ქერებზე ანეკდოტების პირველწყაროს მოძიება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.
ფსიქოლოგებისთვის დღემდე გამოცანად რჩება, საიდან იღებს სათავეს ხუმრობები ქერათმიანებზე.
საქმე ისაა, რომ ქვეცნობიერის დონეზე ჩვენში ღია ფერი სიბრძნესთან, სიწმინდესთან და სისუფთავესთან ასოცირდება - მაგალითად, გავიხსენოთ ოქროსკულულა და ცისფერთვალა ანგელოზები...
აი, რაც შეეხება ახალგაზრდა ქერა გოგონებს, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ხშირად ქერები ბევრად მტკიცენი და თავდაჯერებულნი არიან, ვიდრე მათი მუქთმიანი და წითური დები.
მიიჩნევა, რომ მითი ქერების ქარაფშუტობის შესახებ მოდის ცნობილი ნაწარმოებიდან - „ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს“. ალბათ, გახსოვთ ამ წიგნის ყველაზე პოპულარული ეკრანიზაცია მერილინ მონროს მონაწილეობით. თუმცა ლორელი ლი ნამდვილად არ არის სულელი, ის გონიერი უფროა, ვიდრე ქარაფშუტა, მაგრამ მისი ოცნება, გარეგნობის ხარჯზე მოიწყოს იოლი ცხოვრება, სულ სხვა იმიჯს სძენს მას... მოკლედ, ამ ფილმის შემდეგ ქარაფშუტა ქერას სახე ლამის საკულტოდ იქცა.
სამაგიეროდ, ახლა ინგრევა ეს სტერეოტიპი. მართალია, ძალიან ნელა, მაგრამ დამაჯერებლად.
ქერები ხდებიან წარმატებული მსახიობები, მართავენ უზარმაზარ კორპორაციებს და სახელმწიფოებსაც კი, წერენ ბესტსელერებს და ამტკიცებენ, რომ იყო ქერა და, ამასთანავე, ჭკვიანიც, სავსებით შესაძლებელია. ყველაზე ცნობილი ნატურალური ქერები არიან: ანგელა მერკელი, შერონ სტოუნი, ჰილარი კლინტონი, დალია გრიბაუსკაიტე, ანა გავალდა, ჯოან როულინგი, მერი ქეი, ჯოდი ფოსტერი და მადონა.
თუკი ადრე ყველაზე ცნობილი ქერათმიანი ლამაზმანი მერილინ მონროს პერსონაჟი იყო, დღეს მათ შორის უდავოდ დეინერის ტარგარიენი ლიდერობს, იგივე დეინერის ქარიშხალშობილი ტარგარიენების სახლიდან, ანდალთა, როინართა და პირველყოფილთა დედოფალი, დიდი ბალახის ზღვის კჰალისი, დაუწველი, ბორკილების მმუსვრელი და დრაკონების დედა. ყველა მნიშვნელობით დიდებული ქალი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია თქვენი სტერეოტიპული შეხედულებები ქერებზე.