სელვა ჰუსეინი 2 შვილის დედა და უნიკალური ქალია, რომელიც იძულებულია, კვირაში შვიდი დღე და დღე-ღამეში 24 საათი ზურგჩანთით საკუთარი გული ატაროს.
გულის მძიმე დაავადების გამო ქალს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, ამიტომ სელვას ქმარი ექიმებს ხელოვნური გულის გადანერგვაზე დასთანხმდა. ქალს დაავადებული გული ამოკვეთეს და მის ნაცვლად ხელოვნური ჩაუდგეს, რომელიც მოქმედებაში ზურგჩანთაში ჩამონტაჟებულ მოწყობილობას მოჰყავს.
მოწყობილობა, რომელიც ქალს საშუალებას აძლევს, შვილებთან ყოფნით და სიცოცხლით დატკბეს, ელექტრონული ძრავის, საქაჩის, მილებისა და ელემენტებისგან შედგება.
ოპერაციის შემდეგ სელვას ქმარი საკუთარი შვილების დედის მზრუნველ მომვლელად იქცა. ის გამუდმებით ქალის გვერდით უნდა იყოს. ზურგჩანთაში მოთავსებული აპარატურის გათიშვის შემთხვევაში, მას მხოლოდ 90 წამი აქვს, რომ ცოლის გული დამატებითი კვების წყაროსთან შეაერთოს და სისხლის მიმოქცევა აღადგინოს.
სელვა იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანებში ნამდვილი გულის ტრანსპლანტაციას შეძლებს და მძიმე ზურგჩანთის ტარება და გამუდმებული საფრთხის პირობებში ცხოვრება აღარ მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინათ მოხდა - სანამ დონორის გულს გადაუნერგავდნენ, მამაკაცმა ხელოვნური გულით რამდენიმე წელი იცოცხლა.
ამჟამად თავის გულს სელვაც ელის...