ჩინური კალენდრით ძაღლის წელიწადი მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ დადგება. ჩინეთში ახალი წელი მუდმივი თარიღი არ არის და მთვარის ფაზებთანაა დაკავშირებული.
დღესასწაულის პირველი დღე ზამთრის მზებუდობის (რომელიც 21 დეკემბერს იყო) მეორე სავსემთვარეობისას დგება. როგორც წესი, ეს თარიღი 21 იანვარიდან 21 თებერვლამდე პერიოდზე მოდის.
მაშ ასე, ძაღლის წელიწადი 16 თებერვალს დგება. თანაც - არა 00:00 საათზე, არამედ პეკინის დროით 23:13-ზე (თბილისის დროით 19:13) და 2019 წლის 4 თებერვლამდე გაგრძელდება.
მას წყლის ღორის წელიწადი შეცვლის.
ჩინეთში ახალ წელს მთელი 15 დღე ზეიმობენ.
როგორ ემზადებიან ჩინეთში ახალი წლისთვის?
ჩინური ტრადიციით, წლის პირველ დღეს სახლში შესაძლოა, საშინელი ურჩხული ნიანი („წელიწადი“) მოვიდეს.
მისგან თავის დასაცავად სახლი შიგნიდანაც და გარედანაც უნდა მოვრთოთ: წითელი ქაღალდის ნახჭებით გავაფორმოთ (ურჩხულს ამ ფერის ძლიერ ეშინია), ბედნიერების, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სურვილებიანი წყვილი წარწერებითა და ნახატებით მოვრთოთ. ამას გარდა, სადაც კი შესაძლებელია, წითელი ჩინური ფანრები დავკიდოთ.
ახალი წლის წინ სახლი საფუძვლიანად უნდა დავალაგოთ და ყველაფერი ზედმეტი გადავაგდოთ. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი ცხოვრების უბედურებისა და უიღბლობისგან თავის დაღწევა და ბედნიერებისთვის ადგილის განთავისუფლება.
როგორ შევხვდეთ ძაღლის წელს
ახალ წელს საოჯახო ვახშმით უნდა დავხვდეთ.
საღამოს, დღესასწაულის წინ სუფრა უნდა გავაწყოთ, რომელზეც ოჯახის ყველა წევრის საყვარელი კერძები იქნება. წელს სუფრაზე ბევრი ხორცეული და თევზეული უნდა იყოს. ასევე, ჩინელები ტრადიციულ საახალწლო პელმენებს - ძიაძის ამზადებენ. ეს ოჯახში ჯანმრთელი ბავშვების დაბადების სურვილს აღნიშნავს.
სუფრასთან რაც შეიძლება მეტმა ნათესავმა უნდა მოიყაროს თავი, მათ შორის შორეულ ქალაქებში სამუშაოდ და სასწავლებლად წასულებმაც.
ტრადიციულად ყველა მშობლიურ სახლს უბრუნდება და მშობლებთან ერთად ხვდება ახალ წელს. ამას ბედნიერება მოაქვს.
ოჯახში ბედნიერება, სიუხვე და კეთილდღეობა მოაქვთ და ბოროტ სულებს აფრთხობენ პეტარდები და ფოიერვერკები.
ახალი წლის პირველ დღეს კარგია, მეგობრებს, ნათესავებსა და მეზობლებს სავსე ხონჩით ესტუმროთ.
წელს კარგია წყვილი ნივთების ჩუქება, ოღონდ ერიდეთ ციფრ „4“-ს, ის ჩინეთში სიკვდილთან ასოცირდება.
ბედნიერებას გისურვებთ!