ურთიერთობა

„მინდა ერთგულ მეგობრებს შორის დავისვენო“- ალენ დელონმა ნებართვა მიიღო, ცხოველების სასაფლაოზე დაიკრძალოს

fun time

14:00 ორშ. 13 სექტემბერი, 2021 წელი

ალენ დელონი

14
დაკოპირებულია

ის სამი ათწლეული წლის განმავლობაში ფრანგული კინოს ყველაზე სიმპათიური მამაკაცის სტატუსს ინარჩუნებდა. 2017 წელს მსახიობი კინოდან წავიდა და შვეიცარიის მამულში განმარტოვდა. „მე მარტოსული არ ვარ, მე თავისუფალი ვარ“ - ამბობდა ალენ დელონი ჟურნალისტებთან. 

2019 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ ალენ დელონმა საზოგადოებაში გამოჩენა ინტერვიუების მიცემა შეწყვიტა. მსახიობმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამი კვირა გაატარა, სადაც მასთან ერთად იყვნენ ქალიშვილი ანუშკა, ვაჟიშვილები ენტონი და ალენ-ფაბიენი, ასევე ყოფილი ცოლი ნატალი. ამის შემდეგ მსახიობი შვეიცარიის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

ჯანმრთელობის გაუარესებას წინ ალენის ხანგრძლივი დეპრესია და 2019 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე მომხდარი სკანდალი უძღოდა.


2017 წელს გარდაიცვალა მირეილ დარკი, რომელთანაც მსახიობი 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამის შემდეგ ალენ დელონი დეპრესიაში ჩავარდა.

შვეიცარიულ გაზეთ Tribun de Geneve–თან ინტერვიუში მსახიობმა თქვა: „მირეი აღარაა და მეც შემიძლია სინანულის გარეშე წავიდე. მე ყველაფერი შევიცანი და ყველაფერი ვნახე. მძულს ეს ეპოქა...“

მსახიობი წუხს, რომ მის გარშემო ყველაფერი სიცრუით გაჟღენთილია. რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს შორის პატივისცემა გაქრა და ფული მთავარი ფასეულობაა.

სკანდალი კანის კინოფესტივალზე

კანის 72 -ე კინოფესტივალზე, ალენ დელონი საპატიო ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს. ამ პრიზით ჟიურიმ პატივი მიაგო მსახიობის ხანგრძლივ კარიერას და უკვე კლასიკად ქცეულ როლებს.

ფოტოზე: ალენ დელონი და მისი ქალიშვილი ანუშკა კანის 72-ე კინოფესტივალზე

ალენ დელონმა აღნიშნა, რომ ჯილდოს იმ დიადი რეჟისორების ხსოვნას უძღვნის, რომლებმაც ვარსკვლავად აქციეს. პრიზის გადაცემისთანავე ფემინისტი ქალების ორგანიზაციის „ქალები და ჰოლივუდი" აქტივისტმა ალენ დელონს ბრალი სექსიზმში, ჰომოფობიაში, ქსენოფობიასა და ოჯახში ძალადობაში დასდო, რაც მედიამ მაშინვე აიტაცა. თავიდან მსახიობმა ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების ზეწოლას ღირსეულად გაუძლო, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ინსულტი დაემართა.

მაშინ მილიონობით თაყვანისმცემელი მთელი მსოფლიოდან მორალურად ამხნევებდა თავის კერპს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებდა. სიცოცხლისთვის ახალი სტიმული კი შვილიშვილის დაბადებაც გახდა - შარშან ალენის საყვარელმა ქალიშვილმა პირველი შვილი გააჩინა.

ალენი და მისი ძაღლები

ალენ დელონს შინაური ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ახალგაზრდობაში მას უზარმაზარი სამხედრო ქურთუკი ეცვა, რომლის ქვეშაც ქუჩიდან აყვანილ ლეკვებს ათბობდა. მსახიობს ყოველთვის მიაჩნია, რომ გულწრფელი, უანგარო და თავგანწირული სიყვარული მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ.

მსახიობი ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრია და ქუჩის ძაღლებისა და კატების 5 თავშესაფარს ინახავს.

თავის დროზე, ალენ დელონის მდინარე ლუარას ხეობაში მდებარე მამულში უამრავი ძაღლი და კატა ცხოვრობდა, მაგრამ ახლა ასაკოვან მსახიობს მხოლოდ ერთი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს - ბელგიური ნაგაზი, სახელად ლუბო. მთელი ცხოვრების განმავლობაში, მსახიობს 50 ძაღლი ჰყავდა, მაგრამ ლუბოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს.

ორი წლის წინ, ალენ დელონმა სურვილი გამოთქვა, რომ ცხოვრება საყვარელ ძაღლთან ერთად დაეტოვებინა: „თუ ის ჩემზე ადრე წავა, მეც მეტი არაფერი დამრჩენია, თუ მასე ადრე მომიწევს წასვლა, ვეტერინარს ვთხოვ, რომ დააძინოს, რომ ერთად წავიდეთ. ჯობია ასე მოხდეს, ვიდრე ჩემს საფლავზე დარდისგან მოკვდეს. ”

ამ განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ცხოველების მოყვარულებმა ალენ დელონი სისასტიკეში დადანაშაულეს და დაგმეს.

ალენ დელონის მამულში დაკრძალულია ყველა შინაური ცხოველი, რომელიც ოდესმე ჰყოლია. 35 საფლავს შორის, მსახიობმა პატარა სამლოცველო აღმართა, თავისი უკანასკნელი ნავსაყუდელისთვის. უამრავი ბიუროკრატიული დაბრკოლების შემდეგ მსახიობს ნება დართეს, ერთგული მეგობრების გვერდით დაკრძალულიყო.

„მთელი ჩემი ცხოვრება ამ სამარხებშია და მინდა ერთგულ მეგობრებს შორის დავისვენო“- განაცხადა მსახიობმა.

ბელმონდოს სიკვდილი

ალენ დელონისთვის უკანასკნელი დარტყმა კოლეგის და მეგობრის, ჟან-პოლ ბელმონდოს გარდაცვალება გახდა.

„განადგურებული ვარ. მეგობარი დავკარგე. ერთმანეთს 60 წლის განმავლობაში ვიცნობდით, ერთად ვმუშაობდით, ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად წავსულიყავით. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს გზა 60 წლის წინ“, - განაცხადა ალენ დელონმა CNews -ის ეთერში.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!