- როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის წარმოება და რა იყო პირველი ნაბიჯები?
- ცოტა შორიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ მოტივირებული და წარმატებაზე ორიენტირებული ბავშვობიდან ვარ. დავიბადე და გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც ექიმობა თუ წამლის დამზადება ოჯახური ტრადიცია იყო, რაც მე უნდა გამეგრძელებინა და შემენარჩუნებინა. ბიზნესის წარმოებაში ჩემი პირველი ნაბიჯები სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს უკავშირდება, როცა, მამასთან ერთად, პირის ღრუს მოვლის საშუალების „სუპერ დენტოლაინის“ წარმოება დავიწყე. საქმიანობას დღემდე ერთად ვაგრძელებთ, რისთვისაც მას საჯარო მადლობას ვუხდი. პირველ პრეპარატს სხვა მედიკამენტებიც მოჰყვა, რომლებსაც ექიმები დღემდე აქტიურად უნიშნავენ პაციენტებს.
- დღეს რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი?
- ფარმაცევტული-სამედიცინო ბიზნესი ყველა ეტაპზე განვითარებადია. ერთი პროექტის დასრულების შემდეგ მეორე იწყება და ეს პროცესი ასე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
- რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი საქმეში?
- ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უკვე პრიორიტეტია, მაგრამ შენ მიერ შექმნილი მედიკამენტის ფორმულას რომ სთავაზობ და ზრუნავ მათ ჯანმრთელობაზე ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, ამაზე დიდი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობა სხვა არაფერი მგონია.
- საწარმოში რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?
- დღეს 15 თანამშრომელი მყავს, თუმცა უახლოეს მომავალში ახალი კადრების დამატებას ვგეგმავ, რადგან ჩვენს პრეპარატებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.
- რა არის თქვენი მთავარი გეგმა ფორსმაჟორში?
- ბიზნესის მართვას, ლოგიკურ და რაციონალურ აზროვნებასთან ერთად, ინტუიციური მიდგომაც სჭირდება. როცა რამეს ვგეგმავ, ამ დროს რისკების გათვლა მჩვევია, მაგრამ ბიზნესს თავისი წესები და ხასიათი აქვს - ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიქმნას ფორსმაჟორი და იმ რეჟიმზე გადაწყობა მოგიწიოს, რომელიც ბიზნესპროექტმა იმ მოცემულობაში შემოგთავაზა. ამ შემთხვევაში სწორედ ინტუიცია, ემოციების მართვა და ლავირების უნარი მეხმარება, სწრაფად მივიღო ადეკვატური გადაწყვეტილებები.
- რა არის თქვენი უახლოესი გეგმები?
- გამუდმებით ახლის ძიებაში ვარ და შესაბამისად, გეგმები სულ მაქვს, რომლებსაც ეტაპობრივად ვახორციელებ. ამჟამად ახალი პრეპარატის, „დოქტორ ღლონტის დამწვრობის მალამოს“ რეგისტრაცია დავასრულე, რომელსაც სააფთიაქო ქსელისთვის წარმოებაში წლის ბოლომდე ჩავუშვებ და ახალი მედიკამენტების ექსპორტსაც მივმართავ.