დავიბადე თბილისში, 1986 წლის 4 ნოემბერს, დილის ოთხ საათზე.
მამაჩემი პროფესიით ინჟინერია, დედა - სტომატოლოგი, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. მყავს უფროსი და-ძმა, მე ყველაზე პატარა ვარ ოჯახში. ამიტომ ყველა მანებივრებდა - მშობლები, ბიძა, უფროსი და-ძმა, გაუთხოვარი მამიდები...
ბაღის წლები
საბავშვო ბაღში - ნახალოვკაში, კინო „საქართველოს“ გვერდით დავიდოდი... ბაღში სიარული სამი მიზეზის გამო არ მიყვარდა - საუზმეზე ერთი ჭიქა რძე უნდა დამელია, სადილზე მაკარონის „სუპს“ მაჭმევდნენ, სადილის შემდეგ კი, მინდოდა თუ არა, უნდა დამეძინა... სხვათა შორის, პირველი სიყვარული საბავშვო ბაღში მეწვია - ჩემი ჯგუფელი თამუნა შემიყვარდა. ერთხელ სადილობისას მივეპარე და ვაკოცე. ახლაც მახსოვს, იმ კოცნისთვის როგორ დამსაჯეს - მასწავლებელმა ჯერ მთელი ჯგუფის წინაშე შემარცხვინა, მერე მთელი საათით კუთხეში დამაყენა.
ოროსნობიდან - ცხოვრების მთავარ მიზნამდე
მეოთხე კლასამდე ოროსანი ბავშვი ვიყავი - ნუ, ხანდახან სამიანებიც მყავდა (იცინის). მეოთხე კლასიდან კი, რატომღაც, გადავწყვიტე, კარგად მესწავლა და, მართლაც, წარჩინებული მოსწავლე გავხდი. მეათე კლასის შემდეგ კი იმ საგნებზე გავამახვილე ყურადღება, რომელთა ცოდნაც სამსახიობო ფაკულტეტზე ჩასაბარებლად გამომადგებოდა. ასე რომ, ტექნიკურ საგნებს დიდ დროს აღარ ვუთმობდი, სამაგიეროდ ჰუმანიტარულმა საგნებმა გამიტაცა...
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხელოვანი არავინ მყავს, მსახიობობა ძალიან პატარა ასაკიდან მინდოდა. პიონერთა სასახლის სამსახიობო წრეზე მხოლოდ ერთი წელი ვიარე. უფრო აქტიურად თეატრებში დავდიოდი - მარჯანიშვილის, მუსკომედიის, მოზარდმაყურებელთა თეატრების თითქმის ყველა სპექტაკლი ვნახე, რაც კი იმ დროს გადიოდა. გარდა ამისა, დავდიოდი მხატვრულ კითხვაზე, სიმღერაზე, სამეჯლისო ცეკვაზე, სპორტულ ტანვარჯიშზე... მოკლედ, თითქმის ყველა სფეროში მოვსინჯე ჩემი შესაძლებლობები. გაგეცინებათ და რამოდენიმე ხანი კალათბურთზეც კი ვიარე (იცინის). კიდევ კარგი, დროზე მივხვდი, რომ ჩემგან კალათბურთელი არ დადგებოდა და ამ საქმეს შევეშვი. სამაგიეროდ, დანარჩენ წრეებზე მიღებული გამოცდილება ჩემს პროფესიაშიც ბევრჯერ გამომადგა.
ტკბილ-მწარე 90-იანები და მეგობრობაში გადაზრდილი სიყვარული
ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. რთული დრო იყო - სამოქალაქო ომი, არეულობა, უშუქობა... გართობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ახლა ყველა ბავშვს აქვს კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური... ჩვენს დროს კი, „გასართობი დღიურის“ გარდა, არანაირი გასართობი არ არსებობდა (იცინის). „გასართობი დღიური“ კი მაშინ ყველა გოგოს ჰქონდა და მასში მეცხრე და მეათე კითხვა აუცილებლად ასეთი იყო - „გყავთ თუ არა შეყვარებული?“ და „რა ჰქვია მას?“. იმ პერიოდში, ჩემი კლასელი გოგო მიყვარდა. მან კი ამის შესახებ არაფერი იცოდა - მეცხვენოდა მისთვის სიყვარულის გამხელა... ის კი არა, ჩემს „გულისტკივილს“ „დღიურებსაც“ კი ვერ ვუზიარებდი - შეყვარებულის სახელის და გვარის ადგილას კითხვის ნიშანს ან ტირეს ვწერდი. მოკლედ, საიდუმლო კარგა ხანს შევინახე... ახლა მე და ის გოგო მეგობრები ვართ და ამ ისტორიაზე გულიანად გვეცინება.
პროფესია სამ ლარად
ხშირად ვხუმრობ, თეატრალურ ინსტიტუტში, სულ რაღაც, სამ ლარად ჩავაბარე-მეთქი. მაშინ ნახალოვკიდან რუსთაველის პროსპექტზე 74 ნომერი ავტობუსი დადიოდა და ყოველ ტურზე თუ გამოცდაზე იმას დავყვებოდი. ხოდა, როცა ვიანგარიშე, სწორედ სამი ლარი დაჯდა მთელი ეს ჩემი „საგამოცდო“ მისვლა-მოსვლა.