სანამ ფილარმონიას დატოვებდნენ, ჯგუფ Mix2ra-ს წევრები Funtime - ს გაესაუბრნენ.
მიხეილ ორჯონიკიძე: გამარჯვების მოლოდინი გვქონდა, თუმცა ჩემი ჯგუფისთვის დიდი მიღწევაა ის, რომ ფინალამდე მოვედით. Mix2ra - ს არანაირი საჩუქარი რომ არ გადმოგვცეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ფინალში სიმღერა ჩვენთვის უკვე დიდი საჩუქარია.
ეკო ამყოლაძე: როცა ფინალში ხარ, გამარჯვებასაც და დამარცხებას ერთნაირად ელოდები. ჩვენს შემთხვევაშიც მოლოდინი 50/50-ზე იყო.
- Mix2ra საჩუქრის გარეშე დარჩა...
- სამწუხაროა, თუმცა ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ჯგუფში ბევრნი ვართ და თუნდაც 6 საგზური, უკვე ბევრია. ჩვენი მთავარი ამოცანა ფინალში სიმღერა იყო და ვიმღერეთ.
Funtime - ს ჯგუფის მენტორი, სტეფანეც გაესაუბრა.
სტეფანე: Mix2ra-ს ბევრი გულშემატკივარი რომ ჰყავდა, ეს ძალიან მახარებს. საოცარი ფინალი იყო! ბედნიერი ვარ მათი ყველა გამოსვლით, თუმცა გული დამწყდა, რომ Mix2ra საჩუქრის გარეშე დარჩა. არა უშავს, ახალგაზრდები არიან და ყველაფერი წინ აქვთ! სამომავლოდ ერთობლივი გეგმებიც გვაქვს.
პრიზების უმრავლესობა ყველაზე პატარა ფინალისტს გრიგოლ ყიფშიძეს ხვდა წილად, მათ შორის - 2000 ლარიანი სტიპენდია და ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთი.
გამარჯვებული სანდრო კურცხალიძის მთავარი პრიზი ავტომობილი „Mazda 3“ და თბილისში ოროთახიანი ბინაა.
პროექტის დასრულების შემდეგ გრიგოლ ყიფშიძე კულისებში დაბნეული და გახარებული დარბოდა. პროექტის სპონსორი კომპანიების მთავარმა რჩეულმა Funtime-ს ემოციები გაუზიარა.
გრიგოლ ყიფშიძე: ფინალში ისე ვიმღერე, რეპეტიცია ერთხელაც არ გამივლია. ბრონხიტი მქონდა, რამაც მეცადინეობაში ხელი შემიშალა. ცოტას ვნერვიულობდი, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არ ვიცი, ჩემი სიხარული როგორ გადმოგცეთ. ყველა საჩუქარი ძალიან გამიხარდა. განსაკუთრებით კი ელტონ ჯონის კონცერტზე გამგზავრება. ელტონ ჯონი რომ გავიგე, კანკალი დავიწყე.