სადაზღვევო კომპანია „არდის“ დირექტორ მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, კომპანიისთვის დიდი პატივია, იყოს ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ პარტნიორი და მზღვეველი.
„სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის სახით საქართველოს ჰყავს სუპერვარსკვლავები, რომლებიც მსოფლიო დონის მეგა ვარსკვლავებს არ ჩამოუვარდებიან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ, თუ მსოფლიოში ასეთი ვარსკვლავების პროფესიული ტალანტი დაზღვეულია, საქართველოშიც უნდა ისარგებლონ მსგავსი უნიკალური მომსახურებით. გვჯერა, რომ ამ ნოვატორული პრეცედენტით „არდი“ შექმნის ახალ ისტორიას თანამედროვე სადაზღვევო ინდუსტრიაში“, - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.
„არდის“ დირექტორის თქმით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი განვითარებადია და ერთგვაროვნებით გამოირჩევა, „არდის“ მიერ შეთავაზებული უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტი კი, ზოგადად, ბაზრის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
ნინო სუხიშვილის თქმით, „არდისთან“ გაფორმებული მემორანდუმი დასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დასის ხელმძღვანელის განმარტებით, პროფესიული ტრავმები საკმაოდ ხშირია და მოცეკვავეების დაზღვევა აუცილებელია.
„მსოფლიოში ცნობილი ადამიანები იზღვევენ ხელებს, ფეხებს, რაც მათ უნიკალურ ნიჭს განაპირობებს, ეს ცნობილი ფაქტია და მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც მოხდა მსგავსი პრეცედენტი. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კარგ შედეგს გამოიღებს“, - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
„არდის“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თეონა გოდერიძის განმარტებით, დაზღვევა ვრცელდება დასის ყველა წევრზე, მათ შორის - მუსიკოსებზეც.
„ჩვენ შეგნებულად არ გამოვყავით გარკვეული ნაწილი, ვინაიდან სუხიშვილების გენია არის ერთ მთლიანობაში. ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას, რომ ქართული ხელოვნების ისეთი საგანძური, როგორიც „სუხიშვილების“ დასია, საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების დასაზღვევად კომპანია „არდის“ ირჩევს“, - აღნიშნა თეონა გოდერიძემ.
სპეციალურად ამ მოვლენისთვის დამზადებული ოქროს პერგამენტიანი სადაზღვევო პოლისი, რომლის ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 1 მილიონი ლარია, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის შენობაში განსაკუთრებულ, დაცულ ადგილას განთავსდა.