კრიპტოვალუტის, ანუ ელექტრონული ფულის შესახებ, ალბათ, ბევრს გსმენიათ. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა - ბიტკოინი მსოფლიო სავალუტო სისტემისგან სრულიად დამოუკიდებელია და მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს.
ჩვეულებრივი ვალუტა ოქროზე ან ვერცხლზეა დაფუძნებული, მაგრამ ბიტკოინი არ ეფუძნება ოქროს; ის ეფუძნება მათემატიკას. ადამიანები იყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ხსნის მათემატიკურ ფორმულას, რათა აწარმოოს ბიტკოინი. მათემატიკური ფორმულა თავისუფლად ხელმისაწვდომია. ასე რომ, ყველას შეუძლია მისი ნახვა.
არსებობს ბიტკოინის პროტოკოლი – წესები, რომლებიც განაპირობებს ბიტკოინის მუშაობას და, მათ შორის, ზღუდავს უსაზღვრო რაოდენობით ბიტკოინის წარმოებას.
ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა უცნობია, თუმცა, ერთი ვერსიით, ეს ადამიანი სატოში ნაკამატო გახლავთ.
პირველი ბიტკოინი 2009 წლის იანვარში გამოჩნდა და მისი კურსი იმავე წლის 5 ოქტომბერს განისაზღვრა. იმ დროს 1 დოლარით 1309,03 ბიტკოინის შეძენა შეიძლებოდა.
დღევანდელი (2017/5/12) მონაცემებით კი, ერთი ბიტკოინი 12 ათას დოლარამდე ღირს!
მსოფლიოს ბიტკოინის მიმართ ინტერესი 2011 წლის აპრილში გაუჩნდა, როცა ჟურნალმა Forbes-მა კრიპტოვალუტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
ბიტკოინ მილიონერების ზუსტი რაოდენობა და მათ ანგარიშზე არსებული კრიპტოვალუტის მოცულობის გაგება შეუძლებელია, რადგან, მართალია, ბიტკოინ მისამართები საჯაროა, მაგრამ მათი მფლობელების შესახებ ინფორმაცია დახურულია.
ახლახან პორტალმა Money Morning ბიტკოინ მილიონერების სია შეადგინა. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. კემერონ და ტაილერ ვინკლევოსები
ტყუპი ძმები დღეს კრიპტოვალუტის ბაზარზე წამყვან მოთამაშეებად ითვლებიან, მსოფლიომ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, რაც მარკ ცუკერბერგს ფეისბუკის იდეის მოპარვის გამო სასამართლოში უჩივლეს და 65 მლნ დოლარი მიიღეს. 2013 წელს ძმებმა ფულის ნაწილი 1,5 მლნ btc იყიდეს. მალე ინვესტიცია, რომელიც $11 მილიონად იყო შეფასებული 31 000%-ით გაიზარდა. ძმებმა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბიტკოინ-ბირჟა Gemini აამუშავეს.
2. ტონი გალიპი
სერვის BitPay-ს დამაარსებელი, რომელმაც 2013 წლის 27 დეკემბერს აზიელ მილიარდერ ლი კაშინისგან დამატებითი ვენჩურული ინვესტირება მიიღო. მას კვლაც სჯერა კრიპტოვალუტის ნათელი მომავლის და დარწმუნებულია, რომ მისი სერვისი PayPal-ს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.
3. როჯერ ვერი
როჯერ ვერი ბიტკოინების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერია. მას ბიტკოინების ღმერთსაც კი უწოდებენ. ჯერ კიდევ 2011 წელს, როცა btc მხოლოდ $10 ღირდა, ის სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კრიპტოვალუტა ყველა სხვა აქტივებს 100-ჯერ გაასწრებდა. 2013 წლის ბოლოს 1 btc ფასი 1004-დან $1200-მდე გაიზარდა, რამაც ვერის პროგნოზი დაადასტურა. ამჟამად, როჯერ ვერი პოპულარული საიტის Bitcoin.com-ის გენერალური დირექტორი გახლავთ.
4. ჩარლი შრემი
შრემიც ბიტკოინების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი გახლავთ. 2011 წელს, როცა ერთი ბიტკოინი 3 დოლარი ღირდა, შრემმა 500 კრიპტოვალუტა შეიძინა და ბირჟა BitInstant შექმნა, რომელსაც ამერიკაში ბიტკოინებით ვაჭრობის 70 000 წერტილი ეკუთვნის. 2015 წელს შრემის ქონება 45 მლნ დოლარით გაიზარდა. ამჟამად, ის საკუთარ ბირჟაზე ბიზნესის განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
5. ჯერედ კენა
მას 2010 წელს უცნაური რამ შეემთხვა - დააფორმატა მყარი დისკი და შემთხვევით წაშალა 800 ბიტკოინი, მაგრამ ძალიანაც არ უნაღვლია. უკვე მაშინ ის ბიტკოინებს 5000-ცალიან პარტიებად ყიდულობდა. რამდენი კრიპტოვალუტა აქვს მას დღეს, ზუსტად არავინ იცის. თავად მულტიმილიონერი კი ამ თემაზე საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებს.
BitInfoCharts.com-ის ინფორმაციით, დღეისთვის არსებულ ბიტკოინ მისამართებზე 4300-ზე მეტი 400 და მეტ ბიტკოინს შეიცავს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ადამიანს შეიძლება რამდენიმე btc მისამართი ჰქონდეს, ბიტკოინ მილიონერების რაოდენობა 4300-ზე ნაკლები უნდა იყოს.