და ვნების ჰიმნი შექმნა.

კლიმტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მხატვარმა საკუთარი თავი და თავისი ქალი ემილია ფლოგე განასახიერა, რომელთანაც ხანგრძლივი, მაგრამ რთული ურთიერთობა ჰქონდა.
ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ორი ფაქტი მეტყველებს: მხატვარი ასეთი წარმოსადეგი არასოდეს ყოფილა და მეორე - ის არასოდეს ხატავდა ავტოპორტრეტს.

„ავტოპორტრეტი არასოდეს დამიხატავს, რადგან ნახატში საკუთარი თავი ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე სხვა ადამიანები და, პირველ რიგში, ქალები“, - ამბობდა მხატვარი.

კლიმტის შემოქმედებითი ენერგია ყოველთვის ქალზე იყო კონცენტრირებული. მამაკაცი მისი ტილოების იშვიათი სტუმარია და სადმე თუ ჩანს, ყოველთვის სახის გარეშეა და ქალის ფიგურასთან მცველივით დგას, ისე როგორც ქვის კედელი.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია:

ვინმე გრაფმა, თავისი სატრფოსთვის საჩუქრად, მხატვარს ნახატი შეუკვეთა და მისცა მედალიონი იმ ქალის პორტრეტით. დამკვეთს სურდა, ტილოზე მისი და მისი სატრფოს ვნებიანი კოცნა ყოფილიყო გამოსახული.
კლიმტმა შეკვეთა შეასრულა, გრაფი კმაყოფილი დარჩა, მხოლოდ ერთი რამ ვერ გაიგო - კოცნითვე რატომ არ პასუხობს ქალი?

კლიმტმა უპასუხა, რომ სცადა, სურვილი გადმოეცა, რადგან თავად კოცნის, ამ უდიდესი ნეტარების გადმოცემის უნარი უბრალო ფუნჯს არ შესწევს.
გრაფს პასუხი მოეწონა.
მხოლოდ მოგვიანებით გაამხილა კლიმტმა „კოცნის“ საიდუმლო: მხატვარს ტილოზე მუშაობისას თავად შეჰყვარებია მედალიონიდან მომზირალი გოგო და გრაფზე უეჭვიანია.
ამიტომ დახატა არა კოცნა, არამედ კოცნის მოლოდინი - ამით ერთგვარად შური იძია ბედნიერ გრაფზე.


ცოტა რამ კლიმტის ბიოგრაფიული ცნობების შესახებ

გუსტავ კლიმტი 1862 წლის 14 ივლისს ავსტრიაში, ვენასთან ახლოს, ბაუმგარტენში დაიბადა. მის მშობლებს შვიდი შვილი (მათ შორის, სამი ვაჟი) ჰყავდათ.

გუსტავი ოჯახში მეორე ვაჟი იყო. ოჯახის სარჩენად კლიმტის მშობლები ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდნენ, მაგრამ ფული ყველაზე აუცილებლისთვისაც კი არ ჰყოფნიდათ, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვების განათლებაზე, რომელთა რაოდენობა ოჯახში ყოველწლიურად იზრდებოდა.

გუსტავმა და მისმა ძმებმა ხელობა და ფერწერა მამისგან ისწავლეს, რომელიც ოქროზე გრავირების ოსტატი იყო. საბოლოოდ, სამივე ძმა მხატვარი გახდა.

1876 წელს გუსტავი ვენის სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა. აქვე სწავლობდა მისი უმცროსი ძმა.
ახალგაზრდა კლიმტი, თანატოლი მხატვრებისგან განსხვავებით, ძმებთან ერთად, აკადემიურობის პრინციპებს მიჰყვებოდა და ჯილდოდ, თეატრებისა და მუზეუმების შენობების მოხატვა-გაფორმებაზე სახელმწიფო შეკვეთებს იღებდა.
26 წლის ასაკში კლიმტს, ხელოვნების სფეროში მიღწევებისთვის, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორისგან „ოქროს ჯვარიც“გადაეცა.
კლიმტის ნიჭიერება იმდენად მრავალწახნაგოვანი და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეში აღიარეს და ვენისა და მიუნხენის აკადემიების საპატიო პროფესორი გახდა.

მხატვრის ცხოვრება 1892 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, როცა ჯერ გუსტავის საყვარელი ძმა, შემდეგ კი მამა გარდაიცვალა.
კლიმტის ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდიდან მხატვრის პიროვნებაში რევოლუციური ცვლილებები მოხდა.

კლიმტის ამბოხი 1897 წელს დაიწყო, როცა ავანგარდული ჯგუფი „სეცესიონი“ დააარსა და კონსერვატიული საზოგადოების მომსახურე ფერმწერიდან ავსტრიული ავანგარდის ლიდერად იქცა.
კონსერვატიულმა საზოგადოებამ კლიმტის წინააღმდეგ ხმა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიმაღლა, როცა მხატვარმა კლასიკურ სიუჟეტებში მოურიდებლად დაიწყო ეროტიკული ალეგორიების გამოყენება. ხელისუფლებას, ეკლესიასა და საზოგადოებას, შიშველი ქალების გარდა, ეროტიზმით სავსე ბიზანტიური სიუჟეტებიც აღიზიანებდა.

შესაძლოა, დიდხანს რომ ეცოცხლა, კლიმტის ბუნების მეორე მხარეც დაგვენახა - თავშეკავებული და მოკრძალებული, რბილ ტონებში, მაგრამ 1918 წლის თებერვალში ის პნევმონიისგან გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმტს ოფიციალური მეუღლე არასოდეს ჰყოლია, მისი გარდაცვალების შემდეგ ოცამდე ადამიანი გამოჩნდა, ვინც მის შვილობასა და მემკვიდრეობაზე აცხადებდა პრეტენზიას. აქედან ოთხმა შვილად აღიარებას მიაღწია და მემკვიდრეობიდან წილის მიღება მოახერხა.

ესეც საინტერესოა 🔰:

უთანასწორო ქორწინება - სკანდალური შედევრი, რომელმაც უამრავი ქორწილი ჩაშალა;

ვინ მოკლა ვან გოგი? - გარდაცვალების ახალი ვერსია

რაფაელის „წმინდა გიორგი და ურჩხული“ - რა ამბავს ჰყვება მხატვარი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!