- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ბევრი ბედნიერება მაქვს ცხოვრებაში. ჩემი სრულყოფილი ბედნიერება პატარ-პატარა ბედნიერებებისგან შედგება, რაც საბოლოოდ ბედნიერს მხდის.
- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- აი, ახლაც ვიცინი, იმიტომ, რომ ბედნიერებისთვის საბაბი ნამდვილად მაქვს: დიდებული პოეტის გალაკტიონის დაბადების დღეს ვწერთ ამ ინტერვიუს და თან ძალიან კარგ ადგილას - წიგნის მუზეუმში.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- როდის ვიტირე? ორი კვირის წინ, გამზრდელი ბებია ვნახე სიზმარში. როცა გავიღვიძე, გული დამწყდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მგონი, მაინც, ასე თუ ისე, მიზანდასახულობა.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ჯიუტი ვარ! მთელი ქვეყანა ამბობს ამას, რომ ჯიუტი ვარ და მეც ვუჯერებ ამ ადამიანებს, რომ ეს ჩემი ნაკლია.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- მიყვარს ისტორიული გმირები, მაგრამ თავის გაიგივების მომენტი არ მაქვს.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- თანამედროვე ცხოვრებაში ცოცხალი გმირები მყავს. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც ქართული ეროვნული ცნობიერების ამაღლებას უწყობენ ხელს. ასეთი ახალგაზრდები იმდენად იშვიათია დღეს, რომ სწორედ ისინი არიან ჩემი გმირები.
- თქვენი მხატვრული გმირები?
- ნოდარ დუმბაძის ყველა გმირი ჩემი ოჯახის წევრია.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მოგზაურობა მქონდა გურიაში, სადაც 6 თვე ვიყავი, დავდიოდი სოფლიდან სოფელში. ეს იყო საოცარ ადამიანებთან ურთიერთობა.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.
- ქალში?
- ზოგადად, პრინციპული ადამიანები მომწონს.
- საყვარელი მწერლები?
- ძალიან მიყვარს ალექსანდრე ყაზბეგი, თომას მანი და გიდე მოპასანი.
- საყვარელი კომპოზიტორი?
- ყველას ვუსმენ, აბსოლუტურად. გამორჩეული კომპოზიტორი არ მყავს.
- ფილმი?
- ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ეს იყო მრავალი წლის წინათ, როდესაც ჩემი ჟურნალისტური მასალების, შეგროვებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პრინციპში, ეს ჩემი მოვალეობაც იყო და ვალდებულებაც, მაგრამ შედეგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ყველაფერი რაც ხდება, ჩვენი ცხოვრების თანამდევი პროცესია. ამიტომ ყველა თარიღს თავისი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში, ცუდსაც, მტკივნეულსაც, სასიხარულოსაც. ყველაფერი დაწყობილია ისე, რომ რაც მოსახდენია, უნდა მოხდეს.
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო ჩემთვის მართლა ყველაფერია: ჩემი სიხარული, ჩემი ტკივილი, ჩემი წარსული, ჩემი აწმყო, ჩემი მომავალი, ყველაფერი არის ჩემი სამშობლო.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- იმედგაცრუებების მეშინია ხოლმე. ეს იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს ჩემში, რომ ყოველთვის ძალიან მეშინია.
- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ბებიაჩემი რომ ნატრობდა, ისე: დავიძინო და აღარ გავიღვიძო.
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მითხრას, მთლად გლახად არ გიცხოვრია.