ითანის მამა და გრეგორი პეკის ვაჟი სტივენ პეკი U.S.VETS-ში (აშშ-ს ვეტერანთა ინიციატივა) ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოსტს იკავებს, დედა - ფრანსინა მატარაცო ცნობილი მხატვარია. ითანს ჰყავს და - მწერალი მარისა მატარაცო.
სწავლობდა ჰოლივუდის პრესტიჟულ კერძო სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა. პროფესიონალურ დონეზე უკრავს ვიოლონჩელოზე და წარმატებები ჰქონდა სპორტში, კერძოდ - მსუბუქ მძლეოსნობაში.
პირველი როლი ითამაშა ამერიკულ კომედიურ სერიალში The Drew Carey Show, რომელიც ამერიკის ტელეეკრანებზე 1995-2004 წლებში გადიოდა. მას შემდეგ აქტიურად არის დაკავებული როგორც სატელევიზიო შოუებსა თუ სერიალებში, ასევე მხატვრულ ფილმებში.
2009 წელს მიიღო ჯილდო „საუკეთესო მსახიობი“, როლისთვის მხატვრულ ფილმში, სახელწოდებით „Adopt a Sailor“.
ქართველ მაყურებელს კი ითანი შესაძლოა, ახსოვდეს ფილმიდან „მძინარე მზეთუნახავის წყევლა“ / The Curse of Sleeping Beauty (2016), რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ კინოსაიტებზე.
დღეს ითანი 31 წლისაა. მართალია, ითანის ასაკში მისი ლეგენდარული ბაბუა უკვე ოქროს გლობუსის მფლობელი იყო, რომელიც მიენიჭა როგორც საუკეთესო დრამატულ მსახიობ კაცს, ფილმისთვის „ნუკრი“ / The Yearling. 1946 (საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ოსკარი მიიღო 1962 წელს, ფილმში „ნუ მოკლავ ჯაფარას“ შესრულებული ატიკუს ფინჩის როლისთვის), თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ამ სიმპათიურ, საოცარი ხმის ტემბრისა და კარგი გენების მქონე ბიჭს ყველაფერი წინ აქვს.