ჩემი პირველი სიმღერა... სიმღერა 8 თვის ასაკში დავიწყე. თურმე, სულ რაღაცას ვღიღინებდი და თან ძალიან სწორად. სიმღერა დედამ მასწავლა, ალბათ, 3 წლიდან. 12-13 წლისამ გიტარაზე დაკვრა დავიწყე და პირველად „ორი ჯუჯა“ შევასრულე. ჩემს ცნობიერებაში ყველაზე პირველი სიმღერა კი „ძია პოლიციელი“ იყო, რომელიც საბავშვო ბაღის ზეიმზე შევასრულე. ეს სიმღერა ანრი ჯოხაძის დედის დაწერილია.
ბავშვობაში ვოცნებობდი... ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი პროკურორი. პროკურორი ვერ გამოვედი, მაგრამ სცენაზე ვდგავარ, ვუკრავ გიტარასა და ფორტეპიანოზე. ჩემი ნინო მასწავლებელი ახლა გერმანიაშია და მინდა, აქედან მოვიკითხო. ნახავს, ალბათ, ინტერვიუს. დღესაც მეჩხუბება, ნოტები უნდა გასწავლოო. როდესაც ფორტეპიანოზე დაკვრას ვსწავლობდი, ისე გადავედი მე-7 კლასში, ნოტები არ მისწავლია. დავალებას რომ მაძლევდნენ ხოლმე, სახლში სმენით ვაწყობდი და ამის გამო სულ მეჩხუბებოდნენ. დღეს მეც ვფიქრობ, რომ სწორად მეჩხუბებოდნენ, ახლა უკვე ძალიან მჭირდება ნოტები და ვიწყებ სწავლას.
ჩემი ცელქობის გამო... ცელქი არა, ძალიან ჭკვიანი, მაგრამ უიღბლო ბავშვი ვიყავი. მეხი რომ ჩამოვარდებოდა, მე მეცემოდა. დედაჩემი და მამაჩემი გამწარებული მყავდა. ხან რას მოვიტეხდი, ხან რა მქონდა გაჭრილი. ჩხუბი არც მე და არც ჩემს ძმას არ გვიყვარდა, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, რომ თვითდამკვიდრების უნარი უნდა გქონოდა და ჩხუბიც გვიწევდა. მიხარია, რომ ახლა სხვა დროა. ისე კი, აქტიური ბავშვი ვიყავი. 16 წელი ვცეკვავდი, ვცურავდი, ფეხბურთსა და კალათბურთს ვთამაშობდი.
ბავშვობაში ჩემთვის ამოუცნობი იყო... ჩემთვის ამოუცნობი იყო „მე-9 ბლოკის“ მნიშვნელობა. ვფიქრობდი, გავიზრდები და ამ „მე-9 ბლოკს“ შევაკეთებ-მეთქი.
ჩემი საყვარელი ზღაპარი... ზღაპრებზე ერთ ისტორიას მოვყვები. ლვოვში ივან ფრანკოს სახელობის უნივერსიტეტში ძალიან მაგარი მასწავლებელი მყავდა - ქალბატონი ლესია. ერთხელაც მითხრა: ერთი ქართული ზღაპარი შენ მომიყევი, ორს მე მოგიყვებიო. მომიყვა ორი ზღაპარი მელიასა და დათვზე, რომლებიც ტყეში ცხოვრობდნენ და ასე შემდეგ... მოკლედ, ზღაპარი ბედნიერად მთავრდება. როდესაც მე დავიწყე ზღაპრის მოყოლა, მივხვდი, რომ ყველა ქართულ ზღაპარში ძალადობაა: ორი ბარტყი გადმოაგდო... ნაცარქექიამ სადგისი ურტყა... კომბლემ დრუზა და დრუზა... მერე ქალბატონმა ლესიამ მითხრა, ახლა გასაგებია, რატომ გაქვთ ქართველებს ასეთი ხასიათიო. არ მიყვარს ზღაპრები ძალადობაზე. მახსოვს, თურქმენულ, ამერიკულ ზღაპრებს ვკითხულობდი. ძალიან მიყვარს ზღაპრები ხელმწიფეებზე. ასევე, დღემდე მიყვარს ისტორიული და დოკუმენტური ფილმები.
ჩემი საყვარელი წიგნი... ბულგაკოვის „ძაღლის გული“. ასევე, „ჰარი პოტერი“. რაც ბავშვობაში არ წამიკითხავს, ახლა ვკითხულობ - მაგალითად, „პეპი გრძელი წინდას“ და ძალიან მომწონს (იცინის).
ბავშვობის სიყვარული... სულ პირველად გოგო საბავშვო ბაღში მომეწონა... მერე უკვე სკოლაში. საერთოდ, ბევრჯერ არ მყვარებია. „დავინახე და შემიყვარდა“ - არც ამის მჯერა.
ოთო ნემსაძე დედასთან და მამასთან ერთად
ოთო სიმღერა „ძია პოლიციელის“ შესრულებისას
ძმები ოთო და ბესო ნემსაძეები