- ლელა, რა სპეციალობის ხართ და რას საქმიანობდით, სანამ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მოხვდებოდით?
- დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ფაკულტეტი, თუმცა ჩემი სპეციალობით მხოლოდ 2 წელი ვიმუშავე, რადგან მაშინ ეს არცთუ მოთხოვნადი პროფესია იყო. ამის შემდეგ ცოტა ხანი გაყიდვების მენეჯერი ვიყავი კერძო ბიზნესში, ადამიანურ ურთიერთობებსა და მართვის ფსიქოლოგიაზე ლექციებსაც ვკითხულობდი... შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დადგა ხანგრძლივი უმუშევრობის პერიოდი - სამსახურს ვეღარ ვშოულობდი. იმის გამო, რომ უკვე 40 წლის ვიყავი, ყველგან უარს მეუბნებოდნენ.
- „ჯიპიაი ჰოლდინგში“ როგორ მოხვდით?
- სამუშაოს მაძიებელთათვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე WORKNET-ზე ვიყავი დარეგისტრირებული, თუმცა ეს იმდენი ხნის წინათ იყო, რომ ამ საიტის პაროლიც კი დავიწყებული მქონდა. 2016 წლის აპრილში WORKNET-დან დამირეკეს და „ჯიპიაის“ დასაქმების ფორუმზე მისვლა შემომთავაზეს. იმ დროს მამა მყავდა ავად და იმდენად ცუდ ხასიათზე ვიყავი, რომ არანაირ სამუშაოზე არ მინდოდა ფიქრი, თან მცდარი წარმოდგენა მქონდა სადაზღვევო კომპანიებზე - მეგონა, გაყიდვების სპეციალისტს მთელი დღე ქუჩა-ქუჩა უნდა ევლო... ამიტომ, რომ არა მამაჩემის დაჟინებული თხოვნა, ფორუმზე წასვლას არც ვიფიქრებდი.
- რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ მუშაობის დასაწყებად?
- სულ რამდენიმე ეტაპი იყო - ჯერ ფორუმზე გამოვცხადდი, ორი კვირის შემდეგ გასაუბრება გავიარე კლინიკა „კურაციოში“. ეს ეტაპიც გადავლახე და ზუსტად 1-ელ ივლისს დავიწყე მუშაობა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“.
- რა სირთულეები შეგხვდა ამ სფეროში?
- ამ სისტემაზე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ „ჯიპიაიში“ მოსვლის შემდეგ გავიარე ტრენინგები სასწავლო ცენტრში. მართალია, სამუშაო მარტივი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა... დღის განმავლობაში მაქვს საინტერესო შეხვედრები და ზუსტად ეს მხიბლავს - ადამიანებთან ურთიერთობა. აქ იმდენად მეგობრული გარემოა, რომ თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ... ჩემთვის ამ კომპანიაში ყველაფერი მისაღებია... ასე რომ არ იყოს, აქ მუშაობას ვერ შევძლებდი. ზოგადად, ძალიან ცვალებადი ბუნება მაქვს და მალე მბეზრდება ყველაფერი, მაგრამ ეს არის სამსახური, სადაც, ვიცი, ბოლომდე დავრჩები.