ახალგაზრდა ბიზნესმენმა ჯერ საახალწლო სათამაშოების ფაბრიკა ააშენა, შემდეგ კი Galleria Minsk-ის სავაჭრო ცენტრში ნაძვის ხის სათამაშოების მუზეუმი გახსნა, სადაც 800 000 დოლარის ღირებულების ექსპონატები განათავსა.
ანდრეის თქმით, მას ნაძვის ხის სათამაშოები ბავშვობიდან მოსწონდა, ამიტომაც სკოლაში სწავლის დროიდან მათი შეგროვება დაიწყო.
„2014 წელს ძმასთან ერთად მუზეუმის გახსნის იდეა მომივიდა. პირველი გამოფენა ისტორიის მუზეუმში გვქონდა, სადაც 30 000 დამთვალიერებელი მოვიდა. ჩვენი წამოწყების მიმართ ასეთ ინტერესს არ ველოდით და ძალიან გაკვირვებულები დავრჩით“, - იხსენებს ბეგუნი.
2017 წელს ბიზნესმენმა თავისი მუზეუმის სავაჭრო ცენტრში განთავსება გადაწყვიტა, სადაც დამატებითი დეკორაცია და ფოტოზონები განათავსა, რომ მეტი მნახველი მიეზიდა.
ამჟამად მუზეუმში თითქმის მილიონი დოლარის ღირებულების 1000-ზე მეტი ექსპონატია განთავსებული. მათ შორის ნახავთ როგორც საბჭოთა პერიოდის, ისე სხვადასხვა კონტინენტიდან ჩატანილ სათამაშოებს: ავსტრალიიდან - ორნამენტებით დამშვენებული აბორიგენების ქანდაკებებს, უგანდიდან - ბანანის ხის ფოთლისგან დამზადებულ სათამაშოებს, რომის პაპისთვის ნაჩუქარი ბურთის ასლს, სათამაშოებს, რომლებიც ვენის სამეფო სასახლეში ბალ-მასკარადებს ამშვენებდნენ და ა.შ.
ანდრეის თქმით, კოლექციის არც ერთი სათამაშო ებაიზე არ უყიდია და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობიდან ჩამოიტანა.
„ვიღაცას მოგზაურობიდან სახსოვრად მაგნიტები ჩამოაქვს, მე კი მხოლოდ ნაძვის ხის სათამაშოებს ვეძებ. 52 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ყველა ბაზრობა და ანტიკვარული ნივთების მაღაზია შემოვლილი მაქვს და რამდენიმე ათასი ექსპონატი შევაგროვე, რომელიც მუზეუმში გამოვფინე. სხვათა შორის, ეს ბელარუსში და შესაძლოა, მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენაა. ჩემს კოლექციას მილიონ დოლარადაც არ დავთმობ. ხუთ მილიონად შეიძლება გავყიდო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მეცოდინება, სად შეიძლება მათი ყიდვა“, - ამბობს ბიზნესმენი.