დავიბადე ქალაქ თბილისში, 1971 წლის 15 აგვისტოს.
ჩემი მშობლები პროფესიით ინჟინრები არიან, ერთმანეთი 1969 წელს, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ. დედა დედისერთა გახლავთ და აქედან გამომდინარე, მამა მის ოჯახში ზედსიძედ შემოვიდა. შესაბამისად, მეც დედაჩემის მშობლებთან გავიზარდე, თუმცა, ჩემს აღზრდაში მამას მშობლებსაც დიდი ამაგი აქვთ.
პირველი მოგონება
პირველი კადრები, რომელიც ჩემი ცხოვრებიდან მახსოვს - ჩემი დის დაბადებაა. ეს იყო 1973 წელს, 2 წლის ვიყავი. დედაჩემის რამდენიმე დღით გაუჩინარება, როგორც ჩანს, მძიმედ განვიცადე და ოჯახის წევრებმა მის მოსანახულებლად სამშობიაროში წამიყვანეს. დღევანდელ დღესავით მახსოვს ის განცდა, რაც მაშინ დამეუფლა - როცა კიბეზე ჩამომავალი დედაჩემი დავინახე.
თოვლის პაპას პრესტიჟული როლი
ბაღში, სახლთან ახლოს - კინო „საქართველოსთან“ დავდიოდი. საკმაოდ აქტიური ვიყავი, ხშირად გამოვდიოდი ღონისძიებებზე... საახალწლო ზეიმზე ზედიზედ ორი წელი თოვლის პაპას როლს ვასრულებდი... იმ დროს არ იყო არც გამზადებული ფორმები, არც გრიმი... თოვლის პაპას ფორმა დედამ შემიკერა, ჯოხი - მამამ გამომითალა, სახეზე ბამბის წვერი დამაწებეს და... მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვიყავი - მე ხომ ყველაზე პრესტიჟული როლი მქონდა (იცინის).
ერთ გუნდში ცნობილ ფეხბურთელთან
ბავშვობაში მე და ჩემი სკოლელი, ახლა უკვე ცნობილი ფეხბურთელი - გიორგი ნემსაძე ფეხბურთის გუნდში ერთად ვთამაშობდით. მე ფეხბურთს თავი მალე დავანებე, გიორგი კი, როგორც ხედავთ, დიდ ფეხბურთში წავიდა. ხშირად ვხუმრობ - მე და ნემსაძე ფეხბურთს ერთად ვთამაშობდით-მეთქი , თუმცა სად და რა ასკში, მაგას აღარ ვაკონკრეტებ (იცინის).
ისტორიის სიყვარულით
1977 წელს თბილისის მე-14 საშუალო სკოლაში შემიყვანეს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ისტორიკოსი უნდა გამოვსულიყავი... დაახლოებით, 10 წლის ასაკში, ისტორიული წიგნების საკუთარი ბიბლიოთეკა მქონდა...მე- 5 კლასში კი უკვე წაკითხული მქონდა - ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები... გარდა ამისა, პიონერთა სასახლეში, მხარეთმცოდნეობის წრეზე დავდიოდი და ახალგაზრდულ კონფერენციებში ვიღებდი მონაწილეობას. მე- 7 კლასში პიონერთა სასახლიდან - სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავინაცვლე, მოსწავლე ისტორიკოსთა ახლად დაარსებულ წრეზე, სადაც კვირაში ერთხელ ლექციებს გვიკითხავდნენ ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები: მარიკა ლორთქიფანიძე, გიორგი მელიქიშვილი, როინ მეტრეველი...
სიყვარული შემთხვევით...
1989 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში - ისტორიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში დარჩენა შემომთავაზეს... რა თქმა უნდა, დავთანხმდი და მშობლიურ უნივერსიტეტში მოღვაწეობა ლექტორის სტატუსით გავაგრძელე. ჩემი მეუღლე - ნინო გძელიძეც იმ დროს გავიცანი - აუდიტორია შეეშალა და შემთხვევით, ჩემს ლექციაზე აღმოჩნდა... რამდენიმე წელში დავქორწინდით და მას შემდეგ ერთად ვართ. ახლა უკვე სამი ვაჟი გვყავს - ცოტნე, თორნიკე და პატარა დავითი.