ურთიერთობა

ტოტო კუტუნიოს ბრძოლა სიცოცხლისთვის და ცხოვრებაში ერთი ქალის სიყვარულის ამბავი

fun time

20:55 ოთხ. 23 აგვისტო, 2023 წელი

ტოტო კუტუნიო და კარლა

14
დაკოპირებულია

„კიბოს დიაგნოზი დამისვეს... ძალიან ავად ვიყავი და ნახევარი წელი კლინიკაში გავატარე, სამაგიეროდ, ახლა კარგად ვარ და სცენაზე რომ გავდივარ, ყველაფერი მავიწყდება. რომ იცოდეთ, როგორ მინდა სიცოცხლე“, - ერთ-ერთი საგასტროლო ტურნეს შემდეგ გამოუტყდა თავის თაყვანისმცემლებს ცნობილი იტალიელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი, 73 წლის კუტუნიო. ბოლო წლებში ის უკვე ნაკლებად ჰგავდა ცეცხლოვან იტალიელ ყმაწვილს, რომელიც სან-რემოსა და ევროვიზიის ფესტივალებიდან გვახსოვს, მაგრამ ქალები ძველებურად აღმერთებდნენ...

სიმღერის სენიორს და სიმღერის მეფეს, როგორც მას სამშობლოში ეძახდნენ, თავისუფლად შეიძლება რეკორდსმენი ვუწოდოთ - იგი 60 წელზე მეტხან იდგა სცენაზე.

იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო (სალვატორე) კუტუნიო 1943 წლის 7 ივლისს, ტოსკანაში დაიბადა. ტოტოს მამა მეზღვაური გახლდათ და საყვირზე დაკვრა უყვარდა. მომავალ მუსიკოსს ზღვისა და მუსიკის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით ერგო.

ხუთი წლის ტოტომ უძლიერესი სტრესი განიცადა - უბედური შემთხვევის შედეგად, მისი ერთადერთი და გარდაიცვალა. ტრაგედიამ ტოტო სრულიად გაანადგურა. ერთ დროს მხიარული და უდარდელი ბიჭუნა ჩაფიქრებული და დარდიანი გახდა. დის დაკარგვის შემდეგ ტოტო თითქმის არასოდეს იცინოდა, რაც კარგად ჩანს ბავშვობის ფოტოებიდან.

***

ხუთი წლის ასაკში კუტუნიოს ოჯახი საცხოვრებლად სპეციაში გადავიდა, სადაც ბიჭუნა მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს. მალე უფროსმა კუტუნიომ საკუთარი მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა და შვიდი წლის შვილი დრამერად აიყვანა.
ნიჭის, ყოველდღიური შრომისა და მშობლების მხარდაჭერის წყალობით, კუტუნიომ ყველა ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლა და 13 წლის ასაკში ახალგაზრდა აკორდეონისტების კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.

***

პირველი სიყვარული 14 წლის ასაკში ეწვია. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა შეყვარებულისთვის მიძღვნილი სიმღერის „la strada dell’amore“ შექმნა.

19 წლის ტოტომ ჯგუფი „ტოტო და ტატი“ ჩამოაყალიბა, თავისი ძმა და სამი მეგობარი შეიყვანა. რამდენიმე წელიწადში ჯგუფმა მთელი იტალია მოიარა.

კონცერტების რეპერტუარებში, ცნობილ ჰიტებთან ერთად, კუტუნიოს მიერ შექმნილი სიმღერებიც შეიტანეს, თუმცა ტოტოს, როგორც კომპოზიტორის, აღიარება 1974 წელს, პოეტ პალავიჩინის გაცნობის შემდეგ დაიწყო.

პალავიჩინისთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი „აფრიკა“, შეიქმნა, რომელიც ფრანგმა მომღერალმა ჯო დასენმა შეასრულა.

წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ ჯო დასენმა ტოტოს კიდევ ერთი ჰიტის დაწერა სთხოვა და ეს „et si tu n’existais pas“ იყო, რომელსაც არანაკლები პოპულარობა ხვდა წილად.

ამის შემდეგ ახალგაზრდა კომპოზიტორთან ფრანგი და იტალიელი მომღერლების შეკვეთების კასკადი წამოვიდა.
ტოტოს სიმღერებს მღეროდნენ ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიე, დალიდა, ჰოლიდეა და სხვები.

პირველ დიდ წარმატებას წარუმატებლობის რამდენიმეწლიანი ეტაპი მოჰყვა და 1980 წელს ტოტო სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრა, სადაც გენიალური Solo noi იმღერა და გამარჯვებული დაბრუნდა.

იმავე წელს ტოკიოს მუსიკალურ ფესტივალზე გრან-პრი აიღო.

***

ტოტო კუტუნიო მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა, თუმცა ერთგული ბუნების ადამიანს გვერდით მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი ქალი - კარლა ჰყავდა.

მუსიკოსმა გოგონა 27 წლის ასაკში, კურორტ ლინიანოს კლუბში გაიცნო და მალევე დაქორწინდა. წყვილი მინიმუმ ოთხი შვილის ყოლას აპირებდა და როცა კარლა ტყუპებზე დაფეხმძიმდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ, მაგრამ ექიმებმა ტოტოს საშინელი ამბავი ამცნეს: დიდი ალბათობით, კარლა მშობიარობას ვერ გადაიტანდა, ამიტომ ნაყოფის მოცილება აუცილებელი იყო.

ამის შემდეგ კარლასგან შვილი აღარასოდეს ჰყოლია, თუმცა ცოლი და ოჯახი მომღერლისთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო.

***

1989 წელს, გასტროლებზე მიმავალმა ტოტომ თვითმფრინავში ლამაზი სტიუარდესა გაიცნო, რომელმაც რაღაც დროით ძალიან გაიტაცა. სწორედ კრისტინამ აჩუქა შვილებზე მეოცნებე მომღერალს ერთადერთი შვილი - ნიკო.

როცა ვნებები ცოტა დაცხრა, ტოტომ მეუღლეს თავისი ქორწინების გარეშე შეძენილი შვილის შესახებ გულახდილად უამბო და კარლამ, როგორც ბრძენმა ქალმა, ყველაფერი გაიგო. ის კმაყოფილიც კი დარჩა, რომ ტოტომ მამობის ბედნიერება გამოცადა და ნიკო საკუთარი შვილივით შეიყვარა.

„დიახ, მიღალატია, მაგრამ გულში ერთადერთი ქალი მყავს და ეს ჩემი ცოლი კარლაა, რადგან ქალების უმეტესობას სახელოვანი ტოტოს გვერდით ყოფნა სურდათ, კარლამ კი უბრალო სალვატორე შეიყვარა, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა. კარლა მდიდარი ოჯახიდან იყო და დამეხმარა, ბინა მეყიდა. მეხმარებოდა ანგარიშების დაფარვაში და უბრალოდ, ვუყვარდი. ამისთვის მისი მადლობელი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად იმისთვის, რომ, როცა ნიკოს შესახებ ვუამბე, გამიგო. ნიკო ჩემი სიცოცხლე და ცხოვრების აზრია. ადრე ვოცნებობდი, მეტი სიმღერა დამეწერა, ახლა კი მხოლოდ ის მსურს, შვილთან მეტი დრო გავატარო. ჩემი ერთადერთი შვილი მშვენიერი ქალისგან - კრისტინასგან მეყოლა და ასეთი კარგი რომ გამოვიდა, მისი ფანტასტიკური დედის დამსახურებაა“, - ამბობდა ტოტო.

***

2007 წელს ტოტო კუტუნიოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ძალიან დაიკლო წონაში და ერთბაშად დაბერდა. როცა ის საოპერაციოში შეჰყავდათ, მისი გადარჩენისთვის მთელი იტალია ლოცულობდა.

კარლას სიყვარულმა, კოლოსალურმა მხარდაჭერამ, სიცოცხლის სურვილმა და ექიმების პროფესიონალიზმმა შედეგი გამოიღო და მომღერალს სიცოცხლე 16 წლით გაუხანგრძლივა.

იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში, 2023 წლის 22 აგვისტოს, სან რაფაელის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

და ესეც მისი უკვდავი L'Italiano (იგივე Lasciate Mi Cantare), რომელიც კუტუნიოს სავიზიტო ბარათად იქცა პირველად 1983 წელს ასევე სან-რემოს ფესტივალზე შეასრულა 💙



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!